ხალისიანი, ქოთქოთა, დაუზარელი და მუდამ ყველაზე მზრუნველი მანანა ბებო სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ტელეეთერში გასვლისთანავე შეიყვარა მაყურებელმა. მედეა ლორთქიფანიძე 73 წლისა იყო, როცა ამ როლზე მიიწვიეს. ახლა 86 წლისაა, პატარ-პატარა როლებსა და სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობაზე უარს არ ამბობს და არც ასაკი აშინებს.
მედეა ლორთქიფანიძე ახლაც შესანიშნავად გამოიყურება და ახალგაზრდობაშიც რომ გამორჩეული გოგო იყო, ამას არაერთი მოწმე ჰყავს. "ფეისბუკზე" მის ფოტოზე დაწერილ კომენტარებში ხშირად წაიკითხავთ მსგავს ფრაზებს - მედეა ისეთი ლამაზი გოგონა იყო, ქუთაისში რომ გაივლიდა, ყველა ბიჭი თვალს აყოლებდაო... როგორც თავად ამბობს, თამამი გოგო იყო, თუმცა დღევანდელი ახალგაზრდების ჩაცმულობა და იმიჯი მაინც აკვირვებს:
"მოდის ახალგაზრდა, ლამაზი გოგო და სხეული ათასნაირი ნახატით აქვს აჭრელებული… ადრე, ეგეთ ადამიანს რომ დავინახავდით, ციხიდან ახალი გამოსული გვეგონა და გავრბოდით. ახლა მთელი სხეული მოხატული და აჭრელებული აქვთ. ადრე, ქალს კოჭი რომ გამოსჩენოდა, სირცხვილი იყო, ახლა ყველაფერი მოუჩანთ და სასირცხო ადგილებზე ლამის, ფოთოლი აქვთ აფარებული. ქუჩაში ტიტლიკანები რომ დადიან, ეს ყველაზე მეტად არ მომწონს, მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან ბევრი სასახელო, კარგი ახალგაზრდაც გვყავს" - ამბობდა მსახიობი.
თავად კი ბავშვობის წლებს ასე იხსენებს:
"ძალიან მეტიჩარა ვიყავი. ჩემს მეგობარს - ჯონი სტროტინსკის, რამდენი ბიჭი ჰყავდა ნაცემი ჩემ გამო, ვინ მოთვლის. ერთმა კურსელმა 30 წლის მერე მითხრა, შენ გამო, იცი, როგორ მცემეს ბიჭებმაო? ჩვენს დროს ბიჭს თუ მოეწონებოდი და სახლამდე მიგაცილებდა, მერე უბნის ბიჭები დახვდებოდნენ და დათეთქვავდნენ... უბანმა გოგოს დაცვა იცოდა და ვაგლახად ვერავინ ვერაფერს გაგიბედავდა. მაშინ სხვანაირი შეხედულებები ჰქონდათ. ქუთაისში ბაღის კიდეზე ორჯერ ზედიზედ რომ გაგევლო, რა იყო, რა ფამფორასავით დადიხარო, გეტყოდნენ. ფამფორა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო.
ლაღი და თამამი გოგო ვიყავი. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და "ხატულის" მეძახდნენ. შეყვარებულიც მყოლია, კარგი ბიჭი იყო. წიგნებზე ვსაუბრობდით და ერთმანეთისთვის მხოლოდ ხელი უნდა ჩამოგვერთმია. ახლა შეყვარებულებს პირდაპირ ლოგინში მიათრევენ... სანამ ერთმანეთის პატივისცემას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება. თუმცა ახლა ისეთი მოკლე კაბებით დადიან, ყველაფერი უჩანთ. მოკლე კაბებით ჩემი ქალიშვილიც დადის, ქმარი არაფერს უშლის, მაგრამ მე მაინც სულ ვეჩხუბები. უხდება, მაგრამ... ამას წინათ, დახეული ჯინსით მომადგა და გადამრია", - იხსენებდა მსახიობი.
