საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი დონარა კინწურაშვილი 1938 წელს დაიბადა. იყო არაერთი გადაცემის, მათ შორის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი. 80-იან წლებში მიჰყავდა გადაცემა „ცეროდენას ეკრანი“.
ტელევიზიაში 21 წლის ასაკში მივიდა და 45 წელი იმუშავა. სილამაზითა და გამართული მეტყველების უნარით დაჯილდოებული მოსწავლე სკოლაში მალევე გამოარჩიეს. მშობლების რადიოში მუშაობის მიუხედავად, ჟურნალისტობაზე არასოდეს უფიქრია - პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი იყო.
"მშობლები რადიოში მუშაობდნენ, სიმართლე გითხრათ, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტობაზე არ მიფიქრია. ერთხელ პიონერთა სასახლეში საახალწლო გადაცემისთვის ბავშვებს არჩევდნენ. შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად. სკოლიდან დირექტორმა გამიშვა. ლექსი უნდა მეთქვა, დავიწყე, მაგრამ ბოლომდე თქმა არ მაცადეს, გული დამწყდა, ვიფიქრე, არ მოეწონათ მეთქი, მაგრამ დამტოვეს... ეს იყო ჩემი პირველი გამოჩენა ტელეეკრანზე.
შემდგომში პიონერთა სასახლეში თუ რამე ღონისძიება ტარდებოდა, ყოველთვის მიძახებდნენ, თუმცა ამის მერე თავი დავანებე წამყვანობას და უცხო ენათა ინსტიტუტში ჩავაბარე.ერთხელაც ჩემი ძმის ამხანაგი, ცნობილი მთარგმნელის, ვენერა ურუშაძის ვაჟიშვილი მოვიდა ჩვენთან. სახლში დიდი ფარდები გვეკიდა, გავწიე ეს ფარდები და მურმანს მივესალმე. გაეცინა და ჩემს ძმას უთხრა: კინოსტუდიაში არ უშვებ, ტელევიზიაში დიქტორად მაინც გაუშვიო. შევეწინააღდეგე დიქტორად არ მინდა, ჟურნალისტობა მინდა-მეთქი. მურმანმა ტელევიზიის იმჟამინდელ დირექტორ კაკო ძიძიგურთან მიმიყვანა, მასთან ერთად ჯულიეტა ვაშაყმაძე და თენგიზ ნათაძე იყვნენ, გაუხარდათ ჩემი მისვლა, გამომცადეს და ყველას მოვეწონე.
1963 წელს დაიწყო ჩემი მოღვაწეობა ამ სფეროში. 21 წლის ვიყავი, როდესაც პირველი ჩაწერიდან გამოვედი, ეს იმდენად სასიამოვნო იყო, მეგონა, რომ უკვე ყველა მცნობდა და ყველა მე მიყურებდა. ტელევიზიაში თითქმის 50 წელი დავყავი, რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი ვარ..." - იხსენებდა დონარა კინწურაშვილი.
ერთხელ BBC-ის ეთერშიც კი გამოჩნდა - ინგლისიდან ტელევიზიის გუნდი საქართველოში ჩამოვიდა, რათა მოკავშირე რესპუბლიკების ხალხური შემოქმედება გადაეღო. ქალბატონი დონარა ერთ-ერთ ინტერვიუში მისი ცხოვრების ამ საამაყო მომენტსაც იხსენებდა:
"ბიბისის" გადამღები ჯგუფი ჩამოსული იყო იმისათვის, რომ გადაეღო მოკავშირე რესპუბლიკების ხალხური შემოქმედება და წარედგინა ინგლისისთვის. იმ წელს პირველად იღებდა მონაწილეობას საქართველო. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო. ჩაიწერა ჩემი გამოსვლა და ცოტა ხნის შემდეგ "ბიბისიდან" მოვიდა მადლობის წერილი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო წარდგენაში შეტანილი წვლილისათვის.
ტექსტის დაზეპირება გვიწევდა, სად იყო სუფლიორი მაშინ. არც ტექნიკა გვქონდა წესიერი, ფუჭდებოდა და კარგა ხანს ველოდით ხოლმე მის გაკეთებას... გააკეთებდნენ, მერე ისევ მალევე ფუჭდებოდა, ახლა რომ ვფიქრობ, საშინელ პირობებში ვმუშაობდით. სულ ძველ და გაფუჭებულ ტექნიკას გვიგზავნიდა რუსეთი. დღეს ტექნიკა განვითარებულია და მიხარია. ერთხელ ჩვენთან საკავშირო შოუ-პროგრამების რედაქტორი მასლიაკოვი ჩამოვიდა, გაოცებული იყო, როგორ მუშაობთ ამ პირობებშიო...
მინდა, ყურადღება ჟურნალისტების ჩაცმის სტილზე გავამახვილო, რაც საშინლად არ მომწონს. არ შეიძლება ასეთი სიტიტვლე ეკრანზე. ლამის შორტებით გამოდიან და ყველაფერი უჩანთ. ასე როგორ შეიძლება, ჩაცმის კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს. მახსოვს, ოპერაში საახალწლო გადაცემას ვწერდით, ძალიან ლამაზი კაბა მეცვა, ოდნავ ჩახსნილი, რეკავს გადაცემის ავტორი, დონარას უთხარით რამე მოიხუროსო. ახლა კი ისეთი განუკითხაობაა, არ ვიცი. ალბათ სიამოვნებთ, ასეთ გაშიშვლებულ გოგონებს რომ უყურებენ" - ამბობდა დონარა კინწურაშვილი.