სამშაბათს უტა ისევ ადრე მოვიდა, მაგრამ ეკა სახლში დახვდა და ოთახში შეიყვანა. შევეცადე, არ შევხვედროდი და სახლიდან გასვლა გადავწყვიტე. წყენას ვერ ვერეოდი და მის დანახვაზე ცრემლები მახრჩობდა. კიბეებს სირბილით ჩავუყევი, თითქოს უკან მომდევდა და ქუჩაში გავედი. გაზაფხულის ჰაერს ხარბად ვსუნთქავდი და მხოლოდ უტასა და მის მონსტრ მოტოციკლზე ვფიქრობდი.
სახლში მისულმა გვიანობამდე არ დავიძინე. ყველა რომ საძინებელში დავიგულე, მისაღებს მივაშურე იმ იმედით, რომ რაიმეს დამიტოვებდა, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი. მეორე დილით უნივერსიტეტში წასვლა გადავიფიქრე და გადავწყვიტე, მთელი დღე სახლში გამეტარებინა პიჟამაში.
ხუთი საათი ხდებოდა, კარზე რომ ზარი დარეკეს და უნიფორმიანმა ახალგაზრდა ბიჭმა დიდი ყუთი მოიტანა. კიდევ გამოიწერა ეტყობა ეკამ ტანისამოსი, - გამიელვა თავში… მაგრამ ეს პუტკუნა, შავგვრემანი ბიჭი ენის ბორძიკით ჩემს სახელს კითხულობდა. ხელი რაღაც ფურცელზე მოვაწერე და ყუთი გამოვართვი. ოთახში შევარბენინე და გავხსენი. ჩაფხუტი იყო, სულ ახალი, მუქი წითელი და თეთრი "სობრანიე", რომლის კოლოფზეც ეწერა: "მე და მონსტრი სადარბაზოსთან ვიქნებით შვიდზე."
ყურებში გაბმით მესმოდა უცნაური წუილი და ასე ვიდექი რამდენიმე წუთს ალბათ გარინდებული. ჩემს ტვინში სრული ქაოსი დატრიალდა, შიშის და სურვილების ბრძოლა.
ჩაცმას ვჩქარობდი. ხან ხელი გამეჭედა ბლუზაში, ხან ფეხს ვეღარ ვტევდი შარვალში. თმა გავიშალე, ახლა მაკიაჟის და ვარცხნილობის დრო არ იყო. ჩაფხუტს ხელი ვტაცე და კიბეზე დავეშვი. მთელ სხეულში მაკანკალებდა, ცოტა გრილოდა კიდეც, მაგრამ აშკარად შიშის ბრალი უფრო იყო. უტა სადარბაზოსთან იდგა, ისევ სიგარეტს ეწეოდა და აშკარად საგანგებოდ იყო გამოწყობილი, სუნამოც საგანგებოდ ბევრი დაესხა.
- არ მეგონა, თუ ჩამოხვიდოდი. - ისევ ოდნავ იმედგაცრუებული მომეჩვენა.
- არც მე მეგონა, კიდევ თუ შემომთავაზებდი. - ვუპასუხე ნაწყენი ტონით.
- სცადე, პატარა მანძილზე გაგატარებ და თუ ვერ აიტანე, აღარ დაგაძალებ, შევთანხმდით?
- წინადადებაზე დიდხანს გიფიქრია, არა? - ვკითხე უკმაყოფილო სახით.
- კომპრომისზე დიდხანს იფიქრე? - კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა და ისევ წინ წავიდა. ხელი მოვკიდე მკლავში და გავაჩერე. - აქ ათი კაცის გასავლელია და თუ ასე უნდა ვიაროთ, მისამართი დამიწერე, სად მიგყავარ და მოვაგნებ მარტო. გაეღიმა და გაჩერდა, გვერდით მივდევდი ახლა და აღარ გარბოდა, სიგარეტს ეწეოდა, მაგრამ არ შემოუთავაზებია. მომეჩვენა, ოდნავ ნერვიულად აბოლებდა, სწრაფ-სწრაფად. მოტოციკლის დანახვაზე სიამოვნების ტალღა უკუიქცა და ისევ შიშმა ამიტანა. ყველაფერთან ერთად იმის შიშიც მქონდა, ვის მივყვებოდი, სად და რატომ ვენდობოდი. გზად მხოლოდ ის წარმომედგინა, როგორ იხრება მოტოციკლი ასფალტისკენ, შემდეგ ასფალტზე გაცურებული ცეცხლებს როგორ ყრის და მე სადღაც ვგდივარ, მოტოციკლიდან შორს, ერთი კედი აღარ მაცვია და შარვალი და ბლუზი დახეული და ჭუჭყიანი მაქვს.
ყურებში ჩამესმის ნიას კივილი და ისევ ტირილი მინდება. ჩემი ოჯახის წევრების წარმოდგენაზე დრამატულ სცენებში სულ ასე მემართება. ყელში რაღაც მძიმე ბურთივით მეჩხირება და ისიც მიმძიმებს მდგომარეობას, რომ ნიას პირველად ვუმალავ ამდენი წლის მანძილზე რაღაცას, თანაც რაღაც სახიფათოს, ან ძალიან სახიფათოს. ჩაფხუტს ნერვიულად ვუსვამ თითებს და ისევ საშინელი კადრები მიტივტივდება თავში. ფეხები გაბუჟებული მაქვს, ასეთი რაღაც პირველად მემართება. გულში დაუსრულებლად ვიმეორებ "მამაო ჩვენოს". სანამ უტა სიგარეტის მოწევას დაასრულებს, მე ეკლესიის გუმბათს ვხედავ. რაღაცნაირად სიხარულს ვგრძნობ, ასე მგონია, კარგის ნიშანია. რაღაც მშობლიური განცდა მაქვს, ბავშვობის დროინდელი, თუმცაღა რწმენა გვარიანად შერყეული მაქვს. ეს წამიერი სიმშვიდე ძველ ჩვევას უფრო ჰგავს, ვიდრე დაბრუნებულ რწმენას. არადა, მჭირდება, რომ მწამდეს, მჯეროდეს, რომ ღმერთი ახლა არ გამწირავს, რომ სადღაც ვიღაც უჩინრად იზრუნებს ჩემ უსაფრთხოებაზე. მოტოციკლის ხმაზე შესამჩნევად ვფხიზლდები და სწრაფად ვტრიალდები მისკენ.
- ჩაფხუტი დაიფარე. - მეუბნება უტა.
- წონასწორობის დაცვა არ ვიცი. - ეს ფრაზა, მგონი, საბოლოო გაბრძოლებას უფრო ჰგავს, ვიდრე აზრიან საბაბს, რომ აქ დაჯდომა აღარ მომიწიოს.
- შენს იმედზე არც ვყოფილვარ. - უკან ტრიალდება და გამამხნევებლად მიღიმის. - და მორჩი ზედმეტ ფიქრს. - მეუბნება ხმადაბლა და სკამზე ოდნავ წინ იწევს,რომ მოხერხებულად დავჯდე. ხელებს ვხვევ გაუბედავად და მსუბუქად, და ცხვირი მის კისერთან მიმაქვს. მისი სუნამოს გამაბრუებელი სუნი ცხვირიდან მთელ სხეულში ჟრუანტელივით მივლის და უარესად მაკანკალებს. უტა გრძნობს ამას, ზუსტად ვიცი, მაგრამ არ იმჩნევს.
- ჩაფხუტი, ელი! - სახელს პირველად მეძახის. ამ ხნის მანძილზე არც ერთხელ არ მიფიქრია, რომ ჩემი სახელი არ მითქვამს მისთვის და არც მას უთქვამს თავისი... ჩაფხუტს ხელების კანკალით ვირგებ და უტა მოტოციკლს ნელა ძრავს ადგილიდან, წინ მიდის, ალბათ შეძლებისდაგვარად ნელა, მაგრამ მე მეჩვენება, რომ სკამიდან უნდა გადავსრიალდე და ინსტინქტურად მთელი ძალით ვუჭერ ხელებს. არაფერს მეკითხება, ალბათ, ფიქრობს, რომ რადგან ხმამაღლა არ ვყვირი, საგანგაშო არაფერია. სისწრაფეს უმატებს და გრილი სიო თითქმის გამყინავად მივლის მთელ სხეულში. გზატკეცილზე გადის და მანქანების ნაკადს უერთდება. მოსახვევებში გვერდით ხრის მოტოციკლს საგრძნობლად და თვითონაც იმავე მოძრაობას იმეორებს სხეულით. განცდა მაქვს, რომ ერთი სხეულად არიან ქცეულნი და მეც ამ სხეულის ნაწილი ვხდები. ვცდილობ, ავყვე და უტას სხეულის მოძრაობებს ვიმეორებ. შიშის კანკალს ზღვად მოწოლილი ადრენალინისგან გამოწვეული კანკალი ცვლის. ისეთი განცდაა, არაამქვეყნიური. ჰაერის უზარმაზარი ნაკადი სხეულს გისერავს და გგონია, ბუნება ნაკადად შემოდის შენში, სადღაც, ახალ განზომილებაში გადადიხარ, მიფრინავ, იმას აკეთებ, რასაც გეგონა, რომ ვერასდროს შეძლებდი, რომ ვერასდროს წარმოიდგენდი, შენს სხეულს ამხელა სიამოვნების განცდა თუ შეეძლო. შუქნიშანზე ჩერდება და ფეხს ძირს დებს. აქეთ-იქით ვიხედები და ვხედავ, რომ მარცხნივ მდგომი მანქანის უკანა სავარძლიდან გოგონა მიყურებს, ალბათ ჩემი ასაკის და მიღიმის. წინა სავარძელზე მჯდომი, ალბათ, 40 წლამდე მამაკაციც ჩვენკენ იყურება. მოტოციკლი ღმუის, მაგრამ არ იძვრის. ვერ ვხვდები, ამას ყურადღების მისაქცევად აკეთებს თუ რაიმე ,,ბაიკერული" ჩვევაა. შუქნიშანზე წითელს ყვითელი და ბოლოს მწვანე ენაცვლება, თუმცა შეხედვას ვერ ვასწრებ, რომ მოტოციკლი ადგილს სწყდება. ვგრძნობ, როგორ მიბუჟდება ენა და ხელებს აქეთ-იქიდან კიდევ უფრო ძლიერად ვუჭერ.
გადატვირთული გზიდან გადავუხვიეთ. სრულ სიჩუმესა და ბინდში ოდნავ განათებულ გზას ზევით მივუყვებოდით. რაც უფრო მაღლა ავდიოდით, უფრო საოცარი სანახავი იყო ხედი, განათებულ თბილისს ზემოდან გადავყურებდით. გავინაბე და უტას მივეხუტე. ვგრძნობდი, სუნთქვის დროს მისი მკერდი როგორ ძლიერად მოძრაობდა და ეს მის მიმართ უსაზღვრო ვნებას მიღვიძებდა. აღარ მინდოდა გაჩერებულიყო და მიხაროდა, რომ უკან დასაბრუნებლად იგივე გზა უნდა გაგვეარა. განცდა დამეუფლა, რომ სამყაროში ყველაზე სასურველი კაცი იყო და ნებისმიერ გოგოს გააგიჟებდა, თუნდაც მარტო ამით. რა იღბლიანად ვგრძნობდი თავს...
დიდ წითელ გალავანთან მოტოციკლი შეაჩერა და ჩაფხუტი მოიხსნა. ხელები ისევ მიკანკალებდა, ამჯერად ბედნიერებისგან. დამეხმარა, ჩაფხუტი მომხსნა და მოტოციკლზე ჩამოჰკიდა. თმა ხელით შევისწორე. დამუნჯებული ვიყავი და ხმას ვეღარც მე ვიღებდი. ჯერ თვალებში შემომხედა, მერე მოტოციკლს სადგამი ჩამოუწია და ახლოს მოვიდა, ძალიან ახლოს, მისი მკერდი თითქმის სახეზე მეხებოდა, მის სუნამოს სუნს, რომელიც თამბაქოს სუნს შერეოდა, საოცრად მძაფრად შევიგრძნობდი. ორივე ხელი შემომხვია და გულზე მიმიხუტა. სახე მის მკერდზე მიმეჭყლიტა და თითქმის ვერ ვსუნთქავდი. მერე ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა:
- საკუთარ შესაძლებლობებს ვერ აფასებ.
- კარგად ვარ. - წავილუღლუღე.
- ვიცი. - მითხრა და უფრო მაგრად მიმიხუტა.
გადასახედთან დავსხედით, ბალახზე. სიგარეტი გამომიწოდა და გვერდით მომიჯდა. მისი სიტყვების შემდეგ თავს ამაყად და გმირად ვგრძნობდი. იმაზე სასიამოვნო განცდა, საკუთარ შიშს და საკუთარ ემოციას რომ მართავ, მგონი, არ არსებობს, და თუ ამხელა სიამოვნებას იღებ ამ ყველაფრის საფასურად, ძნელია, არ იყვირო ან არ იტირო განცდებისგან.
- რაზე ფიქრობ? - ვკითხე და სიგარეტს მოვუკიდე.
რამდენიმე წამს დაფიქრდა და მერე მიპასუხა:
- მოტოციკლი ასე ემოციურად რომ აღიქვი, მიხარია, მაგრამ ისედაც ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა. სხვა შემთხვევაში არ დაგაძალებდი. რაღაცებს თუ არ გარისკავ, ბევრ სიამოვნებას მოიკლებ.
- სახლში, ეკასთან მოტოციკლით რატომ არ მოდიხარ?
- ვიარო? - ღიმილით შემომხედა და თმაზე მომეფერა.
- ისე, დღესაც რომ არ გამოგყოლოდი, მერე რა მოხდებოდა?
- არ მიფიქრია მაგაზე. ვიცოდი, რომ გამომყვებოდი. - გაეღიმა ისევ. საოცრად უხდებოდა ღიმილი. გამახსენდა, ცამეტი წლის რომ ვიყავი, სიზმარში ვხედავდი ხოლმე ოცნების ბიჭს და იმ მომენტში, როცა გული სიხარულისგან მიფრიალებდა, ვერ ვუძლებდი და საკუთარი გულის ბაგაბუგი მაღვიძებდა. ვხვდებოდი მერე, რომ მსგავსი არაფერი არსებობდა და იმედგაცრუებისგან ვეღარ ვახერხებდი ჩაძინებას. როგორ მეშინოდა ახლაც, რომ შესაძლოა, გამღვიძებოდა.
- და გყავს? - ქმედით ნაბიჯებზე გადავიდა.
- კი, მყავს. ეკასთან ნაქირავები გვაქვს ერთი ოთახი. აი, ის, იმ დღეს რომ შეგიყვანე მოსაწევად.
- წითელი ბიუსტჰალტერი რომლის იყო? - მკითხა და უსინდისოდ გაეცინა.
- ვიფიქრე, ვერ დაინახავდი. - შემრცხვა და სავარაუდოდ, ზუსტად იმ ბიუსტჰალტერის ფერებმა გადამირბინა სახეზე.
- კარგ გოგოებს წითელი ბიუსტჰალტერები არ აცვიათ და არც სიგარეტს აბოლებენ. - ტუჩებიდან გამომაძრო სიგარეტი და თვითონ განაგრძო მოწევა.
- და არც მოტოციკლზე სხდებიან უცხო ბიჭებთან. მაგრამ არ მახსოვს, ვთქვი, რომ კარგ გოგოებს მივეკუთვნები?
- ჯერ არა, მაგრამ ხომ აპირებ თქმას. - მიპასუხა ღიმილით და ხელი მომხვია, ისევ უხეშად მიმიჭყლიტა გულზე.
- შენ ვისთან ერთად ცხოვრობ?
- მე, დაჩი, მამა და ნინა, მამაჩემის ცოლი. კარგი ტიპია. ზაფხულში შვიდი წელი გახდება, რაც ერთად ვცხოვრობთ. დედა დაიღუპა თხუთმეტი წლის წინ, მაშინ შვიდის ვიყავი.
- ანუ კარგად არ გახსოვს?
- იცი, რა მახსოვს?! ერთი ლურჯი ზედა ჰქონდა, ზედ უზარმაზარი თაგვი ეხატა და რაღაც ყავისფერი დუტის შარვალი ეცვა ხოლმე. მამასაც ახსოვს, ესენი რომ ჰქონდა. ანუ მოწმე მყავს, რომ არ ვიგონებ. ხუჭუჭა თმა ჰქონდა, მოწითალო ფერის, მოკლედ შეჭრილი და გაბურძგნილი. დედას მერე ცოტა ხანს მარტო ვიყავით მე და მამა. მერე შემოგვემატნენ ნინა და დაჩი. - დაასრულა და გაიღიმა ისევ, მეც გავუღიმე, მაგრამ მგონი, თანაგრძნობის ღიმილს უფრო ჰგავდა ჩემი გაღიმება.
გაგრძელება იქნება