"უკვე მერამდენე კარგ ადამიანს ისტუმრებენ ხოლმე ცოცხლად იმიერში" - მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალება ცრუ ინფორმაცია იყო - Marao

"უკვე მერამდენე კარგ ადამიანს ისტუმრებენ ხოლმე ცოცხლად იმიერში" - მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალება ცრუ ინფორმაცია იყო

2024-04-29 12:07:47+04:00

"დღეს, დილას, მესენჯერით დავუკავშირდი. კარგადაა და მალე ჩამოვა თბილისში. თურქეთში მორიგ პროცედურას გადის, ეგ არის და ეგ" - უთხრა მსახიობ ტრისტან სარალიძის ახლობელმა "რადიო ფორტუნას". მანამდე კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გარდაიცვალა. ვრცელ პოსტს ამის შესახებ ბესო ჩუბინიძე აქვეყნებდა, მოგვიანებით კი მან ინფორმაცია წაშალა და დაწერა, რომ ტრისტან სარალიძე ცოცხალია: 

"ტრისტან სარალიძეს გარდაცვალება არ დადასტურდა. „გიგილო“ მკურნალობას განაგრძობს თურქეთში. ღმერთო, დაეხმარე და გამოაჯანმრთელე. უკვე მერამდენე კარგ ადამიანს ისტუმრებენ ხოლმე ცოცხლად იმიერში, რა" - წერს ის. 

"ტრისტან სარალიძე ცოცხალია. ეს წუთია ვესაუბრე, ჩემი ვარსკვლავი ძამიკო კარგადაა და ყოველთვის კარგად იქნება. გრცხვენოდეთ, ცრუ ინფრომაციასა და ბოროტებას რომ ავრცელებთ. იხარე, ჩემო ძამიკო. შენს დაბადების დღეს ველოდები, აღდგომასაა, უნდა ვიქეიფოთ. ჰოპლა, ჩვენ ცოცხლები ვართ!" – წერს ელისო პაჭკორია.

ტრისტან სარალიძე 

დაიბადა ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში.რუსთაველის თეატრის მსახიობია 1980 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: ჯამბაზი ( „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ ), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა ( „მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ ), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო ( „კაცია ადამიანი“ ), ჯარისკაცი ( „მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული ( „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ ), ლადო ( „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“ ). 2010 წელს მიენიჭა ქ. ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.

გადაღებულია ფილმებში:

“ბეღურების გადაფრენა” (რეჟისორი – თ. ბაბლუანი), “სიყვარული ყველას უნდა” (რეჟისორი – გ. შენგელაია), “ლომა დავიწყებული მეგობარი” (რეჟისორი – ბ. რაჭველიშვილი), “ბანდიტი აგურის ქარხნიდან” (რეჟისორი – გ. მატარაძე), “მჭედელი” (რეჟისორი – ბ. ჩხეიძე), “მენახირე” (რეჟისორი – ა. შანშიაშვილი), “ადამიანთა სევდა” (რეჟისორი – გ. ჩოხელი), “ყველაზე სწრაფები მსოფლიოში” (რეჟისორი – გ. მატარაძე), “ბატონი ავანტურისტები” (რეჟისორი – ბ. ჩხეიძე), “ხარება და გოგია” (რეჟისორი – გ. შენგელაია), “პეიტარი” (რეჟისორი – ა. შანშიაშვილი), “ჭა” (რეჟისორი – ა. ჩარკვიანი), “ლუიზა” (რეჟისორი – ვ. კვაჭაძე), “გამოცხადება” (რეჟისორი – გ. მატარაძე), “ქველი” (რეჟისორი – ვ. კვაჭაძე), “ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი” (რეჟისორი – რ. ჩხეიძე), “ლოლიტა” (რეჟისორი – რ. გიორგობიანი), “ლუკას სახარება” (რეჟისორი – გ. ჩოხელი), “მარტოობის ორდენის კავალრები” (რეჟისორი – ა. ცაბაძე), “მიჯაჭვული რაინდები” (რეჟისორი – გ. ჩოხელი), “სიყვარული ვენახში” (რეჟისორი – გ. შენგელაია), “ჩემი პირველი სიყვარული (რეჟისორი – ს. ჯაჭვლიანი), “სიყვარული და კარტოფილი” (რეჟისორი – ნ. გიუნაშვილი), “სკამი” (რეჟისორი – ლ. ბზვანელი), “მიდიოდა მატარებელი” (რეჟისორი – გ. შენგელაია), “თედო” (რეჟისორი – ა. შანშიაშვილი), “გარიგება” (რეჟისორი – ზ. კოლელიშვილი), “ნაბრძანებია ცოცხლად შეპყრობა” (რეჟისორი – ვ. ჟივოლუბი), “გაქცევა ქვეყნიერების დასასრულამდე” (რეჟისორი – ა. მაიოროვი), “ლიტვური ტრანზიტი” (რეჟისორი – კუბილასი) და სხვა. მონაწილეა ტელეპროექტისა “სიცილის ზონა”.