- უტა! ერთი წუთით. - კიბეზე გაჩერდა, მგონი, მიხვდა, რომ თავს ვეღარ დაიძვრენდა და ჩემკენ მოტრიალდა.უცებ ვიგრძენი, რომ სიტყვებს თავს ვერ მოვუყრიდი და გავჩუმდი. ისიც ვიგრძენი, სახეზე რომ ალმური ამივიდა და წავილუღლუღე. - ეს ნახატები... - ხელში ორი ფურცელი მეჭირა, ერთი ოდნავ დაჭმუჭნული და მეორე ჩვეულებრივი. მე ავიღე და იმედია, საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, ვიჩუქე. - და ინსტინქტურად გავუწოდე.
გამომართვა და დახედა. ხმას ისევ არ იღებდა. და უცებ აღარ მომინდა, რამე მეკითხა. გაქცევა მინდოდა. მუხლები მიკანკალებდა, რაღაც თბილმა სითხემ თავიდან მუცლისკენ დაიწყო ჩამოდინება, მერე თითქოს მთელ სხეულში გაიშალა და ამან უზარმაზარი ძალა წამართვა, უცებ მომადუნა.
- მოგწონს? - მკითხა და გაეცინა. პირველად ვნახე, რომ ეცინებოდა და თბილმა სითხემ ხელახლა და კიდევ უფრო სწრაფად დაიწყო თავიდან მუცლისკენ ჩამოდინება.
- სხვა შემთხვევაში არ მივითვისებდი.
- არ მეგონა, თუ ნახავდი. - სახიდან ღიმილი აღარ შორდებოდა და მე ვხვდებოდი, რომ ჩემი მეხსიერებიდანაც აღარასდროს ამოიშლებოდა ეს სახე.
- მოვწიოთ ერთად? - მკითხა და ჯიბე ხელით მოისინჯა. თავი დავუქნიე. ყველა წერტილი მიკანკალებდა და მგონი, შემამჩნია.
- ზევით ავიდეთ. - შევთავაზე. უსიტყვოდ დამიქნია თავი და ლიფტის ღილაკს თითი დააჭირა. სანამ ლიფტი მოვიდოდა, ვცდილობდი, მისკენ აღარ გამეხედა. ლიფტის კარი ხმაურით გაიღო და რამდენიმე წამში ხმაურითვე დაიკეტა. ხურდა ფული, რომლის გარეშეც ლიფტი არაფრით დაიძვრებოდა, არც ერთს აღმოგვაჩნდა. ყველა ბედნიერებასთან ერთად, მას შემდეგ, რაც ლიფტი მიხვდა, ხურდის ჩუქებას არ ვაპირებდით, შუქი გამოგვირთო.
წარმოიდგინეთ და ამაზე უხერხული არაფერი შემმთხვევია ცხოვრებაში. უტამ ტელეფონით გაანათა და საფულეში ხურდის მოძებნას შეეცადა. სანამ ის ფულს ეძებდა, ლიფტი გვარიანად შეირყა და ზემოთ დაიწყო ასვლა. ინსტინქტურად კედელს მივეყრდენი. ამ პატარა ყუთში თავს ოდნავ შეშინებულად და სასიამოვნოდ უხერხულად ვგრძნობდი. რა უცნაური ვინმე იყო, კარს მიშტერებული გაუნძრევლად იდგა, ისე, თითქოს იქ არ ვარსებობდი.
მეთექვსმეტე სართულზე ზოზინით ავიდა და კარი ხმაურით გაიღო.
- იცი, რომ კლაუსტროფობია მჭირს?! - ვუთხარი ხმადაბლა.
- მეგონა, გციოდა. - მითხრა და მრავალმნიშვნელოვნად გამომხედა. მგონი, უნდოდა, მივეხვედრებინე, რომ კარგად ხედავდა, როგორ ვკანკალებდი და ბურძგლები როგორ მეყარა კანზე. შევხედე. თეთრი მოკლემკლავიანი ზედა ეცვა და მომეჩვენა, რომ ვინც აქამდე მინახავს, მათ შორის თეთრი ყველაზე მეტად მას უხდებოდა.
სიგარეტი გამომიწოდა და სანთებელა აანთო. ისე ვკანკალებდი, სიგარეტი ძლივს დავუმიზნე ალს. თვითონაც მოუკიდა და კედელს მიეყრდნო.