მედეა ლორთქიფანიძეს კარგად ახსოვს საკუთარი ბავშვობა და ის გარემო, სადაც გაიზარდა. ამბობს, რომ მისი აზალგაზრდობის წლებში პოპულარული გოგო ის იყო, ვინც კარგად სწავლობდა. მხოლოდ ეს გამოარჩევდა ახალგაზრდას თანატოლებისგან. მის გარშემო კი სულ წარმატებული ადამიანები ტრიალებდნენ.
"თითქოს ჩემი ბავშვობისას ყველაფერი სხვანაირად იყო - მეტი სითბო, სიყვარული. 1938 წელს დავიბადე და მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ ომიანობის პერიოდი მახსოვს. ძალიან "ეშმაკის ფეხი" ვიყავი, სულ ბიჭებთან ვთამაშობდი, სულ კაპიტანი ვიყავი, პარტიზანების უფროსი და ა.შ. ეზოში "ომობანას" ვთამაშობდით და დრახ-დრახის ძახილით დავრბოდით. 5-6 წლის რომ გავხდი, უფრო ჭკუაში ჩავვარდი. ფოთის თავზე აეროსტატები დაფრინავდნენ და მშობლები გვაფრთხილებდნენ, არ გაეკაროთო. გაჭირვება იყო, მაგრამ მეგობრული და პოზიტიური ურთიერთობები, ერთმანეთის გაგება, დახმარება, მიმოსვლა გახლდათ. კარს ვინ კეტავდა? ეგ კი არა, მტერსაც ვეხმარებოდით.
ერთ ამბავს გავიხსენებ: ფოთში ბევრი უცხოელი მეზღვაური ჩამოდიოდა. ომიანობისას, პორტიც ხშირად იბომბებოდა. ერთ დღეს ხმა დაირხა - ტყვეები მოიყვანესო და ბავშვები გაგვაფრთხილეს, არსად გახვიდეთ, არ მიეკაროთ, რა იცით, ვინ არის და ჯიბეში რა უდევსო. ტყვეები ჩემს სახლთან, რუსულ სკოლაში დააბინავეს, ისინი საღამოობით გამოდიოდნენ და გარეთ ისხდნენ. ერთი 16-17 წლის ბიჭი, კუთხეში რაღაცნაირად იჯდა, მე პატარა კი ვიყავი, მაგრამ მაინც ვიპრანჭებოდი (იცინის). ომი რა იყო, წარმოდგენა არ მქონდა. ერთ დღეს, პური რომ მომქონდა, მოვტეხე, ნაჭერში გავახვიე, ამ ბიჭს გადავუგდე და სახლში გულგახეთქილი გამოვიქეცი. მერე, ყოველდღე ასე ვიქცეოდი - მივიდოდი მავთულხლართთან და ამ ბიჭს პურს ვუგდებდი. ერთ დღესაც, ისევ რომ მივედი, იმ ბიჭმაც იქიდან რაღაც მესროლა და ვიფიქრე, - არიქა, დამთავრდა, ბომბი მესროლა და ახლა აფეთქდება-მეთქი! დავემხე მიწაზე, ვერც ვკივი, ვერც ხმას ვიღებ და ველოდები, როდის აფეთქდება! ის კი კვდება სიცილით. ნელ-ნელა თავი ავწიე და რას ვხედავ?! ცოცხისგან თოჯინა გაუკეთებია და თურმე, ის გადმომიგდო. რამხელა სიხარული იყო, რომ მადლობის ნიშნად ეს მოიფიქრა. დავავლე ხელი ამ თოჯინას და სახლში წამოვიღე. ამ ამბავს რომ მოვყევი, რა თქმა უნდა, ერთი ამბავი ატყდა - რატომ აიღე? როგორ გაბედე? მოწამლული არ იყოსო და ა.შ. ის ბიჭი იქიდან ორ დღეში წაიყვანეს, გული დამწყდა. ის ჩემი პირველი სიყვარული იყო. სახელი და გვარი რომ მცოდნოდა, შესაძლოა, მომეძებნა კიდეც. ერთი თვე გამოვკვებე, ჩემს ულუფას ვიკლებდი და მას ვაძლევდი", - ამბობს მსახიობი.
