1964 წელს კანის კინოფესტივალზე მიუზიკლის, "შერბურის ქოლგების" პრემიერა შედგა, რომელმაც კინოს ახალი ვარსკვლავი, კატრინ დენევი აჩუქა. ამ დღის შემდეგ ქერა ლამაზმანის სახელი ფრანგული ახალი ტალღის განუყოფელ ნაწილად იქცა.
დიდი ტრაგედია, რომელმაც რომი შნაიდერის გული სამუდამოდ გააჩერა "ქალი და მამაკაცი" - განუმეორებელი ანუკ ემეს ცხოვრება
კატრინ ფაბიენ დორლეაკი 1943 წელს პარიზში დაიბადა. მისი მშობლები, მორის დორლეაკი და რენე სიმონო, მსახიობები იყვნენ. მისი უფროსი და, ფრანსუაზა დორლეაკი, ასევე წარმატებული მსახიობი გახდა.
მიუხედავად მისი ოჯახის კავშირებისა, დენევი თავდაპირველად მოდელად მუშაობდა. მისი დებიუტი კინოში შედგა 13 წლის ასაკში - 1957 წლის ფილმში Les Collégiennes და სწრაფად მოიპოვა აღიარება სილამაზისა და ნიჭის გამო.
სუპერვარსკვლავის სახელი კანის ფესტივალზე მუსიკალური ფილმის, „შერბურგის ქოლგების“ ტრიუმფმა მოუტანა. მომდევნო წელს მთავარი როლი შეასრულა რომან პოლანსკის ფსიქოლოგიურ ტრილერში „ზიზღი“ — განთქმული კინორეჟისორის პირველ ინგლისურენოვან ფილმში. შემდგომ წლებში უფრო განიმტკიცა წამყვანი ფრანგი მსახიობის რეპუტაცია, მუშაობდა მსოფლიოს კინოს ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა ლუის ბუნიუელი და ფრანსუა ტრიუფო. მისი ერთ-ერთი ყველაზე თამამი ნამუშევარი იყო ბუნიუელის ფილმი „შუადღის ლამაზმანი“ (1967). მიუხედავად მრავალრიცხოვანი მოწვევებისა ჰოლივუდში, დენევი ამერიკული აუდიტორიისთვის დღემდე მხოლოდ ფრანგული პარფიუმერიის სარეკლამო რგოლებითაა ცნობილი.
1986 წელს როჟე ვადიმმა გამოაქვეყნა წიგნი, სახელწოდებით "ბარდო, დენევი და ფონდა - ჩემი ცხოვრება მსოფლიოში სამ ყველაზე ლამაზ ქალთან ერთად", მედიას კი განუცხადა: "თუ ეს წიგნი ცოტა ფულს მაშოვნინებს, ეს იქნება ძალიან მცირედი კომპენსაცია იმასთან შედარებით, რაც მე ამ სამ ქალს ვაშოვნინე ჩემი ფილმებით".
1959 წელს როჟე ვადიმმა გადაიღო ფილმი "სახიფათო კავშირები", სადაც მთავარ როლებს ასრულებდნენ ჟანა მორო, ჟერარ ფილიპი და დანიელი მოდელი ანეტ სტროიბერგი. ვადიმის შემდეგი სამიზნე და 1958-61 წლებში მისი მეუღლე ანეტი გახდა. რეჟისორის პოპულარობა იზრდებოდა და იზრდებოდა მისი წარმატება ქალებშიც. მათი შეხვედრის მომენტში დენევს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მსახიობი გახდებოდა, ვადიმი კი უკვე ცნობილი რეჟისორი იყო. ერთმანეთს პარიზში, მონპარნასზე, ღამის კლუბში შეხვდნენ. კატრინი მისი უფროსი დის, უკვე ცნობილი მსახიობის ჩრდილქვეშ იყო, თუმცა ვადიმი ზუსტად მისით მოიხიბლა. მიუხედავად დენევის ოჯახის წინააღმდეგობისა, ის მაინც გადავიდა ვადიმთან საცხოვრებლად, რომელსაც იმ დროს ანეტ სტროიბერგი ჰყავდა ცოლად. სიყვარულით დაბრმავებული დენევი მალე გახდა ვადიმის მუზა. რეჟისორმა გადაწყვიტა კიდევ ერთი ცოლი გაეხადა ვარსკვლავი. მალე ეკრანზე გამოჩნდა ქერა, დახვეწილი ჩაცმულობის, რომანტიკული და იდუმალი გარეგნობის კატრინ დენევი. წყვილს არასდროს უქორწინია. ერთ-ერთი ვერსიით, როდესაც ანეტ სტროიბერგმა შეიტყო, რომ წყვილი ოფიციალურად დაქორწინებას გეგმავდა, ვადიმს დაურეკა და შვილის წართმევით დაემუქრა. ანეტისა და ვადიმის შვილი იმხანად ვადიმთან ცხოვრობდა, გოგონას რეჟისორი და კატრინ დენევი ზრდიდნენ. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რამაც რეჟისორს კატრინზე ოფიციალურად დაქორწინება გადააფიქრებინა. ვადიმის მიერ კინოსცენაზე გამოყვანილი დენევი მალე ფილმ "შერბურის ქოლგებში" მთავარ როლზე დაამტკიცეს, ვადიმთან ქორწინება კი თანდათან გაფუჭდა, თითქოს მან საკუთარი მისია "დენევის ვარსკვლავად გადაქცევისა" შეასრულა. მოგვიანებით ინტერვიუში დენევი კარიერის დასაწყისს ასე გაიხსენებს: "ჩემი წარსული 16-დან 21 წლამდე როჟე ვადიმია". მათი საერთო შვილი კი, კრისტიან ვადიმი, 1963 წელს დაიბადა. მოგვიანებით ვადიმმა დენევის შესახებ თქვა: "დენევის ქორწინება ბრიტანელ ფოტოგრაფზე მხოლოდ ჩემზე გამიზნული შურისძიება იყო". ამ ქორწინებით დენევმა სამუდამოდ დახურა მისი ცხოვრების ერთი ნაწილი, სახელად ვადიმი. (kvirispalitra)
კატრინმა შთააგონა ქალბატონები, თუ როგორ მოერგოთ ბაფთები. მას ფრანგ გრეის კელისაც ეძახიან. დენევის სტილს მილიონობით გოგონა იმეორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბრიჯიტ ბარდომ მისი ინსპირაციით დაიწყო ბაფთების თმაზე მორგება, მადონამაც გაიმეორა მსახიობის ეს ხრიკი, ოსკარ დე ლა რენტამ შავი მკაცრი ბაფთები გამოიყენა გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებისთვის...