გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორია. გიორგი სოციალურ ქსელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი პოსტები საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იმსახურებს.
ამჯერად გიორგი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს რომელიც ილია თოფურიას დედის ისტორიას ეხება:
"ეს არის ნაწყვეტი ტექსტიდან, რომელიც ილია თოფურიას დედის, ინგა თოფურია-ბენდელიანის საოცარ ისტორიას გულისხმობს. მხოლოდ ამ ეპიზოდის გამოქვეყნების უფლებას ვაძლევ თავს გამოცემამდე და ისიც იმიტომ, რომ იოლად შეიგრძნოთ რუსეთის ბოროტება.
ინგა დრანდაში გაიხიზნა. ფეხმძიმე. და ერთი პატარა შვილით. ომის ხმა დრანდასაც წვდებოდა და იოლადაც, მაგრამ ჯერ მხოლოდ ხმა. ინგას გამზრდელი მამა, იუზა კერესელიძე ცხოვრობდა დრანდაში. და დედა - ნათელა დგებუაძე. და და - სალომე კერესელიძე. 6 წლის. სკოლაში უნდა წასულიყო იმ წელს. მაგრამ სკოლა სადღა იყო. იყო მხოლოდ შიში და ლოდინი.
დღეებს საზეპიროებივით იმეორებდა კალენდარი. ერთმანეთს ჰგავს მოლოდინის დღეები. ინგა იჯდა და ელოდა. ცუდს? კარგს? ამ დროს სახელს ძნელად არქმევ წინათგრძნობას. ლამფის შუქი. აფეთქებების ნათება. თვალებჩამქრალი მზეები. გაყინული მთვარეები. სიტყვაძუნწი საუბარი. შეშა. ღუმელი. შეშა. შეშა. ღუმელი. ლოგინი. საბანი. ქსოვა. გაზრდილი მუცელი. შვილი. შვილის ლოდინი. ომი. სიკვდილი. სიკვდილის ლოდინი. ლოდინი. ლოდინი. ლოდინი. დეკემბერი.
დიახ. დეკემბერი. 1992 წლის 5 დეკემბერი. გიორგი სახლში დაბრუნდა. ინგას სახეზე ლოდინი იწვა. და გიორგიმ ამ ლოდინს უპასუხა: ,,ყველაფერი მალე დამთავრდება!’’ ,,ყველაფერი? რა ყველაფერი?’’- ჩუმად იკითხა ინგამ. გიორგიმ გაიღიმა: ,,აცივდა. შენი მონაქსოვი წინდა გამატანე’’. გიორგიმ წინდა წაიღო და წავიდა.
ძალიან ციოდა. ინგა შეწვა. საბანი თვალებამდე აიფარა და ჭერზე რომ ღუმელს წამომცდარი ცეცხლის ალი ჩრდილებს აცეკვებდა, იმ ჩრდილებს ჰკითხა: ,,რა ყველაფერი?’’ მერე ცეცხლი ჩაქრა. და ჩრდილებმაც დაიძინეს. ინგა სიბნელეს უყურებდა. სიბნელე დუმდა. დუმდა. დუმდა. და უცებ ეს სიბნელემ რაღაც ხმამ გააპო. ხმა ელვას ჰგავდა და ანათებდა. ქალის განწირული კივილი გაისმა. ინგა წამოხტა და ფეხიშვიშველი გაიქცა. ხალხი უკვე გარეთ იყო და გარეთ იყო მეზობელი ქალი, რომელსაც ძმის სიკვდილი შეატყობინეს. ინგა მივიდა, გადაეხვია და მიწაზე დაჯდა. წადი! - უთხრა ქალმა, რომელსაც ძმა მოუკლეს - წადი! ორსული ხარ და გაცივდები!
ინგა დაბრუნდა და ლოგინში შეწვა. მერე დაბრუნდა მამა. და ბოლოს დედა. ინგა იწვა და სიბნელეს უყურებდა. და მერე - თითქოს სიბნელეზე ვიღაცამ დააკაკუნა. ნერვიულად. ჯიუტად. განწირული იძულებით. ჯერ ეგონათ, მოგვეჩვენაო. კაკუნი გაგრძელდა. მამამ - ვინ არისო?! დეიდა იყო. მერე გაისმა ხმები. ბევრი ხმა. ერთამენთში აირია ეს ხმები და ინგა ისევ ფეხშიშველი გაეკიდა ამ ხმებს, რომელთაც ბებიის სახლამდე მიიყვანეს დაუნდობელი მეგზურივით. იქ მანქანა იდგა. ფურგონს ჰგავდა. ალბათ სასწრაფო. ამ მანქანასთან ადამიანები ირეოდნენ. და ინგა მიხვდა. მიხვდა. და ბიძამისთან მივიდა. და ბიძას ჰკითხა: ,,რომელი?!’
,,ორივე!’’ - უპასუხა ბიძამ.
ინგამ მიიხედა და დაინახა ძმის ფეხები ბათინკმოგლეჯილი. და მერე დაინახა სხვა ფეხებიც და ინგამ დაიყვირა - ,,ჩემი წინდები!’’ და მერე ინგამ იგრძნო, რომ პირი მიწით ჰქონდა სავსე და რომ მიწას ის გემო ჰქონდა, ერთხელ თუ შეჭამე, მერე ყველა სხვა ლუკმას რომ თან .
იწვა და არ ტიროდა. იწვა და არ ფიქრობდა. თითქოს გაქრა. და რომ გაქრა, თითქოს სხვებსაც დაავიწყდათ. მეორე დღეს, შუადღისას გაახილა თვალი და ისევ ეს თქვა: ,,ჩემი წინდები!’’ ,,კი, შენი წინდები!’’ - უპასუხა ომმა და გაიცინა.ერთ ოთახში ძმა და ქმარი ესვენნენ. მეორეში - დედა და ინგა. მათ ცოცხლები ერქვათ. ჯერაც. ბაბუშერას აეროპორტი ახლოსაა დრანდასთან და როცა ბომბავდნენ, სარდაფში ჩაჰყავდათ დედა, ინგა და პატარა გოგონა და მხოლოდ მაშინ თუ დაატყობდით, ცოცხლები რომ იყვნენ. ნათესავების იძულებით ემალებოდნენ უკვე სანატრელ სიკვდილს. ერთხელ ბომბი ჩამოვარდა მახლობლად, კუბოები გადმოაყირავა და ბიძა, რომელიც მიცვალებულებს ღამეს უთევდა, მათ შორის .
,,რატომ?’’ - იკითხა ინგამ - ,,რატომ ამ ზომის სასჯელი?’’ - ,,იმიტომ!’’ - უპასუხა ომმა და ისევ გაიცინა.13 დეკემბერს, დაკრძალვის დღეს, უკვე ეზოში დასვენებულ შვილს, დედამ ჩამოუსწრო გორიდან. ჩამოუსწრო და თქვა: ,,მადლიერი ვარ და გახარებული. მადლიერი ვარ, რომ შემიძლია შეგეხო. ეს ჩემთვის იგივეა, თითქოს ცოცხალს მოგისწარი!’’,,რატომ?’’ - იკითხა ამჯერად ომმა. რადგან ომმა ვერ გაიგო ამ სიხარულის. რადგან ომს სიხარული არ ესმის. განსაკუთრებით მაშინ, როცა სიხარული ასეთი დიდი და ტრაგიკულია." - წერს გიორგი კეკელიძე.