- ხატვასთან როგორ ხარ? - მკითხა და ბოლი უხვად გამოუშვა.
- არ გამომდის, მაგრამ სხვების შემოქმედებას ვაფასებ. - სიგარეტმა დაძაბულობა მომიხსნა, თითქოს რაღაც აზრიანს ვაკეთებდი მასთან ერთად.
- იმედია, ამ შემოქმედებით არ შემაფასე, - მითხრა და გაეცინა. - არქიტექტურულზე ვსწავლობ, მაგრამ სამხატვროზე რომ მესწავლა, ჯობდა. - ისევ გაეღიმა.
მე კიდევ ვფიქრობდი, რომ მეჩვენებოდა ან გამეღვიძებოდა ცოტა ხანში, სულ რაღაც ორი საათის წინ ხომ კართან სრულიად უცხო ადამიანივით მიყურებდა.
რამდენიმეწუთიანი უხერხულზე უხერხული სიჩუმის შემდეგ წასვლა შევთავაზე. უკან გამომყვა, ლიფტის ღილაკს თითი დავაჭირე.
- ფეხით ჩავიდეთ. - მითხრა და კიბისკენ წავიდა.
- თექვსმეტი სართული? - გაოცებული შევტრიალდი მისკენ.
- პირველი დახმარების გაწევა არ ვიცი. წამოდი. - დამიძახა და მომეჩვენა, ისევ იცინოდა. ხუმრობაც სცოდნია, გავიფიქრე და მივაძახე:
- თუ ხურდა რომ არ გაქვს, მაგიტომ?
- ჰო, ეგეც არის. - ხმაზე ეტყობოდა, ისევ ეცინებოდა.
გვერდიგვერდ მივდიოდით და ხანდახან მისი ხელი მხარზე მეხებოდა. ზღვა ემოციებისგან თავი გამიბრუვდა და შინაგან სპაზმებს ვგრძნობდი. მეორე სართულზე რომ ჩავედით, ხელი ასწია, მანიშნა, კარგადო და კიბეებს ჩაუყვა. სახლში შევფრინდი და ნიას დავეტაკე. მერე ხელი გავუშვი და ოთახში ხტუნვას მოვყევი. ნია გაოცებული მიყურებდა, მაგრამ მგონი, ხვდებოდა, რაც მჭირდა.
- რა ჩაიდინე? - მკითხა.
- ხუჭუჭუნას გავესაუბრე.
- ენერგიაზე ხარ და იქნებ წყალი დაგედგა, ნანა მოვა. - მთხოვა ნიამ.
ფრენით გავიჭერი სამზარეულოში და კარებში ეკას დავეჯახე.
- ხომ მშვიდობა გაქვს? - მკითხა ეკამ და ხელით გამაჩერა.
- ცხადია. - ვუპასუხე და ისევ სულელივით გავიღრიჯე.
ორშაბათს უნივერსიტეტიდან სამის ნახევარზე გამოვედი. შაბათ-კვირაც იმაზე ვფიქრობდი, რომ სამშაბათს უნდა მენახა. ფეხი გამოვდგი თუ არა, შინაგანმა ემოციამ თავიდან მუცლამდე ელვის სისწრაფით დამიარა.
კედელზე მიყრდნობილი სიგარეტს ეწეოდა საშუალო სიმაღლის, ახალგაზრდა მამაკაცი, წაბლისფერი ხუჭუჭა თმით. შავი ტყავის პიჯაკი, მუქი ლურჯი ჯინსი და თეთრი პერანგი ეცვა. დამინახა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. ერთი პირობა გავიფიქრე, ვიღაცას ელოდება-მეთქი, მაგრამ თვალი რომ არ მომაშორა, ვიგრძენი, ჩემთვის რომ იყო მოსული. ნელა მივუახლოვდი და გავჩერდი. ახლა აღარც მე ვაპირებდი რაიმეს თქმას, ბოლოს და ბოლოს, თვითონ მოვიდა და ჯობია მან ილაპარაკოს.
- გეგმები გაქვს დღეს? - მკითხა და თავი გვერდით მიაბრუნა, რომ სახეში არ შემოებოლებინა სიგარეტი.
- საიდან იცოდი, რომ ამ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ზუსტად ამ კორპუსში რომ მექნებოდა დღეს ლექცია? ან ის, რომ ამ დროს ვამთავრებდი.
- ამოისუნთქე... გეგმებზე რას მეტყვი?
- სახლში ვაპირებ წასვლას...
- წამოდი ჩემთან ერთად.
- სად?
- თუ გეტყვი, ისეთი საინტერესო აღარ გამოვა. - უკან გავყევი. სიმართლე უნდა ითქვას, არ მაინტერესებდა, სად მივყავდი. მთავარი იყო, მასთან ერთად მივბოდიალობდი. ის აზრი, რომ გაურკვეველი მიმართულებით მივყავდი, თავბრუს მახვევდა, მაგრამ აშკარად წინ გარბოდა, ვერ ვეწეოდი, ან არ მელოდებოდა.
- უკან უნდა გდიო? ასეთ ერთად სიარულს რა აზრი აქვს, ცალ-ცალკე თუ ვივლით. - დავუძახე გაცეცხლებულმა. შემობრუნდა და გამიღიმა.
- ტროტუარზე მანქანები დგას და ორის გასავლელი ყველგან მოჭრილია. - მომიგო მშვიდად.
40 წუთში ტაქსიმ რომელიღაც გარეუბანში მიგვიყვანა და ფეხით გავაგრძელეთ გზა.
- რა გიყვარს? - მკითხა მოულოდნელად. ვერ მივხვდი, კონკრეტულად რა აინტერესებდა და სანამ ვფიქრობდი, განაგრძო. - აი, მაგალითად, მე ექსტრემი მიყვარს. მთებში ველოსიპედით თუ გიკატავია, ან კვადროციკლით, ან მანქანით მაინც თუ "გიდრიფტავია", ნუ სხვასთან თუნდაც, ვინმეს გვერდით მჯდარხარ იქნებ ასეთ მომენტში?!
- ააა... არა, მსგავსი არაფერი გამიკეთებია. იცი, ცოტა მშიშარა ვარ. რამდენიმე წლის წინ ავარიაში მოვყევი. მართალია, არაფერი დამიზიანებია, მაგრამ მას მერე მანქანით უბრალო მგზავრობისასაც კი შეიძლება დავიძაბო.
- არაა ეგ კარგი ამბავი. არ ცდილობ, რომ მოიხსნა რამენაირად? მაგ შიშებით ხომ არ იცხოვრებ სულ? - მითხრა და გამიღიმა. მერე გასაღები ამოიღო და ერთ-ერთი ავტოფარეხის კარი გააღო. მანქანით ვისეირნებთ, გავიფიქრე და სიამოვნება ტანზე ჟრჟოლვით მომედო. მაგრამ მოიცათ, დასკვნა ნაადრევი აღმოჩნდა, წითელი შავში ტრანსპორტი მანქანას მხოლოდ იმთ ჰგავდა, რომ მოტორი და ბორბლები ჰქონდა, მაგრამ არა ოთხი, არამედ ორი... თვალისმომჭრელად ახალია აშკარად და გვერდში წარწერა აქვს: "Yamaha". ფარეხიდან გამოაგორა და საყრდენი გამოუწია. მატერიით საგულდაგულოდ გაწმინდა სკამი და ორი ჩაფხუტი, რომელთაგან ერთ-ერთი მე გამომიწოდა. პირველი, რამაც თავში გამიელვა, ნახატი იყო. პირში ენა ჩამივარდა...
- უტა, ამაზე დაჯდომა არ შემიძლია, არასოდეს ვმჯდარვარ, და თან ავადმყოფურად მეშინია გადმოვარდნის.
- ხუმრობ? რატომ უნდა გადმოვარდე, არაფერს ვაპირებ ისეთს, ქალაქში გაგასეირნებ, მოგეწონება, მენდე! - მითხრა და ხელახლა გამომიწოდა ჩაფხუტი.
ღმერთო ჩემო, უნდა ვენდო კაცს, რომელსაც მეოთხედ ვხედავ და რომლისგანაც ზედიზედ ხუთი სიტყვა არ მსმენია. ჩაფხუტი ინსტინქტურად გამოვართვი.
- უტა, გადმოვვარდები. - ვლუღლუღებდი შეშინებული.