მედეა ლორთქიფანიძეს მშობლები ადრე გარდაეცვალა. ტრაგიკულ შემთხვევას ის დღემდე ემოციურად იხსენებს:
"ბავშვობა და სტუდენტობა შესანიშნავი მქონდა, სანამ ტრაგედია არ დაგვატყდებოდა თავს და ჩემი მშობლები არ დაიხოცებოდნენ... ძმა და მოხუცი ბებია დამრჩა, მათთვის ხელი უნდა შემეწყო. ძალიან გამიჭირდა, საბავშვო ბაღში მომაწყვეს მეორე მასწავლებლად და იცი, რას ვნატრობდი? ღმერთო, ნეტავ ვინმემ კარაქიანი პური, კანფეტი ან "პეჩენია" დატოვოს, რომ ბებიაჩემს და ჩემს ძმას წავუღო-მეთქი.
მე და მამა ავარიაში მოვყევით, საკმაოდ დავშავდი მაშინ. გორის თეატრიდან ცხინვალში სპექტაკლი "გაყრა" მიგვქონდა და ავტომობილი დაგვეჯახა. მამა ადგილზე გარდაიცვალა, ნეკნმა ფილტვი გაუხვრიტა... ამის ნიადაგზე, დედას ჯერ თვალებში ჩაექცა სისხლი, მერე - გულში... მამა 44 წლის იყო, დედა - 41-ის.
ჩემი მეგობარი ლეო ანთაძე იხსენებს ხოლმე მამაჩემს ხშირად: გორის თეატრში ახლაც კიდია მამაშენის სურათიო. ეს ძალიან სასიამოვნოა. ქუთაისის თეატრში არ კიდია და ამაზე მწყდება გული - თამარა პაკროვსკაიას და თეიმურაზ ლორთქიფანიძის სურათი იქ რომ არ ეკიდოს, ძალიან საწყენია", - ამბობს მსახიობი.
ჩემი ქმრის წერილები ახლაც მაქვს შენახული. თავიდან არ მივყვებოდი, არ მომწონდა... ბევრი თაყვანისმცემელი რომ მყავდა, გათამამებული ვიყავი და ვიწუნებდი, თმა არ ჰქონდა, ცოტა დაბალიც იყო, მაგრამ იმდენი მოახერხა, მიზანს მიაღწია. უძლიერესი ექიმი იყო, საქართველოში პირველმა ჩაატარა გულის ოპერაცია. ძალიან განათლებული კაცი იყო და ამით მომხიბლა, მაგრამ ამ თავის განათლებას თავს არ მოგახვევდა. მაგალითად, რამე თუ არ ვიცოდი, მეტყოდა - შენ ეს იცი, უბრალოდ, დაგავიწყდა და არ დააკვირდი, ეგ არაფერიაო. მერე, მზე და მთვარე ამომდიოდა მასზე, სად არ დავყავდი, მთელი უცხოეთი მოგვატარა მე და ჩემს შვილს. როცა გარდაიცვალა, იმდენად განვიცადე, 15 წელი ეზოშიც კი არ ჩავსულვარ. 35 კილო მოვიმატე, სახლში ვიჯექი, ვჭამდი და ტელევიზორს ვუყურებდი... ქვეყანაზე აღარაფერი არსებობდა, მაგრამ ჩემი შვილის და მეგობრების წყალობით, გადავიტანე.
ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს გავლილი, ახლა კი ხალხის სიყვარული მაქვს და ეს ძალიან მავსებს", - ამბობდა მედეა ლორთქიფანიძე.