გამთენიისას გამეღვიძა, ექვსი საათი ხდებოდა. გაჭირვებით გავედი ოთახიდან, საწოლები თითქმის კეტავდა გასასვლელს.რა სიჩუმე იყო. ასეთ მომენტებში თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ეს სახლი ჩემი და ნიასი იყო და მხოლოდ ჩვენ ორს გვეკუთვნოდა, რომ არავინ იყო ჩვენ მეტი და შემეძლო დილიდან ისე მეფუსფუსა, როგორც საკუთარ სახლში.
თუმცაღა ფუსფუსს არავინ მიშლიდა, მაინც მეშინოდა, ვინმე არ გამეღვიძებინა. ჩემი ოთახისკენ რომ მივდიოდი, მისაღების კარი შეღებული დავინახე. მაშინვე ის გამახსენდა თავი რომ გავისულელე რამდენიმე დღის წინ. ოთახში შევედი. მაგიდას ლურჯი წითელში, ფოჩებიანი გადასაფარებელი ფარავდა. კალამი და ორი წიგნი იდო, ორივე ხაზვაზე. წიგნი ავიღე და მის ქვეშ კალმით შესრულებულ ესკიზს გადავაწყდი - მოტოციკლზე შემომჯდარი გოგონა, ზურგით საჭეს მიყრდნობილი, თავზე ჩაფხუტით. გამეცინა, თუმცაღა ისეთ დახვეწილ ხელს შეესრულებინა, დასაცინი არაფერი სჭირდა.
მაგრამ მოიცათ... გოგონა მოკლე შორტით, გრძელი სწორი თმით და მაისურზე წარწერით "Pink Floyed - The Wall". სკამიდან ელვისებურად წამოვხტი. ასეთი მაისურით მე დავდივარ სახლში. დავიჯერო, ეკამ დახატა?! არა...
მოტოციკლებს ეკა არ დახატავდა. ასეთ საინტერესო მომენტებში ჰოლმსური განცდა მეუფლება და ვცდილობ ხოლმე, რომ თავს ძალა დავატანო, რამეს რომ მივხვდე. აი, ისეთს, ჩემი მიხვედრილობით სხვას რომ გაოგნებულს დავტოვებ, თუმცაღა ხშირად არ გამომდის. ნახატს ხალათის ჯიბეში ვკუჭავ და ოთახში ვბრუნდები, მაგრამ აღარ მეძინება. ყურს ვუგდებ, ეკა ადგეს, რომ ვკითხო, ვინ დახატა. სახლში უამრავ სტუდენტს და აბიტურიენტს იღებს. იქნებ არც არაფერ შუაში ვარ, მაგრამ უნდა ვკითხო.
რვა საათზე ნია ადგა, მაშინვე აივანზე გამოვიდა თვალების ფშვნეტით და კურდღლიანი პიჟამით.
- როდის გათენდა შენთვის? - გამომცდელად მოჭუტა თვალები. - ისევ დეპრესია გაქვს იმის გამო, რომ ჩანთა მარტომ ატარე?
- არა ნია, რაღაც უნდა გაჩვენო. - სკამიდან წამოვხტი და ოთახში შევედი, ნახატს ხელი დავავლე და აივანზე დავბრუნდი.
- ნახე! - გავუწოდე.
ნიამ ნახატი შეათვალიერა.
- როდის დახატე?
- ეს ჩემ დახატულს ჰგავს?
- აბა?
- წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მაისური ჩემია ნამდვილად. - ნია ნახატს დაკვირვებით ათვალიერებს და მკვახედ მეუბნება.
- ელი, ნუ ოცნებობ. ეს ბაზრობაზე ნაყიდი მაისურია და შენ გარდა, ათას სხვასაც შეიძლება ეცვას.
- ვაიმე, რა ბოროტი ხარ. - ბრაზისგან ცხვირიდან ცეცხლებს ვყრი და სამზარეულოში მივდივარ. ეკა ტელევიზორთან ზის და დილის ქრონიკებს უყურებს, ხომ უნდა მოასწროს დილიდან პოლიტიკური ამბებით დაზაფვრა, რომ მერე მთელი დღე იქაქანოს. მხიარულად ვესალმები და სამზარეულოს მაგიდასთან ვჯდები.
