ზეინაბ ბოცვაძე დაიბადა 1944 წლის 13 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. მისი სამსახიობო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც რეჟისორმა ნანა მჭედლიძემ ქუჩაში დაინახა, მოეწონა და თავის ფილმში “ჩქარი მატარებელი” გადაიღო. პირველად მომავალი მსახიობი ოპერატორმა ლევან პაატაშვილმა შეამჩნია:
“სკოლიდან ამხანაგებთან ერთად მოვდიოდი. შემჩნეული მყავდა ერთი კაცი, რომელიც მითვალთვალებდა და ძალიან უცნაურად მიყურებდა. არ ვიცი, დღესაც ვერ ავხსნი რატომ, ჩემს კლასელებს ვუთხარი, რომ ეს კაცი რეჟისორია და კინოში უნდა გადამიღოს-მეთქი. მართლაც, ორი დღის შემდეგ, ამ კაცმა გამაჩერა და მითხრა, რომ ჩემი კინოში გადაღება სურდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი ოპერატორი ლევან პაატაშვილი. ასე მიმიყვანეს პირველად გადასაღებ მოედანზე. მზადდებოდა ფილმი “დღე პირველი, დღე უკანასკნელი”. სტუდიიდან შინ რომ დავბრუნდი, ქვეყანა შევყარე, კინოში მიღებენ-მეთქი. სამწუხაროდ, ამ ფილმში არ გადამიღეს. მითხრეს, ძალიან პატარა ხარო. ასე ვიგრძენი პირველი ტკივილი. მეორედაც მიმიწვიეს. იქაც არ ამიყვანეს როლზე და გული ამიცრუვდა. მაგრამ მოხდა საოცრება და ნანა მჭედლიძემ მიმიწვია. ძალიან ბევრი გოგონა ცდილობდა, ეთამაშა ნანას ფილმში, მაგრამ მას არავინ სურდა. როგორც კი დამინახა, თქვა, აი, ამ გოგონამ უნდა ითამაშოს ჩემს ფილმშიო.”
პირველ როლს კიდევ არაერთი ფილმი მოყვა, თუმცა ქართველი მაყურებლისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი თენგიზ აბულაძის ფილმით "მონანიება" გახდა. ფილმში მისი პერსონაჟი განადგურებული ოჯახის სამართლიანობისთვის იბრძვის. ცნობილი ამბავია, რომ თავდაპირველად ბარათელი კაცი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფილმის რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ სიზმარი ნახა და სწორედ ამ სიზმრის შემდეგ გახდა ეს გმირი ქალი. თავად მსახიობი ამ ამბავს ასე იხსენებდა:
“ჩემთვის შეიძლება უხერხულია ამის თქმა, მაგრამ ალბათ აუცილებელი შემთხვევითობა იყო. თითქოს აუცილებლად უნდა შემხვედროდა ქეთევანი. სცენარის მიხედვით ბარათელი კაცი უნდა ყოფილიყო. ბატონ თენგიზს სიზმარში ვუნახივარ. მან მომიყვა: სიზმარში გნახე, თითქოს ქეთევან ბარათელი იყავი და პირველად ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ მინდა ბარათელი ქალი იყოს, თანაც ზეინაბ ბოცვაძე-მეთქი. მეუღლე ქალბატონი მზია მახვილაძე მაშინვე დათანხმებულა, რისთვისაც მადლობელი ვარ. შემდეგ ბატონი თენგიზი კინოსტუდიაში მისულა. შეუკრიბავს რეჟისორები და უთქვამს, გადავწყვიტე ბარათელი ქალი იყოს და ვის შემომთავაზებთო. სხვათა შორის, როდესაც ამ ამბავს მიყვებოდა, ვუთხარი, ალბათ არავის გავხსენებივარ-მეთქი. ჰო, არავინ გახსენაო, მიპასუხა. იქ ძალიან ბევრი მსახიობი ქალი დაუსახელებიათ, მაგრამ ბატონმა თენგიზმა განაცხადა, რომ მე უნდა მეთამაშა… ახლა კი როგორც უჰაეროდ არ შეგვიძლია სიცოცხლე, ასევე არ შემიძლია ქეთევანის გარეშე არსებობა. მან იმდენი რამ განმაცდევინა. ვერ გეტყვით, მე და ქეთევანი არ ვგავართ ერთმანეთს. პიროვნულად მასთან საერთო ბევრი რამ მაქვს, გარდა ერთისა – მე მკვდრების მეშინია და მიცვალებულს ნამდვილად ვერ ამოვთხრი. ქეთევანმა ძალიან ბევრი სიხარული მომანიჭა, ძალიან ბევრი რამ გამაგებინა, ბევრი რამ მასწავლა. ქეთევანის წყალობით, სამართლიანობის სიმბოლო აღმოვჩნდი.”
ერთხელ იქორწინა, მაგრამ საყვარელ ადამიანს მალევე დაშორდა და იმის შემდეგ ოჯახი აღარ შეუქმნია. მსახიობს არც შვილი დარჩა. ერთხელ, როდესაც საავადმყოფოში მოხვდა და დიაბეტიანი ბავშვები ნახა, მაშინ მტკიცედ განაცხადა, აი, ამიტომ არ გავაჩენ შვილს, არ მინდა ასეთი ტანჯვა გამოიაროსო.
ზეინაბ ბოცვაძისთვის განსაკუთრებით მტკივნეული ცხოვრების ბოლო 10 წელი აღმოჩნდა, აღარც ფილმებში იღებდნენ და აღარც თეატრში ათამაშებდნენ. მსახიობი 50 წლის ასაკში, იუბილემდე ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა. მოსკოვში გასტროლზე წასული მსახიობი სამშობლოში ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა.