საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან. სოციალურ ქსელში პოსტი პირველად ბუდუ ზივზივაძემ გამოაქვეყნა:
"ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი ფეხბურთელს, უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი რომ კვლავ გავიმეორო.
არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.
საქართველოს გზა ევროპაშია. ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის. ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა. პ.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო.
მე ვარ საქართველო."
გიორგი ქოჩორაშვილი
"არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა... დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს!"
გიორგი ჩაკვეტაძე
"არაფერი არ დგას ჩვენ ხალხზე მაღლა, არანაირი კანონი არ დგას ამაზე მაღლა. გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო."
გიორგი ქვილითაია
"არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი, დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა. სწორედ ამიტომ, არა რუსეთს! არა ძალადობას!"
ანზორ მექვაბიშვილი
"რამდენი ადამიანიც ეს დღეებია რუსთაველის გამზირზეა გამოსული, ამდენივე და ალბათ მეტიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობდა."
თორნიკე ოქრიაშვილი
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. არა ძალადობას! არა რუსეთს! საქართველო ევროპაში."