"გარდაიცვალა მამაჩემი... პანაშვიდი ხვალ, ზეგ, ვაკის სამება, 5 საათიდან... დაკრძალვა - სამშაბათს... ისევ ვაკის სამებიდან, 2 საათი... ქელეხი არ იქნება..." - წერს ნანიკო ხაზარაძე.
ნანიკო ხაზარაძის მამას, ყველასთვის საყვარელ მეცნიერ დათო ხაზარაძეს, დემენცის დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დაუსვეს. დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნანიკომ მამის სპეციალურ ჰოსპისში მიჰყავანა გადაწყვიტა, სადაც ის შესაბამის ზრუნვას იღებდა და ჰქონდა ყველა პირობა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. ნანიკო მამას ხშირად სტუმრობდა და მასთან ერთად გადაღებულ კადრებსაც აქვეყნებდა. მიუხედავად ამისა, ტელეწამყვანს აგრესიული კომენტარების მოსმენა მაინც მოუწია, მათ შორის, ახლობლებისა და ნათესავებისგანაც. თავად კი არაერთხელ განმარტა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და აღნიშნავდა, რომ ეს არ ნიშნავს მშობლის მიტოვებას, პირიქით, მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა აუცილებელია.
"ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, აგონიაში ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. ამის შემდეგ დავწერე ვრცელი პოსტი და ამას მოჰყვა საშინელი ტალღა ჩემი ნათესავების. ზოგმა ჩემი ფოტო გამოდო წარწერით, რომ ნანიკომ მამა გადააგდო, ჩააბარა, ჩვენ წამოვიყვანთ მას და არ დავუტოვებთო. ამის შემდეგ მივმართე სოციალურ სააგენტოს და მომანიჭეს მხარდამჭერის სტატუსი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მე მამას ვეღარავინ წამართმევდა.
გავიდა დრო და მივხვდი, რომ მამასთან ერთად პანსიონატში ზუსტად იმ ოჯახის ნათესავები იყვნენ, ვინც მე მლანძღავდნენ. ახლაც ვთვლი, რომ ძალიან სწორედ მოვიქეცი. ხელმეორედ რომ ეს ვითარება გაჩნდეს, მე ისევ ასე მოვიქცევი.
მამა ნელ-ნელა დამძიმდა, მომვლელი კი ჰყავდა, ვცდილობდით კომფორტულად ეცხოვრა, მაგრამ არ გამოვიდა. გაუსაძლისი იყო მართლა ყოფა. სახლიდან ყველაფერი გავიტანე, რაც მამასთვის საშიში იყო. ბოლოს გასაღებიც წავართვი და გამოვკეტე ადამიანი. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ამ დროს მე დავიწყე ძებნა ამ ტიპის სახლების. ჩვენ მდიდარი ფანტაზია გვაქვს და ჩვენი წარმოდგენები არის ის, რაც ვიცით. მე ასეთ სახლებში ბევრად კარგ პირობებს ველოდი. ჩვენი ქვეყანა ამ პირობებს არ აკმაყოფილებს. თუმცა ძალიან კარგ სახლშია მამა, მაგრამ მე მაინც სხვა წარმოდგენა მქონდა ამ ყველაფერზე.
როდესაც მივიყვანე, დამძაბა იმ გარემომ, რაც დამხვდა. ძალიან კარგად მიიღეს მამა და იქ ის ძალიან დამშვიდდა. იქიდან არც ერთხელ არ გაქცეულა და მივხვდი, რომ ეს ის არის, სადაც არის მამა. ყველაზე მძიმე არის ის, რომ მე ვიცი, მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს.
როცა მამა იქ წავიყვანე, თავიდან ერთი კვირა, ვერაფერს ვგრძნობდი. ჩემი ტელეფონი გაჩერდა, ანუ დღეში ათასი ზარი არ შემოდიოდა, რომელიც მთხოვდა, გახარია გამეყვანა სახლიდან, ან მეუბნებოდა, რომ ია ფარულავა იყო სახლში, რადგან მას ტელევიზიით ხედავდა და ასე შემდეგ… შემდეგ იყო ის, რომ იმოქმედა საზოგადოებრივმა აზრმა. ჩემს შეგრძნებებზე ეს მაინც მოქმედებდა. ახლაც ძალიან მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ვიცი, მამამ იქ უნდა დაასრულოს სიცოცხლე", - საუბრობდა ნანიკო "რადიო თავისუფლებასთან
საქართველოში გთხოვენ, რომ შენი თავი მშობელს შესწირო და თუ არ შესწირავ, მაშინ არარაობა ხარ. არავის ისე არ უნდა მამაჩემის კარგად ყოფნა, როგორც მე, ის ჩემზე უფრო არავის არ უყვარს. რაც ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი დავიწყე, დღეში ბევრი ადამიანი მწერს... რჩევას მეკითხებიან... გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. ამ თემაზე ცალსახად ჩამოყალიბებული პოზიცია მეც არ მაქვს... ყველაზე ცუდი იმის ცოდნაა, როცა გააზრებული მაქვს, რომ მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს. მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. სულ ვფიქრობ, რომ საკმარის დროს ვერ ვუთმობ" - ამბობდა ნანიკო ხაზარაძე.