სპორტული ტანმოვარჯიშე, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი, საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონი, ბერლინისა და რუმინეთის მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1946), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952), საქართველოს სსრ ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე - ეს მედეა (მზია) ჯუღელის მიღწევების მცირე ჩამონათვალია.
სპორტის ქართველი ლეგენდა 1925 წელს, ქუთაისში დაიბადა. მამა, ნიკოლოზ ჯუღელის თერაპევტი იყო, დედა, თამარ ღამბაშიძე - სტომატოლოგი. 8 წლის იყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად განაწილებით ქუთაისიდან გურჯაანში გადავიდა. 1938 წლის 23 თებერვალს მამა, ნიკოლოზ ჯუღელი საბჭოთა უშიშრობამ დააპატიმრა და მოგვიანებით დახვრიტა. მამის დაკავებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დააკავეს და გადაასახლეს დედა. მარტო დარჩენილ მედეაზე მეზობელი სონია დარაბეგოვა ზრუნავდა. მალე მზია თბილისში, ბებია-ბაბუასთან გადავიდა. ჯერ კიდევ გურჯაანში ცხოვრებისას, მასწავლებელმა მასში დიდი სპორტული ნიჭი აღმოაჩინა. მან კარგად აუღო ალღო გოგონას ფიზიკურ მონაცემებს და მამის პაციენტების ცხენებზე ჯირითისა და ახტალას საგუბრებში ცურვის სანაცვლოდ ბავშვის მშობლებს მზიას პროფესიულ სპორტში შეყვანა შესთავაზა.
1940 წელს ლენინგრადში გამართულ მოსწავლეთა საკავშირო პირველობაზე მედეა ორძელსა და ბჯენით ხტომაში პირველი ადგილი, ხოლო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
„ასპარეზობაზე გამოსვლის წინ, თავში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა - შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა. დანარჩენი ყველაფერი თავისთავად ხდებოდა“, - იხსენებს მედეა ჯუღელი. ყველაზე მეტად ის ახარებდა, რომ თავისი წარმატებების წყალობით 1945 წელს გადასახლებული დედის მონახულება შეძლო.
დედა საბოლოოდ 1948 წელს გაათავისუფლეს, მამის ასავალ-დასავლის შესახებ კი არაფერი ისმოდა. ვიღაცამ ყურში ისიც ჩააწვეთა, ნიკოლოზი ბანაკში ავად გახდა და ფილტვების ანთებით გარდაიცვალაო. მზია 1998 წელს უშიშროების სამინისტროში გამოიძახეს. იქ მიღებულ ცნობაში ეწერა, რომ ნიკოლოზ ჯუღელი 1938 წელს დახვრიტეს...
1952 წელს, ჰელსინკის ოლიმპიადაზე, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მოასპარეზე მედეა ჯუღელმა ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა.
„ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, აბსოლუტურად არაფერს შევცვლიდი... ცხოვრებაში აუარება ტკივილი და ცრემლი გამომივლია, მაგრამ მის შელამაზებას მაინც არ ვისურვებდი... დიახ, ცხოვრება მხოლოდ ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე განცდილი ბედნიერება არაა. ეს არის მუდმივი ბრძოლა თვითდამკვიდრებისა და გადარჩენისათვის, სადაც ბევრი რამეს მხოლოდ და მხოლოდ შენ წყვეტ“, - ამბობდა ის.
1962–1965 წლებში წვრთნიდა საქართველოს ტანმოვარჯიშე გოგონათა ნაკრებს. 1965–1970 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ტანმოვარჯიშე გოგონათა ნაკრების მწვრთნელი. 1992 წლიდან იყო საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. 1996 წელს მზია ჯუღელი ატლანტის საიუბილეო ოლიმპიურ თამაშებზე საპატიო ოლიმპიელი ქალის სტატუსით მიიწვიეს, სადაც ქალ ოლიმპიელთა მუზეუმში მისი ფოტოებიც იყო გამოფენილი.