მსახიობი გიორგი ყიფშიძე ბოდიშს უხდის იმ ადამიანებს, ვისაც აწყენინა. ასევე, პატიებას სთხოვს საკუთარ შვილს, ნატალიას, რომელმაც როგორც თვითონ ამბობს, "დაბლოკა".
"ამ ვიდეოთი მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო, ვისაც ვაწყენინე. დამსახურებულად, დაუმსახურებლად, ყველას ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, და თუ იმ ძალას იპოვით თქვენში, რომ მაპატიოთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ეს, პირველ რიგში, ჩემს შვილს ეხება, რომელმაც დამბლოკა" - ამბობს გიორგი ყიფშიძე.
ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მსახიობი ნატალია ყიფშიძე, რომელიც ასევე მსახიობ ზურა ყიფშიძის შვილიშვილი და გიორგი ყიფშიძის შვილია, კრიტიკისა და განხილვის ობიექტად იქცა. როგორც ცნობილია, ის ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის გადადწყვეტილებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" მიღების შესახებ და საპროტესტო აქციებშიც აქტიურად მონაწილეობს. მის ერთ-ერთ საჯარო განცხადებას ამ საკითხზე ბაბუის, ზურა ყიფშიძის ნეგატიური შეფასება მოჰყვა:
“ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!?” - წერს ზურა ყიფშიძე.
ბაბუის კომენტარს ნატალიაც გამოეხმაურა:
“მეც ნაღვლიანად ვარ, ბა. მოგეწერა ან დაგერეკა, ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები, მაგრამ არ მოგმართავ, განსაკუთრებით, სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად”.
მოგვიანებით ნატალიამ ზურა ყიფშიძესთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და მის მიმართ სიყვარული კიდევ ერთხელ დაადასტურა. ახალგაზრდა მსახიობმა თავისი ეროვნების მიმართ გამოთქმულ კომენტარებსაც უპასუხა და დაწერა, რომ ნახევრად სომეხია, ნახევრად ქართველი და ამით ამაყობს.
მიუხედავად ამგვარი კრიტიკისა, ნატალიას მხარდაჭერაც უამრავმა ადამიანმა გამოუცხადა. ის არ ღალატობს არჩეულ გზას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას აგრძელებს:
"პირველ რიგში, მინდა ვთქვა მადლობა! მადლობა, რომ გუშინ ასე მყარად იდექით! მადლობა, რომ, ნეობოლშევიკური პროპაგანდის მიუხედავად, მე-17 დღეა, გამოდიხართ და იბრძვით იმ მომავლისთვის, რომლისთვისაც 30 წლის წინ ჩემი თანატოლები აფხაზეთში რუსულ ოკუპაციურ ჯართან ბრძოლას შეეწირნენ! ისინი იმისთვის არ დაღუპულან, რომ დღეს რუსულ ნეობოლშევიკურ კანონს ხალხის უკითხავად იღებდეს ხელისუფლება. იმისთვის არ დაღუპულან, რომ საკუთარი ხელისუფლება ძალას იყენებდეს მშვიდობიან აქტივისტებზე, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ ქვეყნის გარუსებას.
სამშობლოს დასაცავად ერთიანად ვიბრძვით ყველა თაობა. ის თაობა, რომელიც 9 აპრილს მოესწრო. ის თაობა, რომელმაც თავი დადო აფხაზეთში .ის თაობა, რომელიც 2008 წლის ომს მოვესწარით. ის თაობა, რომელმაც მოისმინა ეს ისტორიები და არ უნდა საკუთარ თავზე გამოცდა და არც ჩვენს მშობლებს სურთ, რომ გამოვცადოთ! სწორედ ამიტომ დგანან ისინი ჩვენ გვერდით.
ჩვენ ვიცავთ სამშობლოს, რომელიც ჩვენამდე ჩვენმა წინაპრებმა სისხლის ფასად მოგვიტანეს. გუშინ კიდევ ერთხელ დაგვანახეთ თქვენი ნამდვილი სახე, რომელსაც 29 აპრილის აქციის დაანონსების შემდევ მალავდით. ჩვენ ხშირად სხვა პარტიების სახელს გვაწერენ, ამბობენ, რომ სხვა მოტივი გვამოძრავებს, რაც არის აბსურდი. ჩვენი მოთხოვნაა, გვყავდეს ხელისუფლება, რომელსაც უყვარს ჩვენი სამშობლო! არა ლოზუნგებით, არამედ საქმით იცავს ყველა ქართველისთვის სანუკვარ ტრიადას: მამული, ენა, სარწმუნოება!
ამ სიტყვაზე ვიცი, რომ პასუხად მივიღებ, რომ მათ მართლა უყვართ სამშობლო, ოღონდ მათი სამშობლოს სიყვარული გადის კორუფციაზე! გადის უსამართლო სასამართლოზე! გადის თავისუფალი სიტყვის ჩახშობაზე! ეს განგვასხვავებს და ეს სამეული აქცევს ამ კანონს რუსულად! მათ ავიწყდებათ ყველაზე მნიშვნელოვანი - საქართველოს მოქალაქე, რომლის გარეშე არც მამულია, არც ენაა, არც სარწმუნოება.
თქვენ ამბობთ, რომ ოჯახის სიწმინდეს იცავთ და ამ დროს მშობლებს უპირისპირებთ შვილებს! ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს არჩევანს და მერწმუნეთ, რომ ნეობოლშევიზმი არ იქნებით ჩვენი არჩევანი!
გელოდებით ყველას დღეს აქციაზე! თუ ფიქრობდით თქვენი პოზიციის დაფიქსირებაზე და ვერ ბედავდით, ახლა გაქვთ ამის შანსი - იდგეთ სწორ მხარეს და ეს არის ხალხის მხარე!" - წერს ნატალია ყიფშიძე.