ნინო მუმლაძე, რომელიც შვილს ელოდება, ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა მოულოდნელად იმავე საავადმყოფოში, სადაც „ჩემი ცოლის დაქალებში“ მისი სცენა გადაიღეს.
"თავიდან ჩემი ბიჭის დაბადების სავარაუდო თარიღად 2 ივნისი დაასახელეს, თუმცა მერე მითხრეს, წონით ცოტა დიდია და შესაძლოა, ცოტა ადრე დაიბადოსო. იმ კლინიკაში რომ მივედი, სადაც უნდა ვიმშობიარო, ლიფტის კარი გაიღო, მივიხედ-მოვიხედე და გამიელვა, საიდან მეცნობა ეს გარემო-მეთქი. ბევრი ვიფიქრე და გამახსენდა: „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩემი მშობიარობის სცენა სწორედ იქ იყო გადაღებული. ვამბობდი, ბედმა მომიყვანა ისევ აქ-მეთქი. ექიმს რომ შევხვდი, მოვუყევი ეს ამბავი და მითხრა: მახსოვს ეგ გადაღება, მეუბნებოდნენ, კადრში შემოდი და დავიმალეო .
ახლა მახსენდება, ორსულობის თამაში არა, მაგრამ მშობიარობის სცენა გამიჭირდა და ვთვლი, რომ ყველაზე ცუდად ეგ ვითამაშე. არ მინდოდა გადაჭარბებული კივილ-წივილი ამეტეხა, არ მინდოდა, ეს ყველაფერი ხელოვნური ყოფილიყო და მერე რომ ვნახე, არ მომეწონა. კომენტარებშიც კი მიწერდნენ: ასეთი წყნარი ორსული ცხოვრებაში არ გვინახავსო. გამოუცდელი ვიყავი, დოზები დავაკელი და ნამეტანი წყნარი მშობიარე ვითამაშე. ჩვილი კი, რომელიც ხელში უნდა დამეჭირა, ერთ-ერთი მშობლის ნებართვით მომიყვანეს. სერიალში გოგო მყავს, სალომე და ეს სახელი რომ ვახსენე, გადაირია იმ ბავშვის მამა: რა სალომე, ბიჭიაო (იცინის). ვაჟკაცის გამოჩენა უნდოდა კადრში და მე ვეძახე სალომე, სალომე-მეთქი ".
"ამასობაში ჩემი ჯერ არდაბადებული შვილი დაესწრო კიდევ ერთ ჩემს პრემიერას, თან ისეთი ფილმის, რომელიც სრულად ეხმიანება დღევანდელ სიტუაციას და რომლის პრემიერაც სასწაულად დაემთხვა დღევანდელ დღეს. გარკვეულწილად, "ამირანში" მიმდინარე ეს ჩვენება ამ აქციის და საზოგადოების შეგნებული ნაწილის სათქმელი იყო. "კაცი, რომელიც ჯიხურთან იდგა" ფილმი საქართველოზე, სამშობლოს სიყვარულზე, ნამდვილ ადამიანურ სიყვარულზე და უბრალოდ ძალიან ლამაზი კინო", - წერდა ნინო საკუთარ გვერდზე ცოტა ხნის წინ.
ნინოს მეუღლე ფერმწერი გუგა გოგინაშვილია. წყვილი ერთად ცხოვრობს, თუმცა ქორწილს ბავშვის გაჩენის შემდეგ გეგმავენ.
„მე და ჩემს მეუღლეს ურთიერთობა ჯერ დაკანონებული არ გვაქვს და შემოდგომისთვის ვგეგმავთ. როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ, მაშინ შემომთავაზა ხელის მოწერა, მაგრამ სანამ ამ ყველაფრის ორგანიზებას მოვაბამდით თავს, მუცელიც გამეზრდებოდა და წონაშიც მოვიმატებდი, ამიტომ უარი ვთქვი. გადავწყვიტე, რომ დავიკლებ და გავლამაზდები, მერე გადავიხდი ქორწილს-მეთქი. ორსულობის პერიოდში 17 კილო მოვიმატე. კი მეუბნებიან, კარგად გამოიყურები, ლამაზი ხარო, მაგრამ მინდა, რომ ქორწილში ბევრად გამხდარი ვიყო. ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება და მინდა, ისეთი ლამაზი ვიყო, მთელი ცხოვრება დამამახსოვრდეს.
ფეხმძიმობა მიმდინარეობს ყოველგვარი გართულების გარეშე. მადლობა ღმერთს, ყველაფერი რიგზეა. ექვსი თვის ორსული ვარ. სულ გადარბენებზე ვარ, იმავე რეჟიმით ვცხოვრობ, რაც ფეხმძიმობამდე მქონდა. ერთადერთი, რაც მიჭირს, ფეხსაცმლის შეკვრა და იატაკის მორეცხვაა. გარდა ამ სიძნელეებისა, როგორც ვიდექი სცენაზე, ისევ ისე ვდგავარ.სიმართლე გითხრათ, ჩემი კოლეგებიც მერვე თვემდე დგანან სცენაზე. დედაჩემსაც საკმაოდ მარტივი ორსულობა ჰქონდა. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს აღქმებზე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ართულებენ და მერე რეალურადაც პრობლემები ექმნებათ. მე მარტივი აღქმის მომხრე ვარ, არც ტოქსიკოზი მქონია.
აი, სახელზე მე და ჩემს ქმარს გვაქვს სერიოზული ამბავი. ვერაფრით ჩამოვყალიბდით მე და ბავშვის მამა. საბოლოო ჯამში რა იქნება, არ ვიცი. ბევრ სახელზე ვიფიქრეთ, ბევრი ვარიანტი ჩამოვყარეთ, არ ვკამათობთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერც შევთანხმდით.
გუგა თავისი აზროვნებითა და საუბრით ხელოვანის ნატურაა. სხვა თუ არაფერი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შვილი ნიჭიერი და ხუჭუჭა იქნება. სანამ მე და გუგა ურთიერთობას დავიწყებდით, მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ როცა ერთმანეთი გავიცანით, მაშინ ქორწინებაში იყო. გოგო ჰყავს პირველი ქორწინებიდან. მერე მეუღლეს გაშორდა და სპონტანურად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, მისმა და ჩემმა მარტოსულობამ გვაპოვნინა ერთმანეთი ალბათ." - ამბობდა ნინო.