სათვალე მოვიხსენი, ჩემ წინ მჯდომს უსათვალოდაც კარგად ვხედავდი. სამაგიეროდ, გარშემო ყველაფერი ბუნდოვანი მეჩვენებოდა და ეს ჩემს სიმყუდროვეს უფრო სასურველ ელფერს სძენდა.მხედველობა, რომელიც იმ დღეს გამოვიგლოვე, სათვალე რომ დამინიშნეს, ახლა არც ისე საშინელი მეჩვენებოდა. სათვალეც შესანიშნავად მოვირგე და საწოლიდან ადგომისთანავე ხელის ფათურით ვეძებდი, რომ დილიდან ყველაფერი უფრო ხასხასა და ლამაზ ფერებში დამენახა. ფანჯრიდან არცთუ ისე სახარბიელო ხედს ჩემი სათვალე თითქმის სახარბიელო ფერებში აჩვენებდა... ამიტომ მიყვარდა ასე ძალიან.
მე იმ დროს გავჩნდი, როცა საავადმყოფოში მწოლიარე დედები ავტომატის გუგუნზე ბავშვებს ბალიშის ქვეშ მალავდნენ. მახსოვს პურის უსასრულოდ გრძელი რიგი და რიგის ბოლოს მე და მამა; მახსოვს ლურჯი ფერის პური, რომელიც იმ დროს ისეთივე სასურველი იყო, როგორც ახლა თეთრი, ქათქათა პურია. არა, ამაზე მეტად სასურველიც კი.
მახსოვს, დღესასწაულებს როგორ ალამაზებდა შუქის მოსვლა და ჩვენი შეძახილები: "ვაშა", "ვაშა" და რა სასოწარკვეთაში გვყრიდა ათ წუთში მისი ჩაქრობა. მერე ისევ აჟიტირებას იწვევდა მისი მოსვლა, მერე ისევ ჩაქრობა და ასე უსასრულოდ, დღეები კი არა, წლები... ის დრო მახსოვს, როცა ძალიან ცოტა იყო საჭირო იმისთვის, რომ ძალიან ბედნიერი ვყოფილიყავი.
დიდ ღუმელთან შეკრებილი ჩემი ოჯახი მახსოვს, ზამთრის ცივ ღამეებში ჩვენ ხუთნი: მე, ნია, მამა, დედა და ბებია, საჭირბოროტო საკითხებზე რომ ვმსჯელობდით. ოჯახის წევრები მუდმივი გამოსავლის ძიებაში იყვნენ და მაინც უიმედოები წვებოდნენ თავთავიანთ საწოლებში. მაგრამ მხიარული ღამეებიც მახსოვს, მაგიდა დოლის ფუნქციით, რომელზეც დედა მოხერხებულად უკრავდა, ბებოს ნამღერი "მოხევის ქალო თინაო" და ჩემი და ნიას საცეკვაო წარმოდგენები უფასო მეცადინეობებიდან.
ჰო... მართლა, არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი ბედკრული ოცნებები, თოჯინები, რომლებიც მემკვიდრეობით გვერგო დედასგან. წითელსახიანი გოგონა, მწვანე თვალებით და მოკლე ქერა თმით. ახლაც მაინტერესებს, სად იშოვეს მისმა მშობლებმა, ეს ტიპური გერმანული პირისახის თოჯინა, გაგანია საბჭოეთში. ნიას თოჯინა ჩემსას სჯობდა, დიდი თავი და პატარა ტანი ჰქონდა, მაგრამ პირსახოცში გამოკრულს მხოლოდ ლამაზი, ფითქინა სახე უჩანდა. პროტესტს იმის თაობაზე, რომ ხანდახან თოჯინები გაგვეცვალა, მოსდევდა მისი მუქარა, რომ აღარ მეთამაშებოდა.
ისედაც უკვე დიდი იყო და ჩემი ხათრით თამაშობდა... ჯანდაბას... ამ თოჯინითაც შეიძლებოდა თამაში... ბოლოს და ბოლოს, ვინმე კეთილი დეიდა დაბადების დღეზე მაჩუქებდა ახალს, თუმცა სულ ტყუილი იმედები იყო, დაბადების დღეზე კლასიკურად მერგებოდა ნალექიანი ყავის სერვიზი (ყავას დღემდე ვერ ვიტან), რომელიც საკმარისზე მეტი იყო ოჯახში და ყუთითვე ვინახავდით, რათა მომდევნო უიღბლოს დაბადების დღეზე მიგვეტანა. უკეთეს შემთხვევაში, სამი ზომით დიდი "ჩუსტები", პრინციპით: მთავარია, პატარა არ არის, გაიზრდები და ჩაიცვამ. ისიც, სავარაუდოდ, ვიღაცამ რომ ვიღაცას აჩუქა და მან ისეთი რთული დღისთვის შემოინახა, როგორიც "ვინმეს დაბადების დღე" იყო.
ჩემი ცეკვის გაკვეთილები... მთავარია, უფასოდ დავდიოდი. აბა, იმ შავბნელ ხანაში საცეკვაოდ ვის სცხელოდა, მით უმეტეს, ფულს ვინ გადაიხდიდა ამაში. პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით, ყველა ერთ ჯგუფში ვცეკვავდით. ზამთარში ისე ყინავდა დარბაზში, რომ დაისისთვის გაშლილ თითებს ცეკვის დასრულების შემდეგაც ვერ ვხრიდი, ხოლო სამ მეცადინეობაში ერთხელ, გრიპის გრანპრით დაჯილდოებული ვბრუნდებოდი სახლში.
ჩემი კლასელი გოგონები დადიოდნენ მუსიკაზეც. მეც გამოვთქვი სურვილი, მაგრამ დედას ჭირის დღესავით სძულდა მუსიკალური სკოლის მასწავლებლები, მწარე გამოცდილება იმისა, რომ ყოველ შეშლილ ნოტზე თითებზე კანგაცლილი წკეპლა ურბენდა და უარეს შემთხვევაში, თავზე - "შკოლა იგრის" ნოტები, აიძულებდა უარი ეთქვა ჩვენს მუსიკალურ განათლებაზე.
უიღბლობა მხოლოდ საჭმელ-სასმლის უქონლობაში როდი გამოიხატებოდა. ჩემი გარეგნობა სრულიად უიღბლოს მხდიდა სხვა, მოზარდ გოგონებთან შედარებით. ჯერ ეს ერთი, ჩემი ჩაცმულობა მუდმივად ხდებოდა კლასელი გოგონების ქილიკის საგანი; ამას ემატებოდა ისიც, რომ წარბების და ულვაშების ამოპუტვის უფლებას არ მაძლევდა დედა. მენსტრუაცია, რასაც ყველა გოგო 13 წლის ასაკში სიამაყით განიხილავდა, რადგან ეს ნიშნავდა ქალურ სამყაროში ფეხის შედგმას, მე ჯერ არ მქონდა და არც ნული ნომერი ბიუსტჰალტერი. ჩემს მოთხოვნას, ბიუსტჰალტერის ყიდვის თაობაზე, მოსდევდა დედაჩემის პასუხი, რომ მისი ჩაცმა მკერდის ზრდას კიდევ უფრო შემიფერხებდა, თუმცაღა, ამ ყველაფრის შემდეგ სრულიად გაუგებარი იყო, რატომ გადადიოდნენ გოგონები ერთ ზომა ლიფზე, რომლებსაც წესით, მკერდის ზრდა უნდა შეფერხებოდათ და რატომ იყო ჩემი მკერდი ისევ ,,მოზრდილი ხალივით"...
გაგრძელება იქნება