თაკო ჭანუყვაძის პერსონაჟი, კეკე, პოპულარული სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები", ბევრისთვის დასამახსოვრებელი გმირია. კეკეს ძალიან უყვარს გემოვნებიანად ჩაცმა, დახვეწილი სამოსი და აქვს გამორჩეული სტილი. თავად მსახიობი ამბობს, რომ კეკესთან სწორედ ეს ერთადერთი საერთო აქვს - მასაც უყვარს, რომ სახლშიც კი კარგად გამოიყურებოდეს.
თაკო ჭანუყვაძე
თაკომ მოდისა და სამოსისადმი სიყვარულით საკუთარი ბრენდი ATM შექმნა და დღემდე მას ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, არის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი და ჰყავს ერთი შვილი - ანასიკო.
„ყოველთვის ფორმაში ვარ, მაგრამ ეს იმდენად გამჯდარი მაქვს ჩვევაში, ყველაფერს იმდენად სწრაფად ვაკეთებ, რომ დიდი დრო საერთოდ არ მჭირდება. თან, ყოველთვის ყველაზე მეტად მომწონს ჩემი გაკეთებული. ნებისმიერი ვარცხნილობა. შემიძლია, ძალიან მარტივად გავიკეთო ზუსტად ისე, როგორც მე მომწონს. ყველაზე მეტად საკუთარ თავს ვენდობი, რადგან ვფიქრობ, შენზე უკეთ არავინ იცის, შენ რა გიხდება და რა – არა. აქედან გამომდინარე, ძალიან მალე ვწესრიგდები და სულ იმ ფორმაში ვარ, როგორიც მე მომწონს და მიყვარს. სახლშიც ისეთი შრიალა და ფერადი უნდა ვიყო, როგორიც გარეთ. ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობაა. ეს ჩემთვის ისეთივე ბუნებრივია, როგორც სხვა ადამიანებისთვის ყოველდღე ჯინსისა და მაისურის ჩაცმა. ჯინსი და მაისური წლის განმავლობაში ორჯერ მაცვია და ისიც მეგობრების ხათრით.
ჩემი ყოველდღიურობა ისეთია, როგორსაც მხედავთ ეკრანზე, ფოტოებში თუ ნებისმიერ სხვა მოცემულობაში და მე ეს მაბედნიერებს. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ შოპინგი არ მიყვარს. თუ მაღაზიაში შემხვდებით, ალბათ, სხვისთვის ვყიდულობ საჩუქარს. მე არ ვშოპინგობ, მხოლოდ ნაჭრებისა და აქსესუარების მაღაზიაში დავდივარ. ამ ორ მაღაზიას გვერდით ნამდვილად ვერ ჩავუვლი, იქ შემიძლია, ძალიან დიდი დრო გავატარო“, - ამბობდა თაკო.
თაკო საკუთარი ცხოვრებით ბედნიერი და კმაყოფილია. ამბობს, რომ აკეთებს საყვარელ საქმეს და აქვს ჰობიც, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს:
"ვფიქრობ, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. პროფესიაშიც გამიმართლა და სხვა ცხოვრებისეულ საკითხებშიც. მოგეხსენებათ, თეატრში ვმუშაობ, იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემი ყველა სამუშაო დღე მაბედნიერებს. თამამად ვამბობ, რომ მე ჩემი პროფესიით ადამიანებს ვემსახურები. თუკი ჩემი მაყურებელი დარბაზიდან კმაყოფილი და ემოციებით სავსე გადის, მით უმეტეს, თუ განცდები რამდენიმე დღე მიჰყვება, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იღბლიანი ვარ პირად ცხოვრებაშიც. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილი, მშობლები, ძმა, მეგობრები. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ გარშემო ასეთი ადამიანები მყავს, მე ისინი ყოველდღიურად მაბედნიერებენ. ვფიქრობ, რომ ეს ბედნიერებისთვის სრულიად საკმარისია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ არ უნდა ჩავთვალო თავი იღბლიანად?!", - ამბობდა თაკო ჭანუყვაძე.