შეუძლებელია, ერთხელ მაინც ანა კორძაია-სამადაშვილის მიერ მოყოლილი ამბავი მოგესმინათ და არ მონუსხულიყავით; ან მისი გამორჩეული ლექსიკა, თხრობის მანერა და გულწრფელობა, მაშინაც კი, როცა სულაც არ გესმით, რაზე საუბრობს ის, დაგავიწყდეთ.
ანა კორძაია-სამადაშვილი
ანა ქართველი პოსტმოდერნისტი მწერალი და ჟურნალისტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რუსული ფილოლოგიის სპეციალობით, მოგვიანებით კი ამავე უნივერსიტეტის ლექტორი გახდა. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 2002 წ, მისი მოთხრობების კრებულით "ბერიკაობა", სოფიო კირვალიძის ფსედონიმით.
ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. მისი ტექსტები თარგმნილია შვიდ ენაზე. 2017 წელს ანას კრებულის, „მე, მარგარიტას" ინგლისურენოვანი თარგმანი ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკამ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი წიგნების სიაში შეიტანა სელმა ლაგერლოფის, ანა ახმატოვას, ჰანა არენდტის, მარგარეტ ეტვუდის, ემილი დიკინსონის და მრავალი სხვა კლასიკოსი ქალი ავტორის წიგნებთან ერთად.
მოთხრობები პირველად „24 საათის ლიტერატურულ დამატებასა“ და „არილში“ გამოჩნდა 2002-2003 წლებში. პირველი კრებული, „ბერიკაობა“ 2003 წელს გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ. მას შემდეგ გამოვიდა: „მე, მარგარიტა“ (2005), “შუშანიკის შვილები” (2011), “ვინ მოკლა ჩაიკა” (2013), “ზინკა ადამიანი” (2019) (ყველა – სულაკაურის გამომცემლობა), “მარიეტას გზა”, გამომცემლობა “პალიტრა” (2013), „ლიუს ოჯახის კოლექცია“, ინდიგო (2020). თარგმნილი აქვს ჰერმან ჰესეს, ერიხ მარია რემარკის, ბერტოლტ ბრეხტის, ინგებორგ ბახმანის, ელფრიდე იელინეკის, რუდიგერ საფრანსკის, სეეს ნოოტებუმის, ნინო ხარატიშვილის წიგნები.
- ამჯერად ანა რადიო "პალიტრის" ეთერის სტუმარია:
"მე არ განვეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც აღფრთოვანებით ხვდებიან დილას.
ბავშვობაში მინდოდა ბალერინა ვყოფილიყავი.
ბავშვობა მაშინ მთავრდება, როცა აღმოაჩენ, რომ ყველას არ უყვარხარ თავდავიწყებით.
მე მიყვარს ნივთები არა მათი სიძველის გამო, მე მიყვარს ამბები, რომლებიც დაკავშირუბულია ნივთებთან“ - მწერალი და ჟურნალისტი ანა კორძაია-სამადაშვილი საკუთარ თავზე, ინტერესებზე გვესაუბრება."
მოუსმინეთ პოდკასტს