მართლა საღამომდე დარჩა. ასეთი დღე დიდი ხანია, არ ჰქონია. ყველაფრით კმაყოფილი იყო, მეტი არაფერი უნდოდა. ოღონდაც ლექსოსთან განქორწინებას ჩაევლო მშვიდობიანად და სხვას არაფერს ისურვებდა. ასე მოკრძალებულად ცხოვრება მისთვის სრულიად საკმარისი იყო. თუმცა ახლა ლექსოც არ აშინებდა. ბოლოს და ბოლოს, თუ საქმე გამწვავდებოდა, ეტყოდა, მარიკუნა შენი შვილი არ არისო და განზრახვაზე ხელს ააღებინებდა.
მიუხედავად ამისა, ქვეცნობიერად მაინც რაღაცის შიში ჰქონდა. აქეთ იონასთან ურთიერთობის განახლება, იქით ქმართან მოსალოდნელი სკანდალი… არ იცოდა, რომელი საკითხი უფრო მწვავედ დადგებოდა.
იონასთან შეხვედრამ მისი ცხოვრების გეგმები კიდევ ერთხელ შეცვალა. ახლა სიმარტოვე არ ემუქრებოდა. უხაროდა, რომ მამაკაცს ცოლი არ ჰყავდა და ამ კუთხით მაინც არ შემოუტევდა არავინ.
კარგი დრო გაატარეს. როცა ისადილეს, კვლავ საწოლს მიაშურეს და ექვს საათამდე არ ამდგარან. მერე ლიზიმ კიდევ ერთხელ შემოიარა ოთახები. აქ ამას დავდგამ, იქ იმასო, გეგმებს აწყობდა. იონა გულხელდაკრეფილი დაჰყვებოდა ოთახიდან ოთახში და კმაყოფილი იღიმებოდა.
შებინდდა თუ არა, იომ პანსიონის სიახლოვეს ჩამოსვა საყვარელი ქალი და გამომშვიდობებისას კიდევ ერთხელ აკოცა.
- წავედი… და ყველაფრისთვის დიდი მადლობა, - დაიჩურჩულა ქალმა.
- ახალ ბინაში გადასვლა უჩემოდ მოგიწევს, ხომ იცი… მე ვერ გამოვჩნდები. უნდა მაპატიო. - მოუბოდიშა იომ.
- ვიცი და ეს კარგიცაა. ასე მირჩევნია. ბევრი არაფერი მაქვს ისედაც წამოსაღები, მხოლოდ ტანსაცმელი, - გაღიმებულმა ლიზიმ მამაკაცს ცხვირის წვერზე აკოცა. - რამდენიმე დღეში გადავალთ.
- ჰო… და თქვი, რომ ვითომ იქირავე. არ არის საჭირო არაფრის აფიშირება.
- სულელი კი არ ვარ, მაგდენი მესმის, - დაიჯღანა ლიზი, - ბოლოს და ბოლოს, ყოფილი აფერისტი ვარ, ვიცი, სად რა უნდა ვილაპარაკო.
- კარგი, წავედი… მიყვარხარ, ეს არ დაგავიწყდეს.
- მეც მიყვარხარ… - თვალები დახუჭა ქალმა და ისე მიუგო.
- ხომ გეუბნებოდი, ყველაფერი არ გაივლის-მეთქი.
- მეუბნებოდი… მორჩა, წავედი, თორემ დამაგვიანდა.
- მიდი, მიხედე საქმეს, - იომ კიდევ ერთხელ აკოცა და როცა ქალი სირბილით გაუყვა ბილიკს, მანქანა მხოლოდ მაშინ დაქოქა…
სანამ ლიზი პანსიონის ჭიშკარს შეაღებდა, შედგა, რათა სული მოეთქვა. არავის უნდა შეემჩნია, ბედნიერებით რომ იყო აფორიაქებული. ნანკას კაბინეტის ფანჯრებს ახედა. "შეფინია" უკვე წასულიყო სახლში. გაუხარდა. ახლა ნანკასთან შეხვედრა ნამდვილად არ სურდა.
