გუშინ ღამით ევროვიზია 2024-ის ფინალი გაიმართა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით The Code. მან 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება.
ევროვიზია 2024-ის ფინალში 25 ქვეყანა წარდგა: საქართველო, შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.
საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა. საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა შვეიცარიას ერგო. საქართველომ ჟიურის ქულები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო: 7 ქულა – აზერბაიჯანისგან, 2 ქულა – მალტისგან, 2 ქულა – ისრაელისგან, 1 ქულა – ნორვეგიისგან, 3 ქულა – სომხეთისგან, მაყურებლისგან კი – 19. საერთო ჯამში, 34 ქულით საქართველო 21-ე ადგილზე გავიდა.
"მე ვარ ძალიან ბედნიერი იმ შედეგით, რაც წელს საქართველომ დადო ევროვიზიის კონკურსზე. როდესაც ამდენწლიანი წარუმატებლობა ჰქონდა საქართველოს ჩემი აზრით ის ფაქტიც, რომ ჩვენ მოვხვდით ფინალში და ჩვენმა დროშამ ამაყად იფრიალა ფინალში, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება.
ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ამ სიმღერას. ყველა აღნიშნავდა, რომ საუკეთესო გამოსვლები გვქონდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, - თქვა ნუცამ.
"ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და კონკურსს ეხმაურება:
"25 წელია ამას ვამბობ: Eurovision Is The Most ბ ა ნ ძ ი Song Contest In The World, თავის წლევანდელი გამარჯვებულით… ჯერ ჰარი სთაილსი რა არის და მერე კიდევ სადაც მისი “ჩინურ-სუროგატული” ვერსია იმარჯვებს ამ მასშტაბის კონკურსში, იქ რაიმე ღირებულზე საუბარიც კი ზედმეტია…
ევროვიზიის საშინელ კონკურსს არაფერი ეშველება, სანამ არ შეიცვლება გამარჯვებულის გამოვლენის სისტემა და სანამ ამ კონკურსს საიმონ ქაუელის, ენდრიუ ლოიდ-ვებერის ან საიმონ ფულერის დონის მუსიკალური პროდიუსერი არ მოკიდებს ხელს და არ მიაბამს მას მსოფლიოს წამყვან რექორდ ლეიბლებს, როგორც ეს “X Factor”-ის და “Pop Idol”-ის შემთხვევაში მოხდა”- წერს ზაზა შენგელია.