ნანუკა გოგიჩაიშვილს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ყველასთვის, განსაკუთრებით, პატარებისთვის საყვარელი "გოგიჩასა" და ჟურნალისტ ნათია ბანძელაძის შვილია. ნანუკამ სამოდელო კარიერა აირჩია და ამ სფეროში თავადაც წარმატებულია. რამდენიმე წლის წინ კი მან ცხოვრება ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიას დაუკავშირა. წყვილი შვილთან, აივი-ნიკოლთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა სამშობლოსაც ხშირად სტუმრობს.
ამჯერად ნანუკა მამის, გოგიჩას საფლავზე გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და მეგობრებს ემოციურ ამბავს უზიარებს: "მამა, უდიდესი ბედნიერება ხარ, მადლობა. რომ ყველგან გვწვდები.
ამ ადგილას მწვანე ბალახი ამოდიოდა გულის ფორმად, მერე დედა უნარჩუნებდა ფორმას და ასე მარადმწვანე გული იყო წლების მანძილზე, დღეს კი ამგვარად აფეთქებული დაახვედრა დედას", - წერს ნანუკა.
გიორგი გოგიჩაიშვილის ოჯახი
ნათია ბანძელაძე ყველასთვის საყვარელი ტელესახის, გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლეა. გიორგი გოგიჩაიშვილი 1968 წლის 28 აპრილს თბილისში დაიბადა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, იოსებ გოგიჩაიშვილის და რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნანა დათუნაშვილის ოჯახში. საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სივრცეში, უმეტესწილად შემეცნებით-გასართობ პროექტებში მოღვაწეობით. სხვადასხვა დროს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია "იმედის", "რუსთავი 2"-ის და სხვა ტელერადიოკომპანიების თანამშრომელი. სხვადასხვა შოუს პარალელურად, რეგულარულად იყო ჩართული საბავშვო-საყმაწვილო სტუდია "ბასტი-ბუბუს" პროექტებში, როგორც სატელევიზიო სახე, ასევე, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი.
გიორგის მეუღლე ნათია ბანძელაძეს 2010-2012 წლებში პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. წყვილს ორი შვილი, ნანუკა და ნინი ჰყავს. ორივე მათგანი მოდელია, ნანუკა "ვიცე-მის საქართველო 2015"-ის, ნინი კი "მის-საქართველო 2018"-ის ტიტულის მფლობელია.
გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა, სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ.