ქართული თეატრის მარადიული გრუშე – ასე უწოდებენ დღემდე შესანიშნავ მსახიობს, შესრულების გამორჩეული მანერითა და დაუვიწყარი გარგნობით დაჯილდოებულ იზა გიგოშვილს. მისი ცხოვრება ყველა ეტაპზე სკანდალებითა და მითქმა-მოთქმით იყო სავსე. მასზე საუბარი უყვარდათ და თავადაც უყვარდა, როცა მასზე საუბრობდნენ. როდესაც თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა ქალმა კრებაზე უთხრა, რა არის, სულ შენზე უნდა ლაპარაკობდნენო? იზა ლაღად გაეპასუხა – აბა შენზე ვინ ილაპარაკებსო… სკანდალები ახლდა მის პირად ცხოვრებასაც, სკანდალები ახლდა მის პოლიტიკურ პოზიციასაც – როდესაც ის მხარს ზვიად გამსახურდიას უჭერდა. ხმაურის ფონზე აარსებდა იგი სამეფო უბნის თეატრსაც…
იზა გიგოშვილი, საქართველოს სახალხო არტისტი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, 1938 წლის 16 თებერვალს დაიბადა, თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ ნათესავმა მინსკში წაიყვანა სწავლის გასაგრძელებლად. იქ გაიცნო აკადემიკოს პროკოპჩუკის ვაჟი, კიბერნეტიკოსი არტური, რომელსაც ერთი ნახვით შეუყვარდა ქართველი გოგონა და მალევე შეირთო...
"ჩემი პირველი ქმარი, არტური, თავისებურად მიყვარდა. ჩვენ საერთო შვილი, ია გვყავს, მაგრამ ძალიან პატარა ვიყავი მაშინ და ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ეს უფრო გატაცება იყო. მალე მივხვდი, სხვადასხვა მენტალობა, შეხედულებები გვქონდა. ვეღარ ვძლებდი მინსკში, ჩემთვის აკადემიკოსის პედანტური ოჯახის წესები მოსაწყენი აღმოჩნდა. ფერწერა მიტაცებდა, კარგად ვხატავდი და მეუღლეს ვუთხარი, რომ სამხატვროში მინდოდა სწავლის გაგრძელება, თანაც, აუცილებლად თბილისში. მისგან არც თანხმობა მიმიღია, არც უარი. მოვკიდე შვილს ხელი და წამოვედი, მაგრამ მოულოდნელად მივიღე გადაწყვეტილება, რომ სწავლა გამეგრძელებინა არა სამხატვროში, არამედ თეატრალურში. ჩემს ჯგუფში აღმოჩნდნენ მერაბ თავაძე და ლია გუდაძე, რომლებსაც დავუმეგობრდი".
ამბობენ, მერაბს თავიდანვე მოსწონდა იზა, მაგრამ რადგან იგი გათხოვილი იყო, მეგობრობაში გადაზარდა თავისი გრძნობაო. მეორე კურსზე მერაბიც დაქორწინდა, მსახიობი ირმა გურიელი მოიყვანა ცოლად. მათ ორი ვაჟი შეეძინათ. არ გასულა დიდი დრო და იზას ოჯახში ძალიან დაეძაბა სიტუაცია. ქმარი მინსკში დაბრუნებას სთხოვდა, არც მისი მსახიობობა ხიბლავდა მაინცდამაინც, იზას კი ცხოვრება ვეღარ წარმოედგინა თეატრის გარეშე. მერაბ თავაძე მას გვერდში დაუდგა, ანუგეშებდა, ამშვიდებდა... ეჭვის ნაპერწკალი მალე აგიზგიზდა მათ ოჯახებში... ახლა მერაბსაც აერია ოჯახური მდგომარეობა. ატყდა მითქმა-მოთქმა, ახლობლები მერაბის და იზას ერთად ყოფნის წინააღმდეგნი იყვნენ... ბერჯერ ეტკინათ გული, ბოლოს დაქორწინდნენ. გაჩნდა ნიკა თავაძე.
"პირველი ქმარი არ მიყვარდაო, ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც არ იყო ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი. არტური ძალიან პრაგმატული გახლდათ, მოკლებული ყოველგვარ რომანტიულობას, ალბათ ამიტომაც ვერ შევეწყვეთ და დავშორდით ერთმანეთს. მერაბს მართლაც ჩემი"მეორე ნახევარი" ჰქვია, ამ სიტყვის ზუსტი გაგებით. ჩვენ ახლაც ვმეგობრობთ, ვუგებდით ერთმანეთს და რაც მთავარია, საყვარელ საქმეს ერთად ვაკეთებთ. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სიყვარულში იტანჯებიან და იმასაც სტანჯავენ, ვინც უყვართ. სიყვარულმა თუ არ გაგაბედნიერა, აბა, რა სიყვარულია? ამ გრძნობამ კი არ უნდა დაგაკნინოს, არამედ - აგამაღლოს. როცა შეყვარებული ხარ, მიწას ფეხსაც არ აკარებ, მართლაც დაფრინავ. ბედნიერი ქალი ვარ, რომ ღმერთმა ასეთი სიყვარული მარგუნა და გამომაცდევინა" - ამბობდა იზა გიგოშვილი.
გიგოშვილის თამაში გამოირჩევა სინატიფით, პლასტიკით, მოხდენილობითა და გარდასახვის უნარით; შექმნა მომხიბლავი და გულწრფელობით აღსავსე თავგანწირულ, შეუპოვარ ქალთა სახეები: ძაბული (კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“), კაბილა (ალფრედ დე მიუსე „სიყვარული სახუმარო არ არის“), ჰერმია (უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი"), ქსენია (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), ნატო (ალექსანდრე ჩხაიძე „ხიდი“), გრუშე ვაჩნაძე (ბერტოლტ ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“), ზიტა (გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი „ნათან ბრძენი“), შუშანიკი (იაკობ ცურტაველი „შუშანიკის წამება“), თამარი (კარლო გოლდონი „მშვენიერი ქართველი ქალი“) და სხვ.
გადაღებულია ფილმებში: „ქერათმიანი ქალიშვილი“, „ანარეკლი“, „ამაღლება“, „დათა თუთაშხია“, „მთის ნოველა“, „მარადისობის კანონი“, „მე დავბრუნდები“, „ქართველები ცაში“, „თვინიერი“, „ხვეული კიბით“. გამორჩეული და დაუვიწყარია მის მიერ შესრულებული გრუშე ვაჩნაძის როლი რობერტ სტურუას სპექტაკლში „კავკასიური ცარცის წრე“.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/ZxCiayTU4hc?si=PFGTFn49NdGN4Lt0" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>