დაღლილი სახე მიიღო და ჰოლში შეაბიჯა. დღეს ლანა იყო მორიგე და როგორც კი ლიზის თვალი მოჰკრა, დაჟინებული შეაცქერდა.
- მშვიდობაა? - შეეკითხა.
- ჰო… - ამოიოხრა ლიზიმ, - სოფელში ვიყავი, ბინას ვეძებდი საქირაოდ.
- უი, გადადიხარ?
- ჰო. მარიკუნა სკოლაში ხომ უნდა წავიდეს და აქედან ვერ ვატარებ.
- ააა, - წარმოთქვა ლანამ ისეთი ტონით, აშკარად ჩანდა, რომ ეს ამბავი ესიამოვნა…
"როგორ გაუხარდა", - გაიფიქრა ლიზიმ და მზიას ნომერს ჩქარი ნაბიჯებით მიაშურა, რათა ბავშვი წამოეყვანა…
ლიზი ახალ სახლში გადავიდა. ლამაზად მოეწყო, ლამაზად და მყუდროდ. მარიკუნას უკვირდა, რა უხაროდა დედას ასე ძლიერ. ისინი ხომ ადრე უკეთეს სახლში ცხოვრობდნენ და მამიკოც მათთან ერთად იყო. სულაც არ მოსწონდა სოფელში ცხოვრება. აქ არც მეტრო იყო და არც სამარშრუტო ტაქსები. მხოლოდ ერთი ავტობუსი დადიოდა და ისიც ჯაყჯაყა. ლიზის ეცინებოდა შვილის ბუზღუნზე, გულში იკრავდა, კოცნიდა და ეუბნებოდა, ცოტაც მოიცადე და თბილისში დავბრუნდებით, მერე კი ყველაფერი ძველებურად იქნებაო.
- მამიკოც ჩვენთან იქნება, დე? - ჰკითხა ერთხელაც.
- არა, მამიკო არ იქნება.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მამიკოს ახლა სხვა დედიკო ჰყავს.
- სხვა დედიკო? შენ მისი დედიკო ხარ?
ლიზის სიცილი აუტყდა.
- არა, მე მისი ცოლი ვარ.
- ესე იგი, სხვა ცოლი ჰყავს.
- ჰო, სხვა ცოლი.
- და რატომ?
- ასე ჩათვალა საჭიროდ და იმიტომ.
- მერე შენ?
- მე შენ მყავხარ და ეს საკმარისია, - ლიზიმ ბავშვს შუბლზე თმა გადაუწია და აკოცა, - მიდი, დროზე გავიქცეთ სკოლაში, თორემ ზარი დაირეკება.
- შენ თუ გაგვიანდება, წადი, დე. მე მარტოც წავალ, რა შორს ეს სკოლაა, ჩვენი სახლიდანაც კი ჩანს.
- არა, მე უნდა მიგაცილო. ასე ჯობია, სანამ შეეჩვევი, მერე კი ვნახოთ.
მარიკუნამ დიდი ქალივით ამოიოხრა, ჩანთა ზურგზე მოიკიდა და დედას დაელოდა. ლიზიმ კარი გასაღებით ჩაკეტა და დაღმართზე შვილთან ერთად დაეშვა…
კარგ ხასიათზე იყო. მარიკუნა სკოლის ჭიშკრამდე მიაცილა და გაჩერებაზე დადგა, ავტობუსს საცაა, უნდა გამოევლო. ახლა ყველაფერი უხაროდა. რაც მთავარია, თავზე ჭერი ჰქონდა, არც სამსახურს უჩიოდა და არც ხელფასს. უფროსი პატივს სცემდა, აფასებდა. მართალია, ქმარი არ გამოადგა, სამაგიეროდ, იონა ჰყავდა, რომელიც მასზე ზრუნავდა. მოვა დრო და ეტყვის, მარიკუნა რომ მისი შვილია, მაგრამ ჯერ არა, ჯერ ადრეა. უნდა, რომ იოს მარიკუნა ისე შეუყვარდეს, როგორც ლიზის შვილი და თუ ყველაფერი კარგად გაგრძელდება, მერე წინ რა დაუდგება? წარმოუდგენია, როგორ გაუხარდება იონას, როცა ამ ამბავს გაიგებს, მით უფრო, რომ შვილი არ ჰყავს. ჰმ… ჰგონია, რომ არ ჰყავს. ამ დროს როგორი დახატული გოგო ჰყავს…
ლიზი ავტობუსში ავიდა და გაღიმებული ფანჯარასთან დაჯდა.
შესული არ იყო პანსიონში, რომ მიმღებიდან ლანამ გამოსძახა, ნანკა გიბარებსო. ახალგაზრდული ნაბიჯებით აირბინა კიბე და "შეფინიას" კაბინეტის კარზე დააკაკუნა.
- მობრძანდით! - გამოსძახა ნანკამ.
ლიზი ოთახში შევიდა და უფროსს მიესალმა.
- დილა მშვიდობის, დილა მშვიდობის! - უფროსისთვის დამახასიათებელი ტონით დაუბრუნა სალამი ნანკამ, - აბა, როგორ მოეწყვე?
- კარგად, ისე კარგად, რომ რა გითხრა, სიხარულით აღარ ვარ.
- მართლა? - ცალი წარბი აზიდა დირექტორმა, - ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ ერთი სული გქონდა, აქედან როდის წახვიდოდი.
- არა, ნანკა, რას ამბობ. არასდროს დავიღლები იმის თქმით, რომ სიკვდილამდე შენი მადლობელი ვიქნები. უბრალოდ, ადგილს ვიკავებდი აქ, სხვის ადგილს.
- ეგ მეორედ არ გაიმეორო. ის ოთახი, სადაც ცხოვრობდი, ისევ შენი იქნება. გასაგებია? იქნებ მოსვენება მოგინდეს ან განმარტოება, ან სტუმარი მოგივიდეს… სადღაც ხომ უნდა შეიყვანო? - როგორც იქნა, გაიღიმა "შეფინიამ", - ასე რომ, ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ახლა საქმეს მივხედოთ. მე შენი დახმარება მჭირდება და გვერდით უნდა დამიდგე.
- მთელი გულისყურით გისმენ, თუკი რამე შემიძლია… - ლიზი დაჯდა და ფეხები ერთმანეთს მიატყუპა.
- მოკლედ, შეიძლება გრანტი გამოგვიყონ, მაგრამ მსურველი იმდენია, ნაცნობობით ვერაფერს გავხდები. ვიფიქრე, პროექტი ხომ არ დაგვეწერა-მეთქი. უფრო სწორად, შენ რომ დაწერო, თორემ მე მაგის დრო სად მაქვს… და, სიმართლე გითხრა, არც მეხერხება. შენ კიდევ გონიერი ქალი ხარ, ბევრი რამე გესმის. ამასთან, აქაური პრობლემები კარგად იცი, მგონი, ჩემზე უკეთესადაც კი. შეძლებ ისეთი პროექტის დაწერას, რომ ყურადღება მოგვაქციონ?
ლიზი ჩაფიქრდა. წამში გაურბინა გონებაში, რა სჭირდებოდა პანსიონს, როგორი პროექტის დაწერა იქნებოდა მიზანშეწონილი და მცირე პაუზის შემდეგ არცთუ თავდაჯერებულად უპასუხა:
- ვცდი…
- ეგ იმას ნიშნავს, რომ შეიძლება არ გამოგივიდეს?
- არა, რატომ. გამომივა, უბრალოდ, ერთ და ორ დღეში ვერ მოვახერხებ ამას.
- რამდენი დღე გჭირდება?
- რა ვიცი… - ლიზიმ მზერა ჭერს გაუსწორა, თითები ერთიმეორის მიყოლებით მოხარა, თითქოს რაღაცას ითვლისო და თქვა:
- ხუთი-ექვსი, ალბათ.
- მაშინ მიდი, ახლავე შეუდექი საქმეს.
- ახლავე? მაგრამ აქ…
- აქ კი არა, სახლში წადი და იქ იმუშავე. ერთი კვირა თავისუფალი იქნები, შეგიძლია არ მოხვიდე. თუ რამე დაგჭირდეს, დამირეკე, მე ხაზზე ვიქნები.
ლიზი შეყოყმანდა.
- მე საღამოობითაც შემიძლია ვიმუშაო, აუცილებელი არ არის…
- გააკეთე, რასაც გეუბნები. აქაურობას მე მივხედავ. თუ კარგი პროექტი გამოვა, პრემიასაც მიიღებ. გპირდები.
რაღა ეთქმოდა, მადლობა გადაუხადა დირექტორს და გამოვიდა. ერთი მხრივ, კარგია, მთელი კვირა სახლში რომ იქნება. მარიკუნას სკოლაში წაყვანა-წამოყვანა გაუადვილდება. ამასობაში ბავშვიც შეეჩვევა და მერე უკვე მარტოც შეუძლია იაროს. მთავარია, კლასელებსა და მასწავლებლებს შეეგუოს, შეეჩვიოს და სკოლაში სიარული მისთვის ტრაგედიად არ იქცეს.
მაშინ ახლავე გავარდება შინ, მაღაზიაში შეივლის, სადილისთვის პროდუქტებს იყიდის. საღამოს იონას ელოდება და რამე გემრიელს დაახვედრებს. ნამცხვარიც ხომ არ გამოაცხოს? იოს ქადები უყვარს. დღევანდელ დღესავით ახსოვს ლიზის, სასტუმროში რომ ცხოვრობდნენ კონსპირაციულად, იონას ყოველდღე მოჰქონდა, ამბობდა, ძალიან მიყვარსო. იმედია, გემოვნება არ შეეცვლებოდა…
მარიკუნას სკოლიდან წამოყვანა ჯერ ადრე იყო, გაკვეთილები ორის ნახევარზე უმთავრდებოდა. ამიტომ სადილის მზადებას შეუდგა. ორმოც წუთში გუფთა მზად ჰქონდა. როგორც კი სადილს მორჩა, ქადების ცხობაზე გადავიდა. თურმე არ დავიწყებია. ეს კარგია. აქამდე, აბა, ვისთვის უნდა დაეცხო ნამცხვარი ან სად? სარეაბილიტაციო ცენტრის სასადილოში ტრიალს ვერ დაიწყებდა. აქ კი თავის სახლშია… ნუ, თითქმის თავის სახლში და მოტივაციაც არსებობს - ქადებს მარიკუნაც მშვენივრად მიირთმევს და იონაც.
შეალაგა თუ არა პირველი პარტია გაზქურის ღუმელში, ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. გაუკვირდა. მეზობლებთან ურთიერთობა ჯერ არ ჰქონდა, ვერ მოასწრო გაცნობა, იო კი საღამოს უნდა მოსულიყო. ნეტავ ვის გავახსენდი? ვაითუ სამსახურიდან არიან და რამე საგანგაშო ხდებაო, ფქვილიანი ხელები წინსაფარზე შეიწმინდა და კარის გასაღებად გაეშურა.
მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა კარი გააღო. გახევებული ერთ ადგილზე გაშეშდა. პარმაღთან დოინჯშემოყრილი ლექსო იდგა.
- შენ? - ამის თქმაღა მოახერხა.
- მე, მე, - თავი ჩაღუნა მამაკაცმა და ბეტონის იატაკს დააჩერდა, - შეიძლება შემოვიდე?
ლიზის არ უპასუხია, განზე გადგა და ქმარს გზა დაუთმო. "საიდან მოაგნო? ვინ უთხრა მისამართი?" - გაიფიქრა გულშეღონებულმა და ნერვიულობისგან აკანკალებული ხელები წინსაფრის ჯიბეებში ჩამალა.
ლექსომ ირგვლივ მიმოიხედა და დაჯდა. ლიზი კარის გვერდით კედელს მიეყრდნო და ხელები ზურგს უკან შემოიწყო.
- აბა? რას იტყვი ახალს? აქ საიდან მოხვდი? - ორი შეკითხვა დასვა ქმარმა.
- რა მნიშვნელობა აქვს? როგორც მოვხვდი, მოვხვდი. გეგონა, უშენოდ თავს ვერ გავიტანდი? - ცივად დაუბრუნა პასუხი.
- კი, მეგონა.
- ვიცი, რომ გეგონა. რადგან სახლში ვიჯექი გამოკეტილი, ალბათ ფიქრობდი, არაფრის გაკეთება არ შეუძლია და შიმშილით ამოხდება სულიო, არა? სხვათა შორის…
- ამ საშინელ სახლში ქირას იხდი? - ლექსომ კიდევ ერთხელ მიმოატარა მზერა სამზარეულოში.
ჰაერში ქადის ტკბილი სურნელი დატრიალდა.
- მგონი, რაღაც გეწვის… - შენიშნა მამაკაცმა.
ლიზი ღუმელს მივარდა და გამოაღო. არა, არ დამწვარა. პირიქით, ისე იყო მისი ქადები დაბრაწული, ავ თვალს არ ენახვებოდა. ხელთათმანი დაიხმარა და ნამცხვარი თასში გადააწყო.
- მარიამი სად არის? - პირველად მოიხსენია ლექსომ მარიკუნა ასე ოფიციალურად.
- სკოლაში.
- აქ დაგყავს სკოლაში? - მამაკაცმა საჩვენებელი თითი მაგიდას ატაკა, თითქოს სკოლა მაგიდის ქვეშ ყოფილიყო.
- ჰო, რა იყო, აქ სხვანაირი სკოლაა თუ რა?
ლექსომ ჩაიცინა.
- რატომ გამოიპარე? ვინმე გაიჩინე? - არ ზოგავდა ქმარი.
- გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო, ისეა შენი საქმე! - სიბრაზე ყელში მოაწვა ლიზის, - იმიტომ გამოვიპარე, რომ ჩემი გაგდება გინდოდა სახლიდან, განქორწინება გინდოდა და სხვისი შერთვა. აი, რატომ! - მიახალა ხელების ქნევით და ისე აუცახცახდა მუხლები, რომ თვითონაც დაჯდა.
- ეგ სისულელე ვინ გითხრა? ვინ დაგქოქა ჩემ წინააღმდეგ?
- რა, ასე არ იყო? და ყველაფერთან ერთად ბავშვის წართმევაც მოგინდა თურმე.
ლექსოს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
- მერე, მერე?
- რა მერე, რა მერე? - გაცეცხლდა ლიზი, - სახლიდანაც გავუშვებ, არც მანქანას მივცემ, არც წილს და ბავშვსაც არ გავატანო. ხომ ამბობდი ამას? ჰოდა, მეც დაგიმტკიცე, რომ არც სახლი მინდოდა შენი, არც მანქანა და არც ქონება, მაგრამ მარიკუნას არ დაგითმობ… - მიხვდა, რომ ბოლო ხმაზე ყვიროდა და გაჩუმდა, მცირე პაუზის შემდეგ კი მშვიდი ხმით დაამატა, - ცოცხალი თავით.
- ასე გგონია? - ლექსოს ხმისთვის არ აუწევია, ისევ ისე აუღელვებლად ლაპარაკობდა.
ლიზი აილეწა.
- მას შემდეგ, რაც შენ გააკეთე, მართლა ხომ ხარ ღირსი, ყველაფერი წაგართვა? გგონია, ჩემზე შური იძიე? - კბილებში გამოსცრა მამაკაცმა და თვალებით გაბურღა ყოფილი ცოლი.
- შურისძიება არც მიფიქრია. მე, უბრალოდ, ჩემს შვილთან მინდოდა ყოფნა. დავიღალე შენი რომანებით, ნაირ-ნაირი ქალებით. აღარ გათავდა! აი, აქ ამომივიდა! - და ცოლმა ყელთან გაიქნია ხელი.
- რატომ მეჩხუბები, ლიზი? - ლექსო განაგრძობდა მის ნერვებზე თამაშს, - მე შენ ოდესმე გითხარი, შენთან დაშორება მინდა-მეთქი?
ლიზი შეცბუნდა. არა, ეს ქმარს მისთვის არასდროს უთქვამს.
- ოდესმე გიყვირე? ხელი გაგარტყი? უკმეხად მოგექეცი? კი, დავაშავე, ქალებში დავდიოდი, ვცოდავდი, მაგრამ შენ რამე გაკლდა? ყოფილიყავი შენთვის შენს სახლში… ჩვენს სახლში, გაგეწია კარგი ცოლობა, კარგი დიასახლისობა, კარგი დედობა და არავინ მიგატოვებდა. ან საიდან მოიტანე, რომ ასეთი საზიზღრობების გაკეთებას ვაპირებდი? ვინ ჩაგაწვეთა ეს ბოროტი აზრები?
ლიზის აღელვებისგან სუნთქვა უჭირდა. ნუთუ თიკომ მოატყუა? მაგრამ რატომ? მას რა სარგებელი უნდა ენახა იმით, თუ ლიზი სახლიდან გაიქცეოდა?
- შენმა დაქალმა.
- ვინ? - ჩაეძია მამაკაცი.
- თიკომ. სწორედ თიკომ გამაფრთხილა, ასე და ასე აპირებსო. არ მითხრა, რომ იმ მოდელის ცოლად მოყვანაზე არ ფიქრობ. ისიც კი ვიცი, რომ ორსულადაა შენგან.
- და სახლშიც რომ მყავს, ისიც?
ამის გაგონებაზე ლიზი გაშრა. ერთხანს უძრავად იჯდა, ვერაფრით ვერ მოიფიქრა, პასუხად რა უნდა ეთქვა.
- ჰო, სახლში მყავს. და ეს შენი დამსახურებაა. შენ რომ შენს ადგილას დატეულიყავი, დღეს ერთად ვიქნებოდით. მაგრამ არა! ახტი, დახტი, იქ თიკოს მონაჩმახებს აჰყევი, აქეთ ეჭვიანობამ შეგჭამა და აი, შედეგი. შენ მარტო ხარ, მე კი მეორე ცოლი მყავს და ბავშვსაც ველოდები.
- გილოცავ! - სიბრაზისგან ტუჩების ცმაცუნი აუტყდა ლიზის, - და ჩემთან რატომ მოხვედი? ჯვარი უნდა დაგწეროთ თუ…
- არა, განქორწინებაზე უნდა დამთანხმდე.
- თანახმა ვარ! - დაუფიქრებლად წამოისროლა ქალმა და მაშინვე ენაზე იკბინა. ასე უცებ დათანხმება ლექსოს ეჭვებს გაუჩენდა.
- თანახმა ხარ? - მამაკაცის ხმა სულ ერთი ინტონაციით ჟღერდა, ერთნაირად რბილად, მაგრამ გამგმირავად, თითქოს ქმარი კი არა, უშიშროების სამსახურის თანამშრომელი ელაპარაკებოდა.
- სხვა არჩევანი მაქვს? - "გამოასწორა" შეცდომა ლიზიმ, - რომ გითხრა, არ ვარ თანახმა-მეთქი, რა, ისევ შემირიგდები თუ როგორაა შენი საქმე?
- არა, არ შეგირიგდები. ჩვენ შორის ყველაფერი მორჩა, შენი წყალობით, ოღონდ ჯერ არ ვიცი, ჩვენდა საბედნიეროდ თუ ჩვენდა საუბედუროდ. კარგია, რომ თანახმა ხარ და ისტერიკებს არ მიწყობ. თუმცა ამ მხრივ შენ ყოველთვის ჭკვიანი იყავი, კარგი ტაქტიკა გქონდა არჩეული და ეს მუდამ მომწონდა შენში. ამიტომაც გაფასებდი.
- ამისთვის ახლა მადლობა უნდა გითხრა? - ნერვული ტიკები დაეწყო ლიზის, მარჯვენა მუხლს გაუჩერებლად აქანავებდა.
- არა მგონია, მადლობა დავიმსახურო, თუ გეტყვი, რომ განქორწინების შემთხვევაში მარიკუნა ჩემთან დარჩება, - აი, ეს სიტყვები კი ისეთი ცივი ინტონაციით წარმოთქვა ლექსომ, რომ ლიზის ძარღვებში სისხლი გაეყინა.
- არა! - განწირულივით იყვირა და წამოხტა, - არა! არა! ეგ არ გამოგივა! - და დაიწყო ხელების აქეთ-იქით ქნევა, ადგილი ვერ მოუნახა.
- ვითომ რატომ? იმიტომ, რომ სამსახური გაქვს და კარგი ხელფასი? იმიტომ, რომ ნაქირავებში ცხოვრობ და თავის გატანა შეგიძლია? ხომ იცი, რა გავლენებიც მაქვს… ერთი თითის გატკაცუნება და ყველა მოსამართლეს და პროკურორს ჩემს მხარეზე გადმოვიბირებ.
- იმიტომ, რომ მარიკუნა შენი შვილი არ არის! - ხმამაღალი ჩურჩულით და გაწელვით წარმოთქვა ლიზიმ და რადგან ამდენი ხნის დამალული საიდუმლო გათქვა, ამოსუნთქვას შვების ოხვრა ამოაყოლა.
- ვიცი… - ძველ ინტონაციას დაუბრუნდა ლექსო და თვალი თვალში გაუყარა ცოლს, - ვი-ცი.
ლიზი გაფითრდა. როგორ, იცოდა და არაფერი უთხრა? როდის გაიგო? ლიზის ხომ არავისთვის უთქვამს ამის შესახებ? თიკოსაც კი არ ანდო ეს საიდუმლო, იონას ამბავს როცა მოუყვა.
- გგონია, სულელი ვარ? მარიკუნა რომ დაიბადა, მაშინვე მივხვდი. ხომ არ დაგავიწყდა, რომ მე ექიმი ვარ და ჩემი გასულელება ასეთ საკითხებში ადვილი არ არის? ვისი შვილია, არ ვიცი, მაგრამ ჩემი რომ არ არის, ამაში დავრწმუნდი. ამიტომ ნუღარ გავაგრძელებთ ამაზე ლაპარაკს. მე ის გავზარდე, ღვიძლი შვილივით ვუვლიდი, რასაც ვერ უარყოფ. ამიტომაც დღემდე შვილივით მიყვარს. მოიცა, ნუ მაწყვეტინებ! - შეაჩერა სახეაწითლებული ქალი მამაკაცმა, - დამშვიდდი, არ ვაპირებ მის წართმევას, ისე გითხარი. რეაქცია მაინტერესებდა. უბრალოდ, ცივილიზებულად გავშორდეთ ერთმანეთს და ეგ იქნება. რადგან ეგ ინტრიგა თიკოს დამსახურებაა და არა შენი, წილსაც მოგცემ, ისე არ დაგტოვებ, უნამუსო კაც… - ამ დროს კარზე კვლავ დააკაკუნა ვიღაცამ და ლექსოს სიტყვა შუაზე გაუწყდა.
