ია ფარულავა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორის და მხატვრის ოთარ ფარულავას ოჯახში დაიბადა. სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო, და რეჟისორ თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ ობოლი გოგონას, თიკოს როლი ითამაშა. დიდი პოპულარობა მოუტანა ფილმებმა „ფესვები“ და "სპირალი".
1984 წელს ია ფარულავამ სწავლა დაიწყო თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, გამოჩენილი პედაგოგის და რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმ წლებში მისაღებ და სადიპლომო გამოცდებზე მხოლოდ ერთი ხუთიანი დაიწერა, მიშა თუმანიშვილის მიერ უმაღლესი შეფასება მხოლოდ ია ფარულავამ მიიღო.
90-იანი წლების დასაწყისში ია ფარულავა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ლოს-ანჯელესში ია რუსული წარმომავლობის მქონე ცნობილ თეატრალურ მოღვაწესთან გეორგ ჟდანოვთან გადიოდა სამსახიობო მასტერკლასებს.
აშშ-ში ცხოვრებისას იგი მრავალ მუსიკალურ კლიპში, სარეკლამო რგოლსა და დაბალბიუჯეტიან ფილმში გადაიღეს.
ცნობილი ფაქტია, რომ ია სტივენ სპილბერგის ფილმის, “შინდლერის სიის“ შესარჩევ კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, სადაც იგი ნაცისტი გენერლის ებრაელი მოსამსახურის, ჰელენ ჰირშის როლზე განიხილებოდა, მაგრამ სტივენ სპილბერგმა იგი ზედმეტად ლამაზად მიიჩნია, შესაბამისად, როლი ამერიკელ მსახიობს, ემბეტ დევიდს ერგო.
ცნობილი ფაქტია, რომ ია სტივენ სპილბერგის ფილმის, “შინდლერის სიის“ შესარჩევ კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, სადაც იგი ნაცისტი გენერლის ებრაელი მოსამსახურის, ჰელენ ჰირშის როლზე განიხილებოდა, მაგრამ სტივენ სპილბერგმა იგი ზედმეტად ლამაზად მიიჩნია, შესაბამისად, როლი ამერიკელ მსახიობს, ემბეტ დევიდს ერგო.
ია ფარულავასა და ოსკაროსანი მსახიობის, რობერტ დე ნიროს შეხვედრის ისტორია საქართველოში დღემდე პოპულარულია. 1987 წელს გამართულ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამერიკელმა მსახიობმა დაჯილდოების ყველაზე ლამაზ ქალად ია ფარულავა დაასახელა.
" ერთი პატარა მაგიდა გვქონდა ქართველ გოგონებს და ვისხედით ჩვენთვის და ამ საფესტივალო წვეულებაზე დე ნირო აიყვანეს სცენაზე. იყო ასეთი ნომერი - ავირჩიოთ ფესტივალის ყველაზე ლამაზი ქალი. რუსებს უკვე გამზადებული ჰყავდათ იმ დროისთვის ცნობილი რუსი მსახიობები გასამარჯვებლად. მახსოვს, ერთ-ერთი მათგანი იყო ლუბოვ პალიშუკი, რუსი მსახიობი, უკვე გამზადებული რუსული ეწ. კოკოშნიკით და პურით და მარილით ხელში და მასთან ერთად კიდევ ერთი მსახიობი. ამ დროს დე ნირომ განაცხადა ასეთი რაღაც: ესენი, ფესტივალის ხელმძღვანელები, მეუბნებიან, რომ ამ ქალებიდან აირჩიე ერთ -ერთიო და მე არც ერთი გოგონა არ მომწონს აქედან. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს გოგო მომწონს და ამას ვირჩევო და ხელი ჩემკენ გამოიშვირა. მე, რა თქმა უნდა, დავიბენი, არ ვიცოდი, რა მექნა. გოგონები ხელს მკრავდნენ, ადი სცენაზეო. როგორ ავედი სცენაზე, არ მახსოვს. დე ნირომ თქვა, იას ვირჩევ ყველაზე ლამაზ ქალად კინოფესტივალისო. იქ ძალიან ბევრი დაიბოღმა, იმ ქალებს ფერი აღარ ედოთ სახეზე. მახსოვს, პალიშუკს პური და მარილი ლამის გაუვარდა ხელიდან სიბრაზისგან... " - ია ფარულავა.
ია ფარულავა იხსენებდა, რომ დე ნიროსთან მეგობრობა ჰოლივუდში ცხოვრების დროსაც გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე მათი ურთიერთობა დასრულებულია. როგორც ცნობილია, ერთხელ დე ნირო ნიუ-იორკში ლიფტში ქართველ გოგონასთან ერთად გაიჭედა. რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ მსახიობი უცნობს გამოელაპარაკა და როცა გაიგო, რომ გოგონა ქართველი იყო, ასეთი პასუხი გასცა: საქართველოში მეგობარი მყავს, ძალიან მაგარი გოგოა ია ფარულავაო.
მსახიობი სამჯერ იყო გათხოვილი. პირველი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო, ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა.
"ამაზე ხშირად მისაუბრია, რომ ჩემი მრავალი ქორწინებებიდან, პირველი ქორწინება როდესაც 17 წლის ვიყავი ძალადობებით სავსე იყო. ჩემი პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი, ცოტას მეც ვურტყამდი. დახმარება არავისთვის მითხოვია, მრცხვენოდა მეთქვა ჩემი ოჯახის წევრებისთვის.
1984 წელი იყო, წარმოიდგინეთ ასეთი სცენა - მომდევს მოძალადე, რომ მცემოს, შევრბივარ იტალიურ ეზოში, ქალს ვეხვეწები, შემიშვით და იმ ქალმა კარი არ გამიღო.
ყველას ძალიან უყვართ ჩემი მონაწილეობით ფილმი "ფესვები", იცით, რატომ არის იქ ღამის სცენა, იცით, რატომ არის ღამე? ღამე ჩუმად გავიპარე რომ ეს სცენა გადამეღო. როდესაც გაიგო ამ ფილმის შესახებ, მაგრად მჟეჟა. ხშირად ქალებს ეს მოძალადეები უყვართ. მერე ეს მოძალადე ისეთი მანიპულატორია, რომ გაცოდებს თავს, თავისი ფაზები აქვს ამასაც, დაძაბულობის შემოტანით, აფეთქებით, მერე დათბობით და მეოთხე ფაზაა, საჩუქრები. ხშირად იმიტომ არ მოდიან ეს ქალები რომ უყვართ" - ამბობდა მსახიობი.
ია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან, ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ. 2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა.