ლეგენდარული ქართველი მოცეკვავე იამზე დოლაბერიძე დაიბადა 1939 წლის 7 დეკემბერს ქალაქ თბილისში. წარმატებით დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. მაშინვე ჩარიცხეს თბილისის ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასში, მაგრამ მალე ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა საქართველოს სსრ ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში მიიწვიეს. ამ ანსამბლში დაოსტატდა იმაზე დოლაბერიძე როგორც მოცეკვავე მსახიობი.
მან ფრიდონ სულაბერიძესთან ერთად ქართული ხალხური ცეკვის ინდივიდუალურ-შემსრულებელთა რესპუბლიკურ კონკურსში ქართულის ბრწყინვალე შესრულებისთვის 2-გზის 1962-ში და 1968 წლებში მოიპოვა პირველი ადგილი და ოქროს მედალი.
"ძალიან ადრე დავქვრივდი, ჩემი შვილები ორი და ოთხი წლისანი იყვნენ და ჩვენი პატრონობა სუხიშვილების ოჯახმა ითავა. ჩემი შვილები ილიკოსა და ნინოსთან ერთად გაიზარდნენ და დღემდე ასე მოვდივართ. წლების წინ, როცა ილიკომ თანამედროვე ქართული ცეკვები პირველად წარმოადგინა აღფრთოვანებული დავბრუნდი სახლში, ამ დროს კი სრულიად უცხო ხალხი მირეკავდა და შემომჩიოდა, ეს რა ქნეს სუხიშვილებმა, როგორ დაამხვეს ქართული ცეკვა და წინაპრების სახელიო! მე გაოცებული ვპასუხობდი, ხალხო, ნუთუ ამას სერიოზულად ამბობთ, მე ისე მომეწონა ახალი დადგმები, სუნთქვა შემეკრა-მეთქი. ასეთი პასუხის შემდეგ ეს ხალხი გაბრაზებული მითიშავდა ტელეფონს ან მეკითხებოდა, ნუთუ ამას გულწრფელად ამბობთო?! სხვანაირად როგორ ვილაპარაკებდი?! ან რომელ ქართული ცეკვის ცვლილებაზეა ლაპარაკი?!" - ამბობდა იამზე დოლაბერიძე.
იამზე დოლაბერიძე ქმნიდა მოცეკვავეთა სამოსის ესკიზებს. 1979-2010 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სხვადასხვა ქორეოგრაფიულ სტუდიებში, ასევე მისივე დაარსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იამზეში“; ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლში წარმატებით შეასრულა სოლო პარტიები ცეკვებში: „აჭარული“, „ხევსურული“, „ყარაჩოხელი“; ოპერისა და ბალეტის თეატრში ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში, მათ შორისაა „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ქეთო და კოტე“; აგრეთვე ცეკვავდა ბალეტებში: „ექიმი აიბოლიტი“, „ოტელო“, „მშვიდობისათვის“, „გორდა“.
2015 წლის 10 ივნისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.