ლიზი კარისკენ ბარბაცით გაემართა. მუხლები ეკვეთებოდა, მაგრამ შეეცადა, მშვიდი სახე მიეღო, თუმცა…
კარი გააღო და მეორე უკიდურესობაში გადავარდა. იქ გაღიმებული იონა იდგა.
- გეხვეწები, წადი, წადი აქედან… - ჩურჩულით დაიწყო ქალმა ხვეწნა, - ჩემი ქმარია მოსული, გთხოვ, არ დაგინახოს… წადი, მარიკუნა გამოიყვანე სკოლიდან და ერთი საათის მერე ამოდით. გემუდარები…
გაოცებული მამაკაცი უკან-უკან იხევდა, რადგან ლიზის მისთვის მხრებში ჩაევლო ხელი და კიბისკენ ჯიკავ-ჯიკავით მიჰყავდა.
- კარგი, გავიგე, - ჩაილაპარაკა იონამ, ქალის ხელისგან მხრები გაითავისუფლა და ექვსაფეხურიან კიბეს მძიმედ ჩაუყვა…
- მეზობელი იყო, ბავშვებს მე გამოვიყვანო, - თქვა ოთახში შემობრუნებულმა და თვითონვე იგრძნო, შიშისგან ხმა როგორ შესცვლოდა.
- მაპატიე, მარიკუნას ვერ დაველოდები, მეჩქარება. ისედაც დილიდან გეძებ, ძლივს მოგაგენი. ასე რომ, მგონი, შევთანხმდით, არა?
- ხომ გითხარი, თანახმა ვარ-მეთქი. ბავშვი დამიტოვე და რაც გინდა, ის ქენი. ბედნიერებას გისურვებ შენს ახალ ცოლთან ერთად, - სიტყვა "ახალს" ხაზი განსაკუთრებულად გაუსვა.
- შენც… შენს ახალ კაცთან, - სარკასტულად გაუღიმა ლექსომ.
- ვინ… ვინ ახალ კაცთან? - ტუჩებიც კი გაუფითრდა ლიზის.
- რა ვიცი, ვინც ჩემ შემდეგ გეყოლება. რა მნიშვნელობა აქვს… - უდარდელად წარმოთქვა მამაკაცმა და კარისკენ გაემართა.
ლიზიმ გააცილა. როგორც კი გარეთ გავიდნენ, მაშინვე გზისკენ გაიხედა. იონას მანქანა უკვე გვარიანად გარიდებოდა მის ეზოს. როგორც იქნა, მოეშვა. გადარჩა.
- კიდევ შევხვდებით ერთმანეთს…
- არა მგონია, - ჩაიბურტყუნა ლიზიმ.
- როგორ არა, განქორწინების საბუთებს ხელი ხომ უნდა მოვაწეროთ? - ისევ სარკასტული ღიმილი. ღიმილი, რომელიც ლიზის კლავდა.
ლექსო წავიდა. გაუკვირდა ლიზის, ახლომახლო მისი მანქანა რომ არსად ჩანდა. მერეღა მიხვდა - ლექსომ ალბათ მოფარებულში დააყენა მანქანა იმის შიშით, რომ ცოლი კარს არ გაუღებდა და ეზოში უხმაუროდ ამიტომ შემოიპარა.
სამზარეულოში შებრუნდა და სკამზე დაეხეთქა. თვალები ცრემლით აევსო. კარგა ხანს ასე ტიროდა, უხმოდ, ცრემლები წკაპაწკუპით ეცემოდა მუხლებზე დაწყობილ ხელებზე, მერე კი უეცრად ზლუქუნი მორთო…
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, აივანზე რომ გამოვიდა, სახე ღიმილმა გაუნათა - იონა და მარიკუნა ხელიხელჩაკიდებული შემოდიოდნენ ეზოში…
გაგრძელება იქნება