ფოტოგრაფი მარიამ ნაკანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
"იცით, რომ ეს ფოტო, რომელიც ბევრს გეყენათ windows ეკრანებზე, 21 წლის წინ გადავიღე. მე, სრული სიღარიბიდან, სიბნელიდან და სიცივიდან, როცა საყვარელი გამზრდელი ბაბუ, ტონი კალანდარიშვილი ხელებში ჩამაკვდა, როცა მეუღლე დამშორდა.
20 წლის მარტოხელა დედა ვიყავი, თავად პატარა, პატარა ბავშვით ხელში, მივადექი გურამ წიბახაშვილს სრული არაფრით ხელში, უკამეროდ, უკომპოდ, არც ფოტოების გადაღება ვიცოდი, ჯასთ მჭირდებოდა მოტივაცია, მიზანი და გადარჩენა!
იმის მერე ზუსტად 22 წელია, რაც ფუტკარივით ვმუშაობ.
ჟანრი კომერცია და მოდა არასებობდა საქართველოში, მე რომ ვწვალობდი, ვიგონებდი ათას იდეებს და ვცდილობდი ქართული რეკლამა განმევითარებინა. გამომდიოდა კიდეც, მაგრამ ძალიან რთულად. მაშინ არც ინტერნეტი მქონდა, არც პინტერესტის და არც იუთუბის ფუფუნება. შენით უნდა შეგექმნა და გამოგეგონებინა ყველაფერი ნულიდან. მიუხედავად პოპულარულობისა, ფოტოგრაფის შრომა საქართველოში არ ფასდება. დღემდე ვერ შემიძენია 30 კვადრატული ფართობის სტუდიაც კი, დედამ სახლი დაკარგა და ვქირაობ მისთვის 20 წელია ბინას.
მე ვაშლიჯვარში ვცხოვრობ პაწაწკინტელა ასანთის კოლოფისხელა ბინაში, დანჭყრეული გოლფ 4-ით ვმოძრაობ მე-15 წელია. ეს ყველაფერი არ მამძიმებს, პირიქით მამსუბუქებს. სუფთა ვარ სინდისთან, ალალი ვარ ხალხთან, თავისუფალი ვარ და ბედნიერი!
გადავცემ ჩემს უნიკალურ და უდიდეს გამოცდილებას ქართველ სტუდენტებს და ემიგრანტებს მსოფლიოს გარშემო და პურის ფულზე მყოფნის. ამ ფოტოებში ჩემი ძვირფასი მამამთილის სანდრო მამასახლისის სურათი შეგხვდებათ, ერთად რომ ვჭუკჭუკებთ სოფელში, დაგუგლეთ ერთი რა კაცი იყო სანდრო მამასახლისი. შემდეგ ჩემი გოგიტას ფოტოა, ისიც დაგუგლეთ... მოგვიანებით მოგიყვებით, რა ოჯახიდან ვართ ჩვენ და ვისი ფესვები გვაქვს. ვიღაცა ნათია წერს, რომ მაგარი ფულისტი ვყოფილვარ, საკითხავი ისაა, სად ვხარჯავ მაგ ფულებს?
მე რომ სნობი და ფულის ხამი ვყოფილიყავი, არც ღარიბაშვილს ვეტყოდი უარს და არც ბერას, არც კალას და არც ანუკის. წამოვედი ფაქტია და ვშრომობ დაუღალავად. ვინც ჩემზე არარსებულ ჭორებს იგონებთ, იცოდეთ, 1 მძიმე ლოდი დაგაწვებათ გულზე ცოდვისა, თქვენც და თქვენს შთამომავლობასაც. მე მარი ვარ ნაკანი, მაშასადამე მართალი ქალი ვარ.
მილიარდელები კი ოცნებობენ, მუდამ ოცნებობენ, ხოლო ღარიბნი ვცხოვრობთ დღევანდელი დღით და ვივსებით თავისუფლების შეგრძნებით უფალთან ერთად", - წერს ნაკანი.
მარიამ ნაკანი სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა. ის საზოგადოებამ რეალითი შოუ „ჯეობარიდან“ გაიცნო, სადაც მან პროექტი მოულოდნელად დატოვა და ყოფილ მეუღლეს შეურიგდა. მაშინ მარის ერთი შვილი – ლიტუკა თავაძე ჰყავდა. ლიტუკა ხშირად ხვდება დედის ობიექტივში - უმშვენიერესი გოგონა ფოტოგენურობით გამოირჩევა. ლიტუკამ მსახიობის ამპლუაც მოირგო და პოპულარულ სერიალში "ცვალებადი ნიშნები" ითამაშა.
მარი ნაკანმა პირველ მეუღლესთან დაშორების შემდეგ ასევე ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისზე იქორწინა. მათ ერთი გოგონა, სოფო შეეძინათ.
გიორგი მამასახლისი საქართველოში ფოტოგრაფიის პირველი ფაკულტეტის დამაარსებლის, ცნობილი ფოტოგრაფის, სანდრო მამასახლისის შვილია და, იმავდროულად, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის გამგრძელებელი. ფოტოგრაფიასთან ერთად მისი სამოღვაწეო არეალი ტელევიზიასაც მოიცავს, – წლების განმავლობაში ის არაერთი ტელეკომპანიის დამდგმელი ოპერატორი გახლდათ და მას შემდეგ თავის გამოცდილებას მომდევნო თაობებს უზიარებს.
მარი ნაკანი სახელგანთქმული ფოტოგრაფების გურამ წიბახაშვილის და ვატო წერეთლის მოსწავლეა. არის „Behance Portfolio Review „-ს გამარჯვებული ფოტოგრაფიაში, ჯიპას 2016 წლის საუკეთესო პედაგოგი. წლებია ასწავლის ფოტოგრაფიას ნიუტონის თავისუფალ სკოლასა და სამოდელო სააგენტო „Lookmodelsmanagement“-ში.
შეიძლება ითქვას, რომ მარი და გიორგი ქართული კომერციული ფოტოგრაფიის პიონერები არიან, სწორედ მათი ძალისხმევით გაჩნდა 90-იანი წლების ნაომარ, ნაცრისფერ თბილისში პირველი მხატვრული ბანერები, ლაით-ბოქსები, მაღალი ხარისხის ფოტოები ჟურნალებში. ამას მოჰყვა ფოტო და ვიდეო-რეკლამები, – სრულიად ახალი, ორიგინალური ხედვითა და სუნთქვით, ტექნიკით, რომელიც დიდწილად ორი ხელოვანის ექსპერიმენტებისა და ახლის ძიების შედეგი იყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.