გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს არაერთი ცნობილი ქართველი ადამიანი გამოეხმაურა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებში ისინი შსს-ს მიერ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებას გმობენ და "რუსული კანონის" წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებენ:
ნიკოლოზ რაჭველი
ასეთი ეგზისტენციალური პროცესი საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ მახსენდება…
ან გავხდებით ლუკაშენკოს ბელორუსია, ან დემოკრატიული ევროპული მომავლის მქონე განვითარებული სახელმწიფო. მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მადლიერი ვიქნები ყველა იმ ადამიანის, ვინც ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე დგას რუსთაველზე და იცავს ჩემს ქვეყანას, ჩვენს უძვირფასეს სამშობლოს
ნატალია ქუთათელაძე
სამოქალაქო ომამდე, ვფიქრობ, სულ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს. ასეთი კატასტროფული გახლეჩა საზოგადოების, ასეთი ზიზღი და ერთმანეთის ლანძღვა, ნუთუ ღირს ამ დამპალი კანონის მიღებად? ქოცებო, არ გახსოვთ, რა შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც არავის აინტერესებდა თქვენი აზრი? როდესაც უმიზეზოდ ქუჩაში გცემდნენ და გამწარებდნენ? ეტყობა, ყველას ყველაფერი ავიწყდება... ამისთანა რა დავალებაა ასეთი, რომ გიღირთ ამხელა არეულობად? ეს არ დამთავრდება, რაც მეტს გალახავთ, გაამწარებთ და დაარბევთ, მით მეტი წინააღმდეგობა წამოვა. გონს მოეგეთ და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.
ნუ დაგვანგრიეთ თავზე ქვეყანა ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, თუ იქით და თუ აქეთ.და ნურავის ნუ გავიწყდებათ, ვის ემსახურებით!!!
გვანცა დარასელია
მამული, ენა, სარწმუნოება
მამული - 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ
ენა - რუსეთმა კონსტიტუციით აკრძალა ქართული ენა და ოფიციალურ ენად რუსული გამოაცხადა.
სარწმუნოება - რუსეთმა ქართულ ეკლესიას გაუუქმა ავტოკეფალია, აწამა და მოკლა კათოლიკოს-პატრიარქი, მოკლა მღვდლები, აკრძალა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა, დაანგრია ეკლესიები.
სალომე ზურაბიშვილი
მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა. მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძვლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები. ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.სირცხვილია, შენს ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია. სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!