ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს მოდელი თაკო ჩხეიძე ეხმაურება.
„დავიწყებ იმით, რომ უპირველეს ყოვლისა, ვგმობ ყველანაირ ძალადობას! ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველას გვეძლევა საშუალება, ყოველგვარი შიშისა და შეზღუდვის გარეშე ნათლად ვთქვათ, თუ რას ვფიქრობთ მიმდინარე მოვლენების შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხის ნაწილი აქტიურად ახდენს ჩვენზე უდიდეს მორალურ ზეწოლას და გვიბიძგებს, ვთქვათ ის, რისი თქმაც არ გვსურს, ეს კი, ჩემი აზრით, ძალადობა და ბულინგია!
როგორც საინფორმაციო გვერდებზე ვხედავ, ისინი აქტიურად ცდილობენ დაამახინჯონ ჩემი პოზიცია. ამიტომ ახლა უკვე ვალდებული ვარ, ვთქვა სახალხოდ, რომ მსურს ვიცხოვრო დამოუკიდებელ, ერთიან საქართველოში, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ, მხოლოდ ყველა თავისი ღირებულებითა და ტრადიციით, რომელიც აქამდე ჩვენმა წინაპრებმა მოიტანეს უდიდესი შრომითა და ძალისხმევით!
ევროპამ უნდა მიგვიღოს ჩვენი ისტორიით, სიწმინდითა და კანონით და არა მათთვის სასურველი ვერსიით, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს! სამწუხაროდ, მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება და მათ უკვე შეძლეს ეს ოჯახებში, სამეგობრო წრეებში, კოლეგებში და სრული არეულობა დათესეს ქვეყანაში. სიძულვილის ენა გახდა ჩვეული ფორმა, ყოველივე ეს კი ევროპისგან ძალიან აშორებს თითოეულ ჩვენგანს! სრული გულწრფელობით გამოვხატავ წუხილს მიმდინარე მოვლენების მიმართ და იმედი მაქვს, ყველა შევძლებთ საქართველოში ისე ცხოვრებას, როგორადაც ნამდვილ ქართველ, პატრიოტ ადამიანებს შეგვეფერება! მიყვარს ჩემი სამშობლო და ყოველთვის ვიდგები ნათელი მომავლისკენ!” – წერს თაკო ჩხეიძე.
თაკო ჩხეიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და, განსაკუთრებული გარეგნობის, ინტელექტისა და პროფესიონალიზმის გამო მალევე შეიყვარა კიდეც.
თაკო ჩხეიძე 1981 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით. 1995 წელს დაიწყო სამოდელო საქმიანობა სააგენტო „ნატალიში“. მუშაობდა ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტო IMG-სა და პარიზის სააგენტო „ვივაში“. 2006 წელს სათავეში ჩაუდგა სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსს“, რომელიც თავად დააარსა და დღემდე წარმატებულად საქმიანობს.
თაკოს მეუღლე ქართველი დიპლომატი, აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე გაგრაში 1971 წელს დაიბადა. აბაშიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში და მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. 1996 წლიდან რუსლან აბაშიძე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსლან აბაშიძე გახლდათ საქართველოს ელჩი ესტონეთში, 2019 წლის 11 დეკემბრიდან კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.
წყვილს სამი ვაჟი ჰყავს: 22 წლის სერგი, 14 წლის ალექსანდრე და 12 წლის დავითი.
თაკო ჩხეიძე განსაკუთრებით ხშირად ჩნდება უფროს ვაჟთან, სერგისთან ერთად. სერგიმ საქართველოში გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული სკოლა დაამთავრა და არაჩვეულებრივი სასკოლო განათლება მიიღო, შემდეგ კი სწავლის ევროპაში, შვეიცარიასა და ესტონეთში გაგრძელება გადაწყვიტა. სერგიმ მადრიდში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში პროფესიულ მიმართულებად ბიზნესის სფერო აირჩია.