კლოდ ლელუშის ფილმი ”ქალი და მამაკაცი” წლების განმავლობაში გადიოდა ჩვენს ეკრანებზე - ანუკ ემეს, რომელიც ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებს უამრავი ქალი ჰბაძავდა.
ანუკ ემე (ნამდვილი სახელი — ფრანსუაზა იუდით სორია დრეიფუსი) პირველად ფილმში 14 წლის ასაკში გადაიღეს, მაგრამ ის ცნობილი გახდა მხოლოდ 12 წლის შემდეგ, როდესაც ჟერარ ფილიპთან დუეტში ითამაშა მოდილიანის საყვარელი ქალის ჟანა ებიუტერნის როლი ფილმში „მონპარნას 19“.
ფრანსუაზა სწავლობდა ბალეტს და დეკლამაციას. ბავშვობიდანვე დაჰყავდათ კინოგადაღებებზე. 25 წლის ასაკში იგი გახდა ლიტერატურული კაბარეს "წითელი ვარდის" მშვენება, ერთი სეზონით გაემგზავრა ათენში, სადაც სცენაზე თამაშობდა. სწორედ იქიდან ჩამოიტანა ბერძნული სახელისა და ფრანგული მიმღეობისგან შემდგარი ფსევდონიმი ანუკ ემე - ანუკ საყვარელი.
1951 წელს ალექსანდრ ასტრუკმა ანუკ ემე მიიწვია ფილმ "ცეცხლისფერ ფარდაში" მონაწილეობის მისაღებად. რეჟისორი გატაცებული იყო ფორმის სფეროში ექსპერიმენტებით. მის რთულ ხატოვანებას და დახლართულ ეკრანულ თხრობას აგვირგვინებდა ანუკ ემეს მიერ განსახიერებული გმირი.
ამბობენ, რომ სწორედ მაშინ შეამჩნია ის დიდმა ფელინიმ და მიიწვია თავის ორ ყველაზე ცნობილ ფილმში „ტკბილი ცხოვრება“ და „რვანახევარი“, სადაც მას პარტნიორობას უწევდა შესანიშნავი მარჩელო მასტროიანი. ფილმების ტრიუმფის შემდეგ ფელინიმ განაცხადა, რომ ანუკ ემე იყო მსოფლიოში ყველაზე გენიალური მსახიობი ქალი… მერე კი ღიმილით დაამატა — „რა თქმა უნდა, ჯულიეტა მაზინას შემდეგ“. თავისი ყველაზე რთული როლები მსახიობმა ფელინისა და დენის ფილმებში ითამაშა. სამართლიანია ითქვას, რომ ემე საყოველთაოდ ცნობილი "ქალისა და მამაკაცის" შემდებ გახდა. ლელუშის ფილმში ის პირველად გახდა საკუთარი პერსონაჟის ავტორი. "ეს იყო ნამდვილი გართობა, თითქმის ოჯახური გართობა,-იგონებს ანუკ ემე. - იმის მაგივრად, რომ მსახიობებისთვის ტექსტის დაზეპირება დაევალებინა, ლელუში გვეუბნებოდა: " ამ აზრს შენ გამოთქვამ მაშინ როდესაც განსაკუთრებით საჭიროდ მიიჩნევ, დარჩენილ დროს, რაც გსურს ის გააკეთეთ".