ალენ დელნისა და რომი შნაიდერის სიყვარულის ისტორია ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულად ითვლება, მაგრამ უფრო სწორი იქნება, ტრაგიკული ეწოდოს. რომ არა ფრანგი პლეიბოი, რომელმაც გერმანელი „პრინცესას“ გული მოიპარა, ამ კაშკაშა ლამაზი ქალის ცხოვრება ალბათ სულ სხვანაირად განვითარდებოდა და, შესაძლოა, 43 წლის ასაკშიც არ დასრულებულიყო.
მათი პირველი შეხვედრა ორლის აეროპორტში შედგა. „კრისტინას“ როლის შესასრულებლად რეჟისორმა ახალგაზრდა გერმანელი მსახიობი, რომი შნაიდერი მიიწვია. ეს სურათი 1930-იანი წლების ფილმის, "სიყვარულის თამაშის" რიმეიქი იყო, რომელმაც რომის დედას, მაგდე შნაიდერს, სამშობლოში დიდი პოპულარობა მოუტანა. გერმანელმა ვარსკვლავმა ქალიშვილის მომავლის ნათელი გეგმები შეადგინა, მათ შორის, ქორწინება რომელიმე არისტოკრატთან, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ რომი ცხოვრების სრულიად განსხვავებულ გზას აირჩევდა.
აეროპორტში რომის ახალგაზრდა მსახიობი დახვდა. თმადავარცხნილი, კოსტიუმში გამოწყობილი ალენ დელონი, ვარდების თაიგულით ხელში, პარტნიორის გამოჩენას ელოდა.
”როდესაც ის დავინახე, გავიფიქრე, რა ვულგარულია-მეთქი“ - ასე აღწერა რომი შნაიდერმა თავის დღიურში პირველ და ერთადერთ სიყვარულთან შეხვედრა.
გადაღებების დროს პარტნიორები გამუდმებით ჩხუბობდნენ და ერთმანეთს შეურაცხმყოფელ სიტყვებს ესროდნენ, მაგრამ როდესაც გერმანიაში ფილმის პრემიერა დასრულდა და ალენი პარიზში გაფრინდა, რომიმ განშორებას ვერ გაუძლო, ბარგი ჩაალაგა და უკან დაბრუნდა.
23 წლის დელონი და 20 წლის შნაიდერი მალე ევროპის ყველაზე ცნობილ წყვილად იქცნენ. რომის უყვარდა ალენი და მისი დაკარგვის შიშით შნაიდერი დელონის დროსტარების მოყვარულ მეგობრებსა და მათ ბოჰემურ ცხოვრების წესს უძლებდა.
დელონი საკმაოდ უხეშად ექცეოდა რომს, მუდამ აგრძნობინებდა, რომ ეს ურთიერთობა მისთვის პრიორიტეტული არ იყო და მას უფრო სჭირდებოდა. პრესა აღმერთებდა პატარა ანგელოზს - რომის და მისი თანამგზავრის საქციელს კი კიცხავდა. ყვითელი პრესა დელონისა და შნაიდერის ყველა ნაბიჯს უთვალთვალებდა. მიუხედავად იმისა, რომ მედია მათ ცხოვრებას გულდასმით აკვირდებოდა, მუდამ კიცხავდნენ რომის მასთან დარჩენის გამო. ხშირად უწევდა ღალატისა და მრავალი ქალის პარალელურად ცხოვრება, იტანდა დაცინვის ობიექტად ქცეულ მათ სიყვარულს. მიუხედავად არაერთი კამათისა, ფიზიკური შეურაცხყოფისა, ღალატისა თუ უპატივისმცემლობისა, რომის წასვლა არ შეეძლო. მუდამ ჰქონდა საქმროს გამოსწორების იმედი. ალენიც მუდამ არწმუნებდა, რომ ხვალ ყველაფერი უკეთ იქნებოდა, მასში ნერგავდა მომავალი დღის იმედს და, მიუხედავად დაპირებებისა, მისი საქციელი მუდამ ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა.
ვნებიანი, მტკივნეული, არაერთმნიშვნელოვანი და დამამცირებელი ურთიერთობა თავად დელონმა გაწყვიტა, რომელიც 5 წელს გაგრძელდა. ამ დროს მისი კარიერა უკვე მწვერვალზე იყო. დელონის ცხოვრებაში თაყვანისმცემელთა დიდი არმია გაჩნდა. ამის პარალელურად, რომიც ღრმა, სახასიათო, ძლიერ, დრამატული ტემპერამენტის მსახიობად ყალიბდებოდა. დელონი მას წერილით დაშორდა. წერილში ეწერა: „ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ აეროპორტებში გადავაწყდებოდით ხოლმე“. ეს მისი სტილი იყო - ცივი, ცინიკური, არანაირი პირადი. მალე ის მსახიობ ნატალი ნარტელემიზე დაქორწინდა. რომი შნაიდერი კი მის გარეშე კვდებოდა. ის ყოველდღიურად ებრძოდა საკუთარ გრძნობებს. მას შემდეგაც კი, როდესაც ჰარი მაიენზე იქორწინა, მუდამ იხსენებდა დელონს, „ალენთან გატარებული წლები იყო ველური, გიჟური. ჰარისთან საბოლოოდ დავმშვიდდი“. ამ ურთიერთობაში ის პატივისცემას უფრო ეძებდა, ვიდრე სიყვარულს. მისი ცხოვრების ისტორია სხვაგვარად შესაძლოა წასულიყო, რომ არა 1968 წელს დელონის სატელეფონო ზარი. მან დაარწმუნა რომი და პროდიუსერები, რომ ფილმ „აუზში“ თავისი პარტნიორის როლში მხოლოდ რომის ხედავდა.
იმ დროისთვის ალან დელონი არაერთ წარუმატებელ პროექტში მონაწილეობდა, ამიტომ სჭირდებოდა ძველი დიდების დაბრუნება. ფილმი გამოსვლიდან მალევა გახდა პოპულარული, გაზეთებში რომისა და ალენის ფოტოები იბეჭდებოდა, სადაც ისინი ერთმანეთს ვნებიანად კოცნიდნენ. ალენ დელონმა თავისას მიაღწია და რომის ცხოვრებიდან ისევ გაქრა. ჰარი მაიენმა ცოლის პატიება ვერ შეძლო. ჰარიმ სამუშაო მიატოვა, სმა დაიწყო. რომი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და ისიც ალკოჰოლს მიეძალა. რომის ცხოვრებაში საშინელი ეპოქა დაიწყო. განქორწინება, ახალი ქორწინება, ყოფილი ქმრის თვითმკვლელობა. ის თავის თავში ჩაიკეტა და უარი თქვა სხვადასხვა წინადადებაზე, მათ შორის იყო ფილმები „ქალი და მამაკაცი“ და „უკანასკნელი ტანგო პარიზში“.
ყველაზე დიდი ტრაგედია მსახიობის ცხოვრებაში მეორე ქმართან განქორწინების შემდეგ მოხდა. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად იღუპება მისი 14 წლის ვაჟი. ჭკუიდან შეშლილი რომი მხოლოდ დელონთან ურთიერთობს. რომი შნაიდერი 1982 წლის 30 მაისს გარდაიცვალა. ყველამ იცოდა დიდებული მსახიობის ცხოვრების ტრაგედიის შესახებ და არავის შეეძლო დაჯერება, რომ მას 44 წლის ასაკში გული გაუჩერდა.