ფიზიკოსმა გია დვალმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა:
"IQ-სა და რაღაცებზე რომ გველაპარაკებიან. ის, რაც ჩვენ გვქმნის ადამიანებად, IQ კი არ არის, ადამიანები ჩვენ იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, IQ ChatGPT-ს ისეთი ექნება, საერთოდ არავის რომ არ მოელანდება. ადამიანებად ჩვენ გვქმნის ემპათია. ის, რომ ჩვენ გვაქვს ემპათია მეორე ადამიანის მიმართ და მისი ღირსების მიმართ და ადამიანის ღირსებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ვცემთ პატივს, აი, ეს არის ადამიანობა.
ასეთი საქციელი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რაც ახლა ხდება, ეს გადის ადამიანობის ჩარჩოებიდან, ეს არის უბედურება, როგორ შეიძლება ასეთმა გზამ კატასტროფისკენ არ მიგვიყვანოს. ეს არ არის მთავრობის საქციელი, არცერთ განმარტებაში მთავრობის ეს საქციელი არ ჯდება. ეს არის ვიღაცა ჯგუფის საქციელი, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა გადაჩეხოს" - ამბობს გია დვალი.
გია დვალი
ქართველებისთვის კარგად ნაცნობი და საამაყო მეცნიერი გია დვალი უკვე არაერთი წელია, პროფესიულ საქმიანობას საზღვარგარეთ ეწევა. ქართველი ფიზიკოსი კოლეგებთან ერთად ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ. რა არის ბუნების ის კანონები, რომლებიც სამყაროს ყველაზე ფუნდამენტურ ნაწილაკებს შორის მოქმედებს? რა კანონები მოქმედებდა ადრეულ სამყაროში დიდი აფეთქების მომენტში, საერთოდ არსებობდა თუ არა იმ დროს დრო და რა იყო მანამდე? რა არის სამყაროს მომავალი, არის თუ არა იგი სამგანზომილებიანი და ა. შ. გია დვალი 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მას ჰყავს მეუღლე, თამუნა დვალი. ისინი ორი შვილის, სოფოსა და დავითის მშობლები არიან.
"ჩემი შვილები მინდა, რომ იყვნენ დამოუკიდებლები, თვითონ უკეთ იციან, რაც უნდათ... რამდენჯერაც კორექციას შევეცადე, ყველაფერი უკუღმა გამოვიდა... ვცდილობ, ხანდახან რჩევა მივცე შვილებს, მაგრამ არ ვიცი, სწორია? ორივე ძალიან ცნობისმოყვარეა. ჩემს საქმიანობას სულ ვუზიარებ ოჯახის წევრებს. ჩემი ცოლიც მეცნიერია, ბიოლოგი. სულ მიზიარებს თავის საქმეებს და მეც ვცდილობ, გავუზიარო. ძირითადად, კარგი შტრიხები, რაც აქვთ ჩემს შვილებს, ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ხანდახან პრობლემაა, მაგალითად, მეგობრები ერთად როცა ვიკრიბებით... ყველა ფიზიკოსის მეუღლე ფიზიკოსი არ არის. ხდება ისე, რომ ფიზიკოსები გადაიჭრებიან თავიანთ სამყაროში და ეს ცოტა პრობლემას ქმნის ხოლმე", - ამბობდა გია დვალი.