რადიო "ფორტუნას" "ვარსკვლავური დუეტის" სტუმრები ლიზა ყენია და მაია ჯაბუა არიან:
მაია: „თინეიჯერობაში ვერ გემეგობრებოდი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ გაივლიდა დრო და მაგარი მეგობრები გავხდებოდით...“
ლიზა: „მაია ჯაბუა რომ არ ყოფილიყო დედაჩემი, მაინც მომღერალი ან მსახიობი ვიქნებოდი“.
მაია: „ამერიკაში წასვლის მერე ძალიან შეცვლილი ხარ კარგისკენ...“
ლიზა: „შენთვის ბევრი რამ დამიმალავს, მაგრამ მერე მინანია...“
მაია: „ვფიქრობ, ჩემმა სახელმა ხშირად შეგიშალა ხელი. სხვადასხვა პროექტში რომ მონაწილეობდი, უთქვამთ, „ეკუთვნის, მაგრამ მერე იტყვიან, რომ მაია ჯაბუას შვილიაო“.
ყველასთვის საყვარელი მომღერალი მაია ჯაბუა საზოგადოებასა და მედიაში ხშირად ჩნდება. მომღერალი 1962 წლის 8 მაისს დაიბადა. ბევრმა არ იცის, რომ მაია ჯაბუა პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია, თუმცა უნივერსიტეტში მიღებული დიპლომი არასდროს გამოუყენებია.
6 წლის ასაკიდან მღერის. "მზიურში" მისი პირველი გამოჩენა საზოგადოებას კარგად ახსოვს - მაია ჯაბუას მიერ შესრულებული სიმღერა "მეორე ლეგენდა" თითქმის ყველამ ზეპირად იცოდა.
მომღერალი სულ სამჯერ იყო დაქორწინებული - პირველი მეუღლე მსახიობი ლევან ბერიკაშვილი იყო. წყვილმა ერთად 6 წელი იცხოვრა. წყვილს საერთო შვილი, თორნიკე ჰყავს.
"ოჯახის დანგრევაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუკი ისე არ აეწყო ყველაფერი, როგორც ორივეს გვინდოდა და როგორც გვეგონა, იქნებოდა, მერე რა მოხდა?! როცა ხვდები, რომ ძალით ვეღარ შეაწებებ ურთიერთობას, უნდა დაშორდე. თან, ეს მანამდე უნდა მოახერხო, ვიდრე მტრად გადაეკიდები. ასეთ დროს ოჯახს კი არ ანგრევ, არამედ ნანგრევებში ცხოვრება აღარ გსურს.
რაც შეეხება შვილს: არც ის უნდა აცხოვრო ნანგრევებში, მაგრამ ისე უნდა მოიქცე, რომ მამა არ შეაძულო. თორნიკე პატარა იყო, როცა ლევანს დავშორდი. მოვახერხე, რომ იუმორით მიმეწოდებინა მისთვის ყველაფერი. ჰოდა, ამიტომაც არ იქცა ჩემი და ლევანის დაშორება თორნიკესთვის ტრაგედიად. მას მამასთან დღესაც მშვენიერი ურთიერთობა აქვს.“ - ამბობდა მაია ჯაბუა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მაია ჯაბუას მეორე მეუღლე აჩიკო ყენია იყო - -მომღერალს მეორე ქორწინებაში ლიზა ყენია შეეძინა. მესამე მეუღლე კი უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვახტანგ ქუთათელაძე იყო, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს.
„საოცრად მზრუნველი და თბილი ადამიანია. საოცარი იუმორი აქვს და ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. ხომ იცით, ნათქვამია, ბედნიერებას სიჩუმე უყვარსო. ამიტომ მირჩევნია, ჩვენს ურთიერთობაზე არაფერი ვთქვა.
ერთი სიტყვით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე ღირსეული ადამიანი, მე ვისაც შევხვედრივარ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები უყურებენ ასეთ ადამიანს. მისგან ყოველდღე რაღაცას სწავლობ, სწავლობ ადამიანობას, როგორ უნდა მოექცე სხვას, როგორ უნდა აპატიო და როგორ უნდა დაუთმო… ყველაზე საოცარი ისაა, რომ არ არსებობს კითხვა დავუსვა და მან სიღრმისეულად არ მიპასუხოს და არ ამიხსნას ყველაფერი“, – ამბობდა მაია ჯაბუა.
მომღერალს მედიასთან ურთიერთობა არ უყვარს, თუმცა ინტერვიუებში ხშირად ახსენებს, რომ ბედნიერი ქალია:
"ძალიან ბედნიერი ქალი ვარ. ამქვეყნად ტყუილად არაფერი ხდება. განსაცდელიც შენი გამოცდაა... არცერთ განსაