კონსტანტინე გამსახურდია 1891 წელს სოფელ ძველი აბაშაში დაიბადა, სიმონ გამსახურდიასა და ელისაბედ თოფურიძის ოჯახში. კონსტანტინე სიმონის ბოლო, მეცხრე შვილი იყო. მამა შვილების განათლებას დიდ ყურადღებას აქცევდა. სიმონმა კონსტანტინე და მისი უფროსი ძმა ვანო ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში მიაბარა. კონსტანტინემ სკოლა 1904 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ მამამ ქუთაისში წაიყვანა და ძმასთან ერთად ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ჩარიცხა, რის შემდეგაც კონსტანტინე აბაშაში მხოლოდ არდადეგებზე ჩადიოდა.
თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, მწერალი რამდენჯერმე იყო შეყვარებული. პირველი მეუღლე რებეკა ვაშაძე იყო. რებეკა და კონსტანტინე დაახლოებით, ტოლები იყვნენ ასაკით. ისინი ქუთაისში სწავლობდნენ. მაშინ ქალთა და ვაჟთა სასწავლებლები ცალ-ცალკე იყო. კონსტანტინეს რებეკა წლების განმავლობაში უყვარდა და რებეკაც თანაუგრძნობდა. კონსტანტინე გამსახურდია იხსენებდა:
"ერთხელ ვალტერ სკოტის „აივენჰო“ გვქონდა გაკვეთილად. ამ რომანის გმირს ჰქვია რებეკა. როდესაც გაკვეთილის მოყოლისას რებეკაზე დავიწყე საუბარი, გავწითლდი. ბიჭებმა იცოდნენ ჩემი სიყვარულის ამბავი და ფხუკუნი დაიწყეს, რაზეც მე კიდევ უარესად გავწითლდი. მასწავლებელი კი გაკვირვებული მიყურებდა და ვერაფერს ხვდებოდა".
მაშინ, როდესაც კონსტანტინეს რებეკა უყვარდა, კონსტანტინეზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული რებეკას კლასელი – ვერა აბდუშელიშვილი. რებეკამ ეს ამბავი რომ შეიტყო, გადაწყვიტა ვერა ჩამოეცილებინა კონსტანტინესთვის და უთხრა: ვერა შენ დაგცინის, ის ამბობს, რომ კონსტანტინეს ქუსლმოქცეული ფეხსაცმელი აცვიაო. კონსტანტინე აღელვებულა, როდის არის ეს სიმართლეო?! მისულა და გაულანძღავს ვერა აბდუშელიშვილი. მომავალში კონსტანტინე გერმანიაში გაემგზავრა სასწავლებლად, საიდანაც თითქმის ყოველდღე წერილებს სწერდა რებეკას. რებეკა კი ხმამაღლა კითხულობდა ამ ბარათებს, ვერას გასაგონად.
მოგვიანებით ვერა ფსიქიკურად შეიშალა და გარდაიცვალა. რაც შეეხება კონსტანტინეს, მან გერმანიიდან მოსკოვში განაგრძო სწავლა, რის შემდეგაც რებეკაზე დაიწერა ჯვარი. კონსტანტინეს და რებეკას ამ უკანასკნელის მამამ დასწერა ჯვარი, რომელიც მღვდელი გახლდათ. შემდეგ ცოლ-ქმარი გერმანიაში წავიდა. მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. სახელი რებეკა ებრაულად ჟღერს. გერმანიაში კი ანტისემიტიზმის მიმდევრები ყოველთვის ჭარბად იყვნენ. დაიჭირეს რებეკა, როგორც ებრაელი, კონსტანტინე კიდევ, როგორც რუსეთის მოქალაქე და საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. მისი მეუღლე ოჯახმა მალევე დაიხსნა, კონსტანტინე კიდევ 6 თვე იყო იმ ბანაკში. გათავისუფლებიდან ცოტა ხანს კიდევ დარჩა მწერალი გერმანიაში. მოგვიანებით, როდესაც საქართველოში დაბრუნდა, მას და რებეკას შეეძინათ პირველი შვილი – ნათელა. ამის შემდეგ, კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში დაბრუნდა, სადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოში მუშაობდა. გადაწყვიტა, მეუღლეც თან წაეყვანა, რაზედაც ქალის ოჯახმა წინააღმდეგობა გაუწია. ერთხელ ძლივს დავიხსენით და მეორედ ვეღარ გაგატანთ რებეკასო. კონსტანტინემაც კატეგორიული პოზიცია დაიჭირა: ჩემი მეუღლე ჩემთან უნდა იყოსო. საბოლოო ჯამში, ამას მოჰყვა მათი გაცილება. რებეკა 41 წლის ასაკში, ჭიათურაში გარდაიცვალა.
გამსახურდიამ 23 წლით უმცროს მირანდა ფალავანდიშვილზე იქორწინა. მისი ნამდვილი სახელი იყო მათიკო, მირანდა კონსტანტინემ დაარქვა. იგი რეპრესირებული ოჯახიდან გახლდათ. ძველი ტრადიციის მიხედვით, კონსტანტინე ხელის სათხოვნელად მირანდას ბებიას ეახლა, მაგრამ გაწბილებული დარჩა. შე წუწკო, ლამის ჩემი ასაკისა ხარ და ამ ანგელოზს როგორ გაგატანო, - მკაცრად უპასუხა ქალბატონმა და ოჯახის წევრებს მიმართა - სტუმარი გააცილეთო. 1935 წელს 44 წლის კონსტანტინე და მირანდა მაინც დაქორწინდნენ. მათ შეეძინათ ორი შვილი: თამარ და ზვიად გამსახურდიები.
გამსახურდიას უფროსი შვილი, ნათელა, ჭიათურაში იზრდებოდა ბებიასთან და ბაბუასთან. ზოგჯერ ხედავდა ხოლმე კონსტანტინე მას. როცა რებეკა გარდაიცვალა, მან მისწერა ქალიშვილს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოიყვანდა და მამასთან იცხოვრებდა. მირანდაზე ქორწინების შემდეგ, მართლაც ჩამოიყვანა ნათელა და მასთან ოჯახში იზრდებოდა.
მოგვიანებით კონსტანტინესა და მირანდას ურთიერთობა დაეძაბათ. ამ კონფლიქტის ფონზე მწერალმა ახალგაზრდა მსახიობი ქალი გაიცნო.
მწერალი თავის ქალიშვილს, ნათელას, ეუბნებოდა მეგის შესახებ, უნდა გაგაცნო, რა ლამაზიაო. ნათელა თავს იკავებდა. ის მირანდას თანაუგრძნობდა. თუმცა მოხდა ისე, რომ კონსტანტინემ ჯვარი დაიწერა მეგი წულუკიძეზე. ჯვრისწერა სიონში მოხდა. მეჯვარე აკაკი გაწერელია იყო. ჯვრისწერას ესწრებოდნენ შალვა ნუცუბიძე, ალექსანდრე აბაშელი, პაატა გუგუშვილი და მეგის ნათესავები. მწერალმა ნათელას უთხრა: რამდენიმე დღით უნდა წახვიდეო. თუმცა რამდენიმე დღეში კონსტანტინესა და მეგის შორისაც მოხდა კონფლიქტი და ისიც გაუშვა მწერალმა ოჯახიდან. გამსახურდია ცეკაში დაიბარეს:
მაშინ ჯვრისწერა აკრძალული იყო, მაგრამ კონსტანტინემ გამოსავალი იპოვა: „დავით აღმაშენებელში“ ჯვრისწერის სცენა მაქვს აღსაწერი და უფრო რეალისტური რომ გამომსვლოდა, ამიტომ გავაკეთე, თორემ ის ქალი უკვე გავუშვი სახლიდანო. მოგვიანებით მეგი წულუკიძე რეჟისორ სიკო დოლიძის მეუღლე გახდა.