დავით დარჩია დაიბადა 1968 წლის 9 დეკემბერს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1994 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. 1995 წელს მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
მშობლები
ჩემი ბიოლოგიური მამა, ვაჟა დარჩია, პროფესიით მსახიობი იყო. მართალია, სცენაზე ცოტა ხანს თამაშობდა და მერე სულ სხვა სფეროში გადაინაცვლა, მაგრამ ეს მისი პროფესია გახლდათ. ხშირად ვხუმრობ, "ჩისტაკროვნი" გურული ვარ-მეთქი, რადგან დედაჩემიც გურულია, გვარად სიხარულიძე. დედა და მამა ერთმანეთს დაშორდნენ და როცა 8 წლის ვიყავი, დედამ მეორე ოჯახი შექმნა. ის ცოლად მსახიობ გურამ ფირცხალავას გაჰყვა. მამობილს ჩემთან ძალიან მეგობრული, უფრო მეტიც - ძმაკაცური ურთიერთობა ჰქონდა. მისი წყალობით, ყველაზე ცნობილი, პოპულარული მსახიობების გარემოცვაში ვიზრდებოდი და მეორე კლასიდან ვიცოდი, რომ მსახიობი გავხდებოდი.
ცოტა ხნის წინ ცნობილ გახდა, რომ დათო დარჩია მეუღლეს 30-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. ამის შესახებ მან გადაცემა "ნიკოლოზის კითხვებში" ისაუბრა:
"ისე მოხდა, რომ ჩვენი ამბავი მშვიდობიანად, ყველანაირი სკანდალის გარეშე დასრულდა. ორივეს ინიციატივა იყო. ბუნებრივია, გულდასაწყვეტია, 25-წლიანი ურთიერთობა ბოლოს ასე დასრულდეს. ეს იმდენად დიდი დროა, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, თუმცა ყველაფერი ხდება. ხომ ვამბობთ ხოლმე, ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსეო და მართლაც ასეა. მეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგაც მინახავს გაშორებულები და რეკორდი არ მომიხსნია .
როცა ადამიანებს შორის სიყვარული განელდება, იქ უკვე ჩნდება მომენტი, რომ ჯობს ცალ-ცალკე ვიყოთ, ორივე მხარე ხვდება ამას. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
რაც უნდა მოხდეს, დაშორების შემდეგ რთული პერიოდი მაინც გექნება. როცა ადამიანთან ამდენი ხანი ცხოვრობ და უცებ შენი ცხოვრებიდან მიდის, რა თქმა უნდა, სიცარიელე რჩება" - ამბობდა დათო დარჩია.