17 აპრილის საღამოს ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში გოგოს კადრები „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციიდან, რომელიც საქართველოს დროშით მხარზე რუსთაველის გამზირზე მიაბიჯებდა.
- ანამარია ფოჩხუა რადიო თავისუფლებას უყვება საკუთარი პროტესტების, აფხაზეთში დატოვებული სახლისა და დევნილის სტატუსით ცხოვრებით სირთულეების შესახებ.
"ეს ვიდეო რომ გამომიგზავნეს უკვე 80 000 ნახვა ჰქონდა. თავიდან უხერხულად ვიყავი. ვფიქრობდი, რომ არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. დიდი სიყვარულით, მოტივაციით და შემართებით მივდიოდი იქ, სადაც ჩემი ხალხი იდგა. მინდოდა ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება. არ მიფიქრია, რომ ეს კადრი სიმბოლო გახდებოდა, კიდევ ძალიან ბევრი კადრი, რომელსაც ისტორია შემოინახავს.
ჩემთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, როცა ქვეყნის ბედი სასწორზეა. ჩემი ოჯახი აფხაზეთიდანაა, დაკარგეს სახლი, მეგობრები, ცხოვრება... როგორ შეგვიძლია, რომ ამის შემდეგ ქვეყანა რუსეთს გადავცეთ" - ამბობს ანამარია ფოჩხუა.
30 აპრილის და 1 მაისის ღამით „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ასევე სპეცრაზმი დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდა.
აქციაზე დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის სასტიკადაა ნაცემი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. ნაცემია კიდევ ერთი პარლამენტარი - „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
საპროტესტო აქციაზე გამოიკვეთა ნიღბიანი ადამიანი, რომელიც სპეცრაზმელების მხარეს იდგა და დემონსტრანტებს სახეში მუშტს ურტყამდა.
აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.