- ეკა, ვინ დახატა ეს ამაღელვებელი ესკიზი? ოთახთან რომ ჩავიარე, თვალში მომხვდა და მომეწონა. რომ დავიტოვო, ხომ შეიძლება? - გულუბრყვილო გამომეტყველებას ვიღებ და ამის განსამტკიცებლად თვალებს მრავალჯერადად ვახამხამებ.
- უტა ხატავდა. მე რომ მაგის ნახაზებს ვაკეთებ, ეგ ერთობა. შენი იყოს. რომ ნდომებოდა, წაიღებდა თან. - ერთი წამით, მხოლოდ ერთი წამით ვაძლევ თავსუფლებას, რომ წარმოვიდგინო, როგორ მხატავდა უტა და ეს წარმოდგენა იმდენად მომწონს, რომ ვეღარ ვახერხებ, სკამიდან ავდგე და სხვა რამეზე ვკონცენტრირდე.
იმ ორი შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ ეკასთან მეცადინეობები სამშაბათს და პარასკევს მიმდინარეობდა საღამოობით. რამდენნაირი ვერსია არ მოვუძებნე მის შექმნას, მაგრამ რა ვერსიაც უნდა განმეხილა საკუთარ თავში, ყველა ერთნაირად დადებითი ემოციებით მავსებდა და სულსა და სხეულს ერთნაირად მითბობდა.
პარასკევს ეკამ დააკაკუნა ჩვენი წიგნთსაცავის კარზე, პიცა გამოეცხო და სამზარეულოში მიგვიპატიჟა მე და ნია. სანამ სკამზე დავჯდებოდი, განაცხადა, პიცის დრო სად მქონდა, უტამ გამიცდინაო. სრულიად სასოწარკვეთილი გამხადა მისმა სიტყვებმა. წინ უაზრო შაბათ-კვირა და ორშაბათი მელოდა. არადა, უკვე მრავალჯერ ვირეპეტიციე სარკის წინ, როგორი გრაციოზული მოძრაობებით უნდა გამეღო მისთვის კარი და ამ დღისთვის შეძენილ კბილის მათეთრებელს ჩემი და ნიას ორი დღის ბიუჯეტი შეეწირა. პიცის ჭამის სურვილი მომენტალურად დამეკარგა, თანაც, არც ისე სახარბიელოდ გამოიყურებოდა პიცა, რომელსაც ზემოდან მოხარშული კარტოფილები ელაგა მხოლოდ იმიტომ, რომ ცხელი ბოლომდე ვერ გადასანსლა და გაციებულის გადაყრას პიცაზე დალაგება ამჯობინა მოხერხებულმა დიასახლისმა.
სამშაბათს, საღამოს სამზარეულოში დავჯექი. ასე უფრო ახლოს ვიქნებოდი შემოსასვლელ კართან, მაგრამ კარის გაღებას თუ ვინმე დამასწრებდა, კარგად მაინც დავინახავდი უტას.
ვერავინ დამასწრო... ისევ ადრე მოვიდა, მაგრამ ამჯერად ვნერვიულობდი, კარი რომ გამოვაღე, ერთი ხელით კედელზე იყო მიყრდნობილი. კარის ხმაზე ნელა ამომხედა და ალბათ, რამდენიმე წამი არ განძრეულა. უკან დავიხიე და შემოსვლის საშუალება მივეცი. ეკა ჯერ არ იყო მოსული და ოთახში დალოდება შევთავაზე.
- მოვწევ, სანამ მოვა. აივანი თუ გაქვთ სადმე? - თქვა და კარი ფრთხილად დახურა.
ჯერ შევყოვნდი და შემდეგ ჩემი ოთახისკენ ვანიშნე მარტივი ხელის მოძრაობით. უხმოდ გამომყვა უკან. ოთახის კარი რომ გამოვაღე, ელდა მეცა, ისეთი მოუწესრიგებელი იყო იქაურობა.
