“ქართველი ქალი ბუნებით მხატვარია. აბა, დააკვირდით ჩვენი წინაპრების ნაქსოვ-ნაქარგებს. მათი შემქმნელები დიდებული მხატვრები იყვნენ, მაგრამ ისე გაქრნენ, რომ მათი ვინაობა მხოლოდ ნაქსოვზე მიწერილი ამონაქარგითღა ვიცით. შენ კი ელენე, ხატე, ხშირად ხატე.. თელავი და ალაზნის ველი თავის მხატვარს ელოდება” - ასე დაახასიათა ბარნოვმა ელენე ახვლედიანი კლასის თანდასწრებით, როცა მისი ნამუშევარი პირველად იხილა.
ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი ელენე ახვლედიანი 1901 წლის 18 აპრილს თელავში დაიბადა, ექიმ დიმიტრი ახვლედიანისა და ელისაბედ ერისთავის ოჯახში. დიმიტრი ახვლედიანს გახსნილი ჰქონდა ამბულატორია, სადაც უფასოდ იღებდა ავადმყოფებს. პატარა ელენე ბავშვობიდან საოცარი სიკეთით გამოირჩეოდა. ერთხელ ის თელავში სასეირნოდ გავიდა და სახლში მოსასხამის და კაბის გარეშე დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ მას გზაში შეხვდა გოგო, რომელსაც თბილად არ ეცვა და ციოდა… პატარა ელენემ, დაუფიქრებლად, ქუჩაშივე მას თავისი ტანისამოსი აჩუქა… ხელოვნება ბავშვობიდან იზიდავდა, თუმცა თავდაპირველად მუსიკით იყო გატაცებული, ბოლოს მაინც მხატვრობა აირჩია.
1921 წელს, ელენე ახვლედიანი თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მხატვარ გიგო გაბაშვილის კლასში ჩაირიცხა; 1922 წელს სწავლის გასაგრძელებლად იტალიაში გაემგზავრა: ნახევარი წელი მოგზაურობდა რომში, მილანში, ფლორენციასა და ვენეციაში.
1924 წელს ჩავიდა პარიზში, სადაც “კოლაროსის თავისუფალ აკადემიაში” სწავლობდა. სწორედ პარიზში ცხოვრებისას ჩამოყალიბდა მისი შემოქმედების ძირითადი მოტივი – ურბანული პეიზაჟი.
პარიზში ის საკმაოდ წარმატებულია. კოლექციონერები და მხატვრები, მათ შორის თავად პოლ სინიაკი, მის ფერწერულ პეიზაჟებს იძენენ. მონაწილეობს “პარიზის დამოუკიდებელთა სალონისა” და “საშემოდგომო სალონის” გამოფენებში. აწყობს პერსონალურ გამოფენებს გალერეა “Quatre Chemin”-ში.
ელენე ახვლედიანი სტუდენტობის პერიოდში გათხოვდა, მისი მეუღლე აპოლონ კაკაბაძე იყო. როგორც ამბობენ, ქმრის ეჭვიანი ხასიათის გამო, მხატვარმა მასთან ცხოვრება ვერ შეძლო და ორი წლის შემდეგ ოჯახი დაინგრა.
ახალგანქორწინებული ელენე სასწავლებლად საფრანგეთში გაემგზავრა, იქ მანქანის მართვის შესწავლა მოისურვა და ავტომობილი იქირავა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ კარგად ვერ მართავდა, მაინც გაბედა ხალხმრავალ ადგილას გასულიყო. ვერ გაუმკლავდა - მანქანით ქუჩის კუთხეში მდებარე მაღაზიაში შევარდა, ჩაიმსხვა ვიტრინა, დაზიანდა დახლი და ახალგაზრდა მძღოლიც დაშავდა... ელენე მაშინ სამი თვის ფეხმძიმე იყო და მუცელი მოეშალა. სამწუხაროდ, ეს იყო პირველი და უკანასკნელი ორსულობა, რადგან მხატვარს შვილი არასოდეს ჰყოლია...
მიუხედავად იმისა, რომ ელენე და მისი მეუღლე ერთმანეთს მალე დაშორდნენ, შემდეგში ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობა ჰქონდათ. 1937 წელს კაკაბაძე რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა, ელენე ყოფილი ქმრის ოჯახში მიდიოდა და მის შვილებს ყურადღებას არ აკლებდა.
თავად აღარ გათხოვილა, თუმცა ბუნებრივია, თაყვანისმცემლები ყოველთვის ჰყავდა.
მათ შორის იყო იოსებ გრიშაშვილი. როცა მხატვარი გათხოვდა, პოეტს ელენესთვის ლექსად დაწერილი წყენის სიტყვები გაუგზავნია: "სიყვარულის საკითხებში, შენ გრიშაშვილს ვერ წაბაძე და ამიტომ მე არ მომწონს, შენი ქმარი კაკაბაძე"...
თბილისში დაბრუნებული მხატვარი კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია სცენოგრაფად. მას შემდეგ, თეატრის მხატვრობა უმნიშვნელოვანესი სფერო გახდა მისთვის. 1928-1941 წლებში, სხვადასხვა თეატრში, მან ორმოცამდე სპექტაკლი გააფორმა.
ელენე აქტიურად მუშაობდა თბილისის ძველი უბნების ფიქსირებაზე. მოგვიანებით, ცნობილი არქიტექტორი ყავლაშვილი ხშირად ეყრდნობოდა ელენე ახვლედიანის ნამუშევრებს, დედაქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქციისას.