„თინა რომ დაიბადა და რომ გაასწორა ფოკუსი, მივხვდი, რომ ეგრე ცხოვრებაში არც ერთ ქალს არ შემოუხედავს ჩემთვის, როგორც მიყურებს თინა" - კახა კინწურაშვილი - Marao

„თინა რომ დაიბადა და რომ გაასწორა ფოკუსი, მივხვდი, რომ ეგრე ცხოვრებაში არც ერთ ქალს არ შემოუხედავს ჩემთვის, როგორც მიყურებს თინა" - კახა კინწურაშვილი

2024-05-09 10:08:32+04:00

მსახიობმა კახა კინწურაშვილმა გადაცემაში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” შვილის – პატარა თინას შესახებ ისაუბრა. მსახიობი ემოციურად საუბრობს, თუ რა შეგრძნება დაეუფლა მაშინ, როცა ის პირველად დაინახა:

„თინა რომ დაიბადა და რომ გაასწორა ფოკუსი, მივხვდი, რომ ეგრე ცხოვრებაში არც ერთ ქალს არ შემოუხედავს ჩემთვის, როგორც მიყურებს თინა. ეს იმხელა გამოწვევაა, რომ შენ ამაში არ ჩარჩე და არ დაიწყო იდეალური მამის თამაში.

  • "კარგი იქნება, თუ ჩემი ცოლი არ იქნება ვინმეს ნაფერები" - ცნობილი ქართველი კაცები ქალზე, ოჯახსა და ცოლის როლზე 
  • Top 10 სიმპათიური ქართველი მსახიობი - ძველი და ახალი თაობა 

მე მგონი, გოგონებისთვის ეგ არის მთავარი პრობლემა. მერე გოგონები რომ იზრდებიან, იწყებენ იდეალური კაცის ძებნას, იდეალური კაცი კი, როგორც ვიცით, არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ, გოგონების მამებმა, შვილებს უნდა ვანახოთ ჩვენი თავი, ტკივილებით, მარცხებით, რომ მიხვდნენ, ჩვენც ადამიანები ვართ და არ დაიწყონ იდეალური კაცების მოძებნა და უბრალოდ იპოვონ საყვარელი ადამიანი” - ამბობს მსახიობი.

კახა კინწურაშვილი

ბავშვობაში სპორტსმენობა სურდა, თუმცა 6 წლის იყო, როცა მსახიობობა გადაწყვიტა და მას შემდეგ არჩეული გზისთვის არასდროს გადაუხვევია:

"ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა და, მგონია, რომ ეს ის მოედანია, სადაც შემიძლია, რაღაც შევქმნა" - ამბობდა ის. 2005 წლიდან დაიწყო აქტიური სამსახიობო კარიერა და მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, რუსთაველის, მუსიკისა და დრამის თუ ახალი თეატრის სცენაზე დღემდე თამაშობს. ვრცელია მისი კინოროლების სიაც: „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“, „თბილისური Love Story“, „ყაზბეგელი მფრინავი“, „უშენოდ მგონი მოვკვდები“, „სიყვარულის ბალადა“ , „ანოს და ვანოს თავგადასავალი“... მონაწილეობას იღებდა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო შოუში "შუა ქალაქში". განსაკუთრებული პოპულარობა კი კახა კინწურაშვილს სერიალმა "ტიფლისი" და ლუკა მაისურაძის როლმა მოუტანა.

კახას პერსონა ეკრანისა და სცენის მიღმაც ყოველთვის მომხიბვლელი და საინტერესო იყო, თუმცა თავად პირადი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ არასდროს საუბრობს. კახამ 2013 წლის 13 აგვისტოს ჯვარი პროფესიით იურისტ მზიკა ყანჩელზე დაიწერა:

"როცა გიყვარს და მასთან ურთიერთობას გადაწყვეტ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე. მზრუნველობაც ამ პასუხისმგებლობის თანმდევია. მზრუნველობისა და ინტერესის გარეშე ურთიერთობა არ გამოდის. ძირითადი, რაზეც ურთიერთობა დგას, სიყვარულია, რა თქმა უნდა, მაგრამ სიყვარული არ არსებობს ასე, განყენებულად, მრგვალი წრესავით, ბევრი კომპონენტის ერთობლიობას გულისხმობს. შეიძლება უამრავი ძალიან კარგი ადამიანი გვეხვიოს გარს, მაგრამ ჩვენ კონკრეტული ადამიანები გვიყვარდება ‒ ისინი, რომლებსაც ჩვენ მიმართ საპასუხო ინტერესი აქვთ. სწორედ ამ ურთიერთინტერესს ვარქმევ სიყვარულს. მე რამდენად შემიძლია სიყვარული? დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ის, რომ თუ მიყვარს, მართლა მიყვარს და ვცდილობ, ეს სიყვარული ყოველდღე ვასაზრდოო. მიყვარს და მორჩა ‒ ასე არ ხდება. როგორც ბევრ რამეს ჩვენს ცხოვრებაში ‒ რწმენას, საქმეს, ამ გრძნობასაც ბრძოლა უნდა" - ამბობდა კახა.