"შეუძლია ადამიანების თანადგომა, საიდუმლოს შენახვა, მაგრამ მის ხასიათში შეღწევა რთულია, არ უყვარს საკუთარი გრძნობების გამომზეურება. სანდო მეგობარია. სხვის აზრს იშვიათად ითვალისწინებს. ხარბია და ცოტათი ქედმაღალიც. ტემპერამენტიანი და ფეთქებადია, კონფლიქტურ სიტუაციაში წონასწორობას ადვილად კარგავს, მაგრამ მისი აფეთქებები ხანმოკლეა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი მომღერალ ლიზი დარასელიას ზოდიაქოს ნიშანია.
- სანამ რუბრიკის თემაზე გადავალთ, 26 მარტის მატჩთან დაკავშირებით გკითხავ, როგორი იყო ეს დღე ვიტალი დარასელიას შვილიშვილისთვის?
- ამ დღეს საქართველოში არ ვიყავი, დუბაიში ვიმყოფებოდი და ჩვენს ბიჭებს იქიდან ვგულშემატკივრობდი. დუბაიში ჩემს დასთან გახლდით, ოჯახით იქ ცხოვრობს. მატჩის დროს ბავშვს ეძინა და ჩემს ემოციას ხმამაღლაც ვერ გამოვხატავდი. თბილისში ჩემებს ვიდეოზარით ველაპარაკებოდი, ბებია ასეთ ემოციაში არასდროს მინახავს, მის მდგომარეობას "ტიროდა" აღარ ერქვა. ძალიან მომინდა თბილისში ყოფნა, მაგრამ... ჩემი ძმა სტადიონზე იყო, ფეხი სტკიოდა, მაგრამ სადღა ახსოვდა.
- როდესაც ნიკა კვეკვესკირმა გამარჯვების გოლი გაიტანა, შემდეგ ამ გოლს ვიტალი დარასელიას გამარჯვების გოლს ადარებდნენ. ქართველებისთვის ამ გოლებს სხვა ემოციური დატვირთვაც აქვს, ორივე შემთხვევაში ავტორი აფხაზეთიდანაა: ვიტალი დარასელია ოჩამჩირიდან, ნიკა კვეკვესკირი - გალიდან...
- დიახ, ეს ჩვენი ოჯახისთვის განსაკუთრებით ემოციური ამბავი იყო. მინდა ჩვენს ბიჭებს უფრო დიდი გამარჯვებები ვუსურვო! მე და ჩემი ოჯახი მათ მთელი გულით ვგულშემატკივრობთ და დიდი სურვილი მაქვს, საგულშემატკივროდ გერმანიაშიც წავიდე.
- საქართველოს ნაკრებს მეც წარმატებას ვუსურვებ! ახლა კი ვნახოთ, როგორია შენი ასტროპორტრეტი.
- ვნახოთ, მეც ძალიან მაინტერესებს.
- "ძალიან მგრძნობიარეა ქათინაურების მიმართ. უთხარით უმნიშვნელო კომპლიმენტი და მისი გული მოგებული გექნებათ".
- მგრძნობიარე ვარ, მაგრამ მთლად ასეც - არა, ჩემი გულის მოგება ეგეთი მარტივი არ არის.
- "სიცოცხლით სავსე და მხიარული ცხენი ყველა დღესასწაულის მთავარი მოქმედი გმირია".
- ნამდვილად ასეა, მხიარული ვარ, ყურადღების ცენტრშიც ხშირად ვექცევი და მინდა ასეც იყოს. მეგობრული შეკრებები მიყვარს. მეგობრები ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ადამიანები არიან.
- "ტემპერამენტიანი და ფეთქებადია. კონფლიქტურ სიტუაციაში წონასწორობას ადვილად კარგავს, მაგრამ მისი აფეთქებები ხანმოკლეა".
- ასე წლების წინ უფრო იყო, ძალიან ფეთქებადი ვიყავი. ფსიქოლოგიურზე ჩაბარების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ საკუთარი თავის კონტროლი და მართვა მესწავლა. დღეს ჩემს ცხოვრებაში ასეთი "აფეთქებები" აღარ ხდება, მაგრამ ადრე მსგავს ფაქტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ასაკსაც მნიშვნელობა აქვს. ადამიანი რაც უფრო იზრდება, გამოცდილება ემატება და ხვდება, რომ საკუთარ თავზე კონტროლი მარტივად არ უნდა დაკარგოს. დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი ემოციების მართვა შემიძლია.
- "ხშირად არაკეთილსინდისიერი მეთოდით თამაშსაც არ ერიდება".
- ჩემს შემთხვევაში ასე არ ხდება.
- შენთვის მიზანი არ ამართლებს საშუალებას?
- არა. შეიძლება მსგავსი ნაბიჯი ადამიანმა გაუცნობიერებლადაც გადადგა, ეს სხვა რამ არის. შეგნებულად, დაგეგმილად და გააზრებულად არაკეთილსინდისიერი ნაბიჯები არასდროს გადამიდგამს, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. როდესაც ვამბობ, მე ოჯახის სარკე ვარ, ასეთ რამეს არასდროს ჩავიდენ.
- ეგოისტი ხარ?
- ასეა. მგონი, ყველა ადამიანი ეგოისტი და მესაკუთრეა.
- სხვის საქმეში ჩარევის მცდელობა ხშირად გქონია?
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რჩევისთვის, დახმარებისთვის ვინმე მომმართავს, სხვა შემთხვევაში ჩემთვის ეს საქციელიც მიუღებელია. მესამე პირს ყოველთვის უფრო მეტი "ხვდება", ამიტომ სულ ვცდილობ, ნეიტრალური პოზიცია შევინარჩუნო, ბოლოს არც ერთი მხრიდან უარყოფითი ემოცია რომ არ წამოვიდეს.
- სხვა ადამიანი შენს ცხოვრებაში უხეშად თუ ჩარეულა და ამ დროს როგორ იქცევი?
- ამ წუთში კონკრეტული სიტუაცია არ მახსენდება, მაგრამ იქნებოდა. ყოველთვის საკუთარ პოზიციას ვაფიქსირებ. იმას, რაც თავად უნდა გადავწყვიტო, სხვა ვერასდროს გადამიწყვეტს, ეს ხასიათში მაქვს.
- "ის სხვის აზრს იშვიათად ითვალისწინებს".
- მგონი, ეს ცოტათი ჩემი პრობლემაც არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ, რომ მათ კარგი უნდათ, ზოგჯერ ჩემებს ვეუბნები ხოლმე, - მირჩევნია გადაწყვეტილება თავად მივიღო, ცხვირი წავიმტვრიო და ამით გამოცდილება მივიღო. სხვისი აზრის გათვალისწინება ცოტათი მიჭირს.
- "შეყვარებული ცხენი სასურველი ადამიანის გამო, ბევრ დათმობაზე წამსვლელია".
- დათმობაზე წამსვლელი ვარ, ურთიერთობა დათმობის გარეშე ვერ ეწყობა, მაგრამ გააჩნია დათმობას: რომ მითხრას, შენს კარიერაზე უარი უნდა თქვაო, გამორიცხულია, ასე მოვიქცე. ამ ეტაპზე ჩემთვის კარიერის აწყობა უმნიშვნელოვანესია. დათმობა მტკივნეული არ უნდა იყოს. ახლა შეყვარებულიც არ ვარ. მირჩევნია, მარტო ვიყო. ჩემს საახლობლოში სულ წუწუნი მესმის, ის მოხდა, ეს მოხდა... მე მაგის ნერვი არ მაქვს, მირჩევნია მარტო ვიყო.
- "სანდო მეგობარია".
- ნამდვილად ასეა, თუმცა თავად გული ხშირად მტკენია.
- მეგობრებისგან?
- დიახ. ვფიქრობ, ასე სხვების ცხოვრებაშიც ხშირად ხდება. ადამიანს მეგობარს რომ დავარქმევ, მისთვის ყველაფრის გაკეთება შემიძლია. რამდენსაც გავცემ, იმავეს არასდროს ვითხოვ, ეს ნორმალურიც არ არის, მაგრამ ცოტათი გული მწყდება. ჩემთვის ყველაზე ახლობლები და ყველაზე დიდი მეგობრები ოჯახის წევრები არიან. მეგობრები მოდიან და მიდიან, ნამდვილი რასაც ჰქვია, ასეთი ერთი-ორი რჩება.
- "მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაბელურია, ხშირად დროის მარტო გატარება უყვარს".
- ხანდახან ჩემი სივრცე, საკუთარ თავთან საუბარი მჭირდება. მიყვარს განმარტოება და სიმშვიდე, ფიქრის საშუალება რომ მქონდეს, ოღონდ - ხანდახან.
- "დამოუკიდებელი ადამიანია".
- მართალია, ბავშვობიდან დღემდე სულ მაქვს სურვილი, ყველაფერი დამოუკიდებლად გავაკეთო. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ბოლომდე დამოუკიდებელი ვარ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ - ეს ჩემი სურვილია, უკეთეს ადგილზე სად უნდა წავიდე? სანამ საკუთარ ოჯახს არ შევქმნი, მირჩევნია, მშობლებთან ვიცხოვრო.
- "ხარბია და ცოტათი ქედმაღალიც".
- ტყუილია, ძალიან უბრალო ვარ, ზედმეტად უბრალოც. არაერთხელ უთქვამთ, შენს მდგომარეობას ბევრი სულ სხვაგვარად გამოიყენებდაო. ვინც არ მიცნობს, ყველას "სტერვა" ვგონივარ, რომ გამიცნობენ, მეუბნებიან, როგორი უბრალო ყოფილხარო. ჩემთვის თავმდაბლობის მაგალითი ჩემი ოჯახია, როგორი ბაბუა მყავდა. ვინც მას იცნობდა, დღესაც ლაპარაკობენ, როგორი უბრალო და თავმდაბალი იყო.
- "ის მუდმივად თავგადასავლების ძიებაშია, ხშირად იცვლის პარტნიორს და სამსახურსაც კი".
- თავგადასავლები მიყვარს, მაგრამ პარტნიორების ცვლა ჩემი ხასიათი ნამდვილად არ არის.