შესვლისთანავე საწოლზე დაგდებულმა წითელმა ბიუსტჰალტერმა მაშინვე შემომანათა. ხელი რომ მეტაცა, ამით მეტ ყურადღებას მივიქცევდი.
თვალი უტასკენ გავაპარე. მგონი, ოთახს მაინცდამაინც არ ათვალიერებდა, მაგრამ მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა ამ ბიუსტჰალტერის გამო, რომელიც თეთრ ზეწარზე შუქნიშანივით ანათებდა. ბიუსტჰალტერი გავაქრე და ზურგიდან ხარბად დავუწყე დაკვირვება. ვინ იცის, ამის შანსი კიდევ როდის მომეცემოდა, ან მომეცემოდა თუ არა.
ვფიქრობდი, მეც უნდა გავსულიყავი თუ აქ უნდა ვმჯდარიყავი. ცხადია, ჩემთვის უნდა ვმჯდარიყავი, მაგრამ თავშეკავების უნარით როდის გამოვირჩეოდი. გავედი აივანზე, ძველი მაცივრის თავზე შემოდებული თეთრი ,,SOBRANIE''-ს კოლოფიდან ერთი ღერი მშვიდად ამოვაცოცე და ცეცხლი მოვუკიდე. აივანზე იდაყვებით დაყრდნობილიყო და სანთებელას ხმაზე თავი ნელა მოაბრუნა. კიდევ კარგი, რომ ნაფაზის დარტყმა ვიცოდი, თორემ ალბათ ახლა მაინც ვნახავდი იმ ნანატრ ღიმილს მის სახეზე.
- გაძარცვეს თქვენ ქვემოთ მაღაზია? - დამელაპარაკა, როგორც იქნა, ხმა ამოიღო, მაგრამ დავიბენი, ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა.
- არ ვიცი, რაზე შეატყე?
- სიგარეტი მარტო ეს იყო. არ მომწონს, ეგეთ "ლაითს" ეწევი? - გულში მეღიმება. საერთოდ არ ვეწევი, მაგრამ ცხადია ამას არ ვეტყვი.
- ამას არ ვეწევი, მაგრამ ნორმალურია.
უტამ ბოლომდე მოწია, ბიჩოკი აივნის მოაჯირს მაგრად დაასრისა და გასასვლელისკენ წავიდა. შუა ოთახში გაჩერდა და შემობრუნდა. მისი სახე და თვალები ასე ახლოდან პირველად დავინახე. გაფითრებულ სახეზე მისი დიდი, შავი თვალები ღია, ნაზ ქსოვილზე დატანილ მუქ ღილებს ჰგავდა, ქვედა ტუჩი ზედაზე ოდნავ მსხვილი ჰქონდა და მომეჩვენა, რომ ეს უფრო მამაკაცურს ხდიდა, მაგრამ მისი ხუჭუჭა, გაბურძგნული თმები უფრო ბავშვურ იერს სძენდა, ვიდრე მამაკაცურს. ამის გამო მისი ასაკის გამოცნობა თითქმის შეუძლებელი იყო.
მადლობა გადამიხადა და გავიდა. საინტერესოა, ეს მადლობა რის გამო დავიმსახურე, პარტნიორობა რომ გავუწიე მოწევისას და ფილტვები ამოვიბოლე თუ ჩემი ბიუსტჰალტერის ნახვის ბედნიერება რომ მივანიჭე.
ახლა ავდგები და წავალ, გავივლი, რატომ უნდა ვიჯდე სახლში მის წასვლამდე? შევუძახე თავს და ქმედით ნაბიჯებზე გადავედი. თათიას და ნანას დავურეკე და "მაკდონალდსს" ვესტუმროთ-მეთქი, შევთავაზე. ფული არცერთს არ აღმოაჩნდა, მაგრამ ნაყინზე დაპატიჟების იდეას დათანხმდნენ და დამპირდნენ, ნახევარ საათში მოვალთო.
სარკის წინ დავდექი. რამდენიმე წუთს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა ჩამეცვა, რომ იმ კართან ჩავლისას თვალში მოვხვედროდი. ბოლოს მუქ ლურჯ, ოდნავ გამჭვირვალე პერანგს ღია ნაცრისფერი, კოჭზე მომდგარი, მაღალწელიანი შარვალი შევურჩიე, ლურჯი ყვავილებიანი კედები ჩავიცვი და იმ ოთახს ჩავუარე, სადაც უტა იჯდა. ეკა ისევ არ იყო მოსული, მარტო იჯდა. მომეჩვენა, რომ თვალი გამომაყოლა, ან მინდოდა ძალიან, რომ ასე ყოფილიყო, არ ვიცი.
საღამოს, რომ დავბრუნდი, სახლში ისევ არავინ იყო. სამზარეულოში გავედი და ჩაისთვის წყალი დავდგი, ნია წუთი-წუთზე მოვიდოდა. აივნის კარი გამოვაღე და მაშინვე ის გამახსენდა, სიგარეტი რომ მასთან ერთად მოვწიე. სამზარეულოში დაბრუნებულმა ჩაის ერთჯერადი ფერი გავხსენი და ქაღალდი სანაგვეში ჩავაგდე. დაჭმუჭნულმა, უჯრიანმა ფურცელმა, რომელზეც კალმით შესრულებული ხაზები მოწმობდა, რომ რაღაც საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაშინვე ყურადღება მიიქცია."დალის" ახალ ნამუშევარს წავაწყდი. აბა, თუ მიხვდებით, ამჯერად რა იყო დახატული?! გოგო, ვიწრო შარვლით და მოკლე პიჯაკით, ისევ მოტოციკლზე მიყრდნობილი. ერთი ხელით იდაყვი ეჭირა და მეორეში - სახესთან მიტანილი სიგარეტი, რომელსაც უხვად ასდიოდა ბოლი. ეჭვს აღარ იწვევდა, რომ მისი შემოქმედებითი მუზა ვიყავი. გამოცანად მრჩებოდა მოტოციკლი, რატომ ვიყავი მოტოციკლთან (ცხადია, თუ არ ვცდებოდი და ნამდვილად მე ვიყავი).
პარასკევამდე დრო საშინლად გაიწელა. ნახატები ჩანთით დამქონდა და ლექციებზე უსასრულოდ ვათვალიერებდი. პარასკევს, საღამოს მისაღები ოთახიდან გამომავალმა ეკას ხმამ მიმახვედრა, რომ აქ იყო უტა და მეცადინეობდა. იმ დღეს ვერ დავინახე, ვერც შემოსული და ვერც გასული, ვერანაირად ვერ დავემთხვიე. თუმცა დაღამდა თუ არა, მისი ნახატის ძებნაში სანაგვეც და ოთახებიც გადავქექე. ვფიქრობდი, იქნებ სადმე შეუყვა ეკას-მეთქი, მაგრამ ვერაფერი ვნახე. უბრალოდ იმედი კი არ გამიცრუვდა, სასოწარკვეთაში მეზრდებოდა.
სამშაბათს ისევ ჩავსაფრდი. ისევ უემოციო, გაფითრებულ სახეს გადავაწყდი კართან და შინაგანმა კანკალმაც მიმატა. ნერვებს ვერ ვიმორჩილებდი და ვგრძნობდი, მის ნახატს პარასკევამდე ვეღარ დაველოდებოდი. ათის ნახევარზე ეკას დაემშვიდობა და წავიდა. ჩასაფრებულმა ბუნაგი დავტოვე და უკან გავყევი. მერჩივნა, მენანა, რაც გავაკეთე, ვიდრე მთელი დარჩენილი ცხოვრება იმაზე მენერვიულა, რომ დავლაპარაკებოდი, იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო-მეთქი. მე ხომ ისიც არ ვიცოდი, სამეცადინოდ კიდევ მოვიდოდა თუ არა, და არც ამაზე მნიშვნელოვანი რამ ვიცოდი მაშინ, კაცს თუ მოუნდა, ,,მიწიდან ამოგთხრის".
კიბეზე დავეწიე და სანამ მის სახელს ვიტყოდი, ვიგრძენი, ხმამ როგორ მიმტყუნა და უსიცოცხლო ბგერები რომ გამოსცდა ჩემს ყელს.
გაგრძელება იქნება