ლეგენდარულ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს ყველა დროის საუკეთესო ქართველ სპორტსმენ ქალად მოიხსენიებენ. ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში ქალებსა და ვაჟებს შორის, სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 1956 წლიდან, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი 1962-78 წლებში, თერთმეტგზის ოლიმპიური ჩემპიონი 1963-92 წლებში, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველი მფლობელი, ხუთგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სპორტის კრიტიკოსების შეფასებებში ყოველთვის ფიგურირებდა, როგორც „გონება, რომელიც მუდმივად ანგრევდა ჭადრაკის სფეროში არსებულ გენდერულ წინასწარგანწყობებს“.
ნონა გაფრინდაშვილი დაიბადა 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში მასწავლებელ ტერენტი გაფრინდაშვილისა და ვერა გრიგოლიას ოჯახში. იგი ექვს დედმამიშვილში მეხუთე შვილი და ერთადერთი ქალიშვილია.
ჭადრაკის თამაში ნონას 5 წლისას ასწავლეს ძმებმა. სწორედ მათი მეშვეობით მოხვდა ნონა ზუგდიდის ნაკრებში, რომელიც 1953 წლის ზაფხულში ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაში მონაწილეობდა. სწორედ ამ ტურნირზე შეამჩნია ის ჭადრაკის ცნობილმა პედაგოგმა ვახტანგ ქარსელაძემ.
ბატონ ვახტანგის დაჟინებული თხოვნით, ნონა გაფრინდაშვილი 1954 წლის სექტემბერში სწავლის გასაგრძელებლად და ჭადრაკში შემდგომი დაოსტატების მიზნით, ნონა საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, დეიდასთან და მის მეუღლესთან, ტატიანა გრიგოლიასა და დიმიტრი ჯაბუას ოჯახში.
ნონამ თბილისის ქალთა 1955 წლის პირველობაში მეორე ადგილი დაიკავა. შემდეგ რიგაში მოსწავლეთა საკავშირო გუნდურ პირველობაშიც ისახელა თავი. კიდევ უფრო თვალსაჩინო წარმატება მოიპოვა მან 1956 წელს, როცა თბილისის ჩემპიონი გახდა ქალთა შორის. ამავე წელს ნონა პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის.
1960 წლის მიწურულს რიგაში საბჭოთა კავშირის ქალთა XX ჩემპიონატი გაიმართა, რომელსაც უნდა გამოევლინა მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირის ოთხი საბჭოთა მონაწილე. ნონა გაფრინდაშვილმა ტურნირში მეოთხე ადგილი დაიკავა და პრეტენდენტთა ასპარეზობის საგზური მოიპოვა.
იმ დროს მსოფლიო ჩემპიონი, გენიალური მოჭადრაკე, მიხეილ ტალი წერდა: „მსოფლიო ჩემპიონობისათვის პირველად იბრძოლებს მკაფიო საჭადრაკო ბიოგრაფიის მქონე, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტი ნონა გაფრინდაშვილი. საინტერესო კომბინაციებთან ერთად, მან გვიჩვენა ოსტატობის ზრდა პოზიციურ თამაშში... პრეტენდენტთა ტურნირში იგი, რა თქმა უნდა, პირველი ადგილისათვის იბრძოლებს“.
მიხაილ ტალის წინასწარმეტყველება გამართლდა, ნონა გაფრინდაშვილმა 1961 წელს დიდი უპირატესობით იპირველა პრეტენდენტთა ტურნირში, 16 შეხვედრიდან 12,5 ქულა მოაგროვა და ორი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ვ. ბორისენკოს.
„მე რომ ვეტერანთა ტურნირებზე დავდივარ, ეს არის ჩემი დასვენება. ის არის ჩემი სამყარო. იქ ეროვნება არ არის, ჭადრაკია იქ ეროვნება...
მეორე ოპერაციის შემდეგ გავიმართე, დავდივარ ჩვეულებრივ... ადამიანი პენსიაზე თუ დაჯდა სახლში, ძალიან ჩქარა გადის მისი სიცოცხლე...
მე მინდა ადამიანებს მივცე მაგალითი, რომ ნებისმიერ ასაკში, თუ ფიზიკურად და გონებრივად ორგანიზმმა ხელი შეგიწყო, მაშინ მაქსიმალურად უნდა გააგრძელო საქმიანობა.
2 წლის ვიყავი, როცა სამეგრელოს გუნდი უნდა წასულიყო ბათუმში. გუნდში სჭირდებოდათ ერთი გოგოც, რომელიც თამაშობდა ჭადრაკს. მოვიდნენ ჩემს მშობლებთან სათხოვნელად და ისე მოხდა, რომ ჩემი ძმის მაგივრად მე წავედი...
ჭადრაკმა ყველაზე მნიშვნელოვანი მომცა: ხალხის სიყვარული. ქუჩაში ჩემთან ბავშვებიც მოდიან“. – ამბობდა ნონა გაფრინდაშვილი.