- უბრალოდ დამშვიდდი და მენდე, გთხოვ. - ისეთი გამომეტყველება მიიღო, ერთდროულად შეურაცხყოფილიც იყო და იმედგაცრუებულიც. მე კიდევ თავბრუ მესხმოდა წინასწარ. ამ ორთვლიან, ყანყალა ტრანსპორტზე ვერ დავჯდებოდი, მე ხომ ველოსიპედიც კი არ გამიტარებია არასდროს. ექსტრემალურიო, რომ ამბობდა, ამას გულისხმობდა თურმე.
- ერთი წუთით, შენ არ გესმის, მე ველოსიპედიც კი არ მიტარებია. ასეთი რამეების მიმართ უნდობლად და სკეპტიკურად ვარ განწყობილი. - გავჩუმდი, ლაპარაკი აღარ შემეძლო. მისი წყენინება არ მინდოდა, რომ პირველივე პაემანზე იმედი გამეცრუებინა, ვინ იცის, რამდენ ხანს ფიქრობდა ამის გაკეთებაზე, მაგრამ არც ის მინდოდა, ნიას სადმე ,,ასფალტიდან ავეფხიკე" და სამუდამოდ ხეიბრად დავრჩენილიყავი.
- ისეთს არაფერს გთხოვ. მინდა იცოდე, როგორ ვცხოვრობ და მინდა ძალიან, რომ გაგიზიარო. არ მაფიქრებინო, რომ ჩემს ცხოვრებასთან სრულიად შეუთავსებელი ხარ და თან ის, რომ არ მენდობი. ასე ვერ ვიმეგობრებთ... - დააყოლა.
იქნებ ავადმყოფია, იქნებ რამე ფსიქიკური გადახრა აქვს. რას ვაკეთებ აქ, მასთან და მის სახიფათო ტრანსპორტთან ერთად, რომელმაც ეს-ესაა, ჩემი ურთიერთობა დაასრულა ამ ფსიქოპატ კაცთან. ღრმად ჩავისუნთქე. საბოლოოდ მივხვდი, რომ მხოლოდ ის შემეძლო, აქედან გავქცეულიყავი, ჩემი ანტიკვარი წიგნთსაცავის კარი შემეკეტა და თავი საკუთარ ტერიტორიაზე მშვიდად მეგრძნო.
- რა გადაწყვიტე? - მკითხა და თვალებში ჩამხედა.
ჩაფხუტი მოცოციკლის სკამზე დავდე. ახლა ხმა რომ ამომეღო, ვიღრიალებდი, ოღონდ რის გამო, ჯერ ზუსტად ვერ ვხვდებოდი, იქნებ იმის გამო, რომ უტას ჩემი გაუბედაობა მაკარგვინებდა? ან იქნებ იმის გამო, რომ პირველივე პაემანზე მისი პრინციპების და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლად ვიგრძენი თავი? ან იქნებ იმიტომ, რომ ამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ შიშს ვერ ვძლიე? სულაც იქნებ იმიტომ, რომ ამას დღეს ღამევე სანანებლად გავიხდიდი.
მაინც შევტრიალდი და წავედი, გაქცევა ხომ პირველადი გამოსავალია ნებისმიერი სიტუაციიდან. მარტო ის მინდოდა, აღარ დამენახა. თავს საშინლად ვგრძნობდი და იცით, რა გავიფიქრე იმ წუთებში? ის, რომ მამას საშინლად ეტკინებოდა გული, რომ დაენახა, როგორ მტკიოდა ყველაფერი შიგნიდან ამ კაცის გამო. მამას წარმოდგენაზე კიდევ უარესად ავტირდი და თითქმის სირბილით მივდიოდი. ტაქსი გავაჩერე და სახლის მისამართი ვუთხარი. კიბეზე გიჟივით ავვარდი და ჩემი გრილი ოთახი საოცრად მესიამოვნა. უკვე ბინდი იყო. მოვლენები ერთმანეთში მებლანდებოდა და უტას გამოხედვები და სახე მიტივტივდებოდა დაუსრულებლად. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის უკან უდარდელად ვცხოვრობდი და ბედნიერებისთვის ისიც მყოფნიდა, რომ ნიასთან და უკვე ჩვენს საერთო მეგობრებთან ჩაი მესვა, ის კი მომადგა პირდაპირ სახლში და თავდაყირა დააყენა ჩემი დალაგებული დღის წესრიგი.
გაგრძელება იქნება