მადრიდში დაბადებულმა მსახიობმა "ოსკარი" მოიპოვა მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ვუდი ალენის ფილმში - "ვიკი კრისტინა ბარსელონაში". იმასაც აცხადებდა, რომ დრამატული როლები აღარ იზიდავდა. „დრამისადმი ადრე მიზიდულობა მქონდა, ხელოვანი ადამიანისთვის ეს დამახასიათებელია - გრძნობთ, რომ სიბნელის შესწავლის ცდუნება გაქვთ. ახლა ნაკლებად დაინტერესებული ვარ ამით."
პენელოპეს მამა ავტოფარეხის მფლობელი იყო, დედა კი - ქალების სტილისტი. 5 წლის ასაკიდან 9 წლის მანძილზე პენელოპე ცეკვას ეუფლებოდა ეროვნულ კონსერვატორიაში. ამ ხნის განმავლობაში იგი გამოდიოდა ესპანეთისა და ნიუ-იორკის სცენებზე. შემდეგ მანეკენის კარიერა დაიწყო და ჟურნალების გარეკანზე გამოჩნდა. გადაღებულია კლიპებშიც. 14 წლის პენელოპეს მიჰყავდა საბავშვო სატელევიზიო გადაცემა La Quinta Marcha.
პენელოპე კრუსის საერთაშორისო კარიერა უკავშირდება პედრო ალმოდოვარის ფილმს „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“. ამის შემდეგ მსახიობს იწვევენ ინგლისელი, ამერიკელი და ნორვეგიელი რეჟისორები. 2001 წელს კრუსმა ტომ კრუზთან ერთად ითამაშა ფილმში „ვანილის ზეცა“. 2006 წლის კანის კინოფესტივალზე პენელოპე კრუსმა მიიღო პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პედრო ალმოდოვარის ფილმში „დაბრუნება“.
პენელოპე კრუს სანჩესისა და ხავიერ ბარდემის ურთიერთობა, შეიძლება ითქვას, ესპანეთში პიტისა და ჯოლის წყვილზე პოპულარულია.
მათი რომანი შესაძლოა, ჯერ კიდევ 1992 წელს დაწყებულიყო, როცა მსახიობები გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. პენელოპე მაშინ 18 წლის იყო, ხავიერი კი - 24 წლის.
ბარდემის კინოგმირი გაგიჟებით იყო შეყვარებული კრუსის პერსონაჟზე, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მაშინ ასე არ მოხდა. მსახიობები ერთმანეთს 15 წლის შემდეგ, ვუდი ალენის ფილმის გადაღებისას შეხვდნენ. მოგვიანებით თავად ხავიერმა აღნიშნა, რომ დიდი ხანია, მოსწონდა პენელოპე.
ზუსტად როდის დაიწყო მათი ურთიერთობა, უცნობია, თუმცა მსახიობთა რომანის შესახებ პირველად 2007 წელს უცხოურმა ტაბლოიდმა - "Hello!" დაწერა. გამოცემამ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ მსახიობები ერთად მალდივის კუნძულებზე ისვენებდნენ.
2009 წელს, შობა-ახალ წელს წყვილი ბრაზილიაში შეხვდა, პენელოპეს საუკეთესო მეგობრის, მსახიობ სელმა ჰაიეკის ქორწილში, რომელიც 2009 წლის 25 აპრილს გაიმართა. კრუსი და ბარდემი ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობაზე ღიად მაინც არ საუბრობდნენ.
როგორც ოფიციალური წყვილი, საზოგადოების წინაშე ისინი 2019 წელს, Goya Awards-ის ცერემონიაზე წარდგნენ. კანის კინოფესტივალზე დაჯილდოებისას კი, ყველასთვის მოულოდნელად, ხავიერმა სცენიდან პენელოპეს მიმართა:
„შენ წინაშე დიდი ვალი მაკისრია, მე შენ ძალიან მიყვარხარ!“ - უთხრა საყვარელ ქალს ხავიერმა. სულ მალე კი კრუსის წარმომადგენლებმა საზოგადოებას განუცხადეს, რომ წყვილმა ქორწილი მეგობრის სახლში, ბაჰამის კუნძულებზე, ახლობლების წრეში გადაიხადა.
დედაშენს ჰქონდა სილამაზის სალონი, შენ კი ქალების გარშემო გაიზარდე. რა გავლენა მოახდინა ამან ბავშვობაზე?
- ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. სალონში ბევრი რამ ვისწავლე. ხალხის საუბარს ყოველთვის ვისმენდი. როცა რაღაცას არ ამბობდნენ, მინდოდა გამეგო რატომ. იქ ვიჯექი, თითქოს საშინაო დავალებას ვაკეთებდი, მაგრამ მათ ქცევას ვსწავლობდი. ეს რაღაცნაირად პედრო ალმოდოვარის ბავშვობას ჰგავს, რადგან ის ამას თავის სოფელშიც აკეთებდა. იჯდა ქუჩაში დედასთან, დებთან და მეზობლებთან ერთად და უბრალოდ აკვირდებოდა გამვლელებს.
კლასიკური ბალეტის შესწავლა ბავშვობაში დაიწყე. როგორი ურთიერთობა გაქვს ცეკვასთან?
ცეკვამ დისციპლინა მასწავლა. მთელი დღე სკოლაში ვიჯექი და მოძრაობა მჭირდებოდა, ეს ბალეტში აღმოვაჩინე. მრავალი წლის განმავლობაში მინდოდა ბალერინა გავმხდარიყავი.
რთული იყო არჩევანის გაკეთება?
როცა მსახიობობა დავიწყე, ვფიქრობდი, რომ ამ ორი პროფესიის გაერთიანებას შევძლებდი. მერე მივხვდი, რომ არ შემეძლო და ერთი უნდა ამერჩია. სამსახიობო კარიერა უფრო ხანგრძლივია. მოცეკვავის კარიერა მალე მთავრდება: მერე მასწავლებელი გახდები, ან საკუთარ სკოლას ქმნი, ან ქორეოგრაფი ხარ.
თქვენი ურთიერთობა ალმოდოვართან განსაკუთრებული და უნიკალურია.
პედროსთან, საქმე იმაშია, რომ ის გულწრფელია. ყოველთვის სიმართლეს მეუბნება და ჩემგანაც იმავეს მოელის. ასე რომ, როცა გადაღებების პროცესში ვართ, კარგად ვხვდები, რა მოსწონს და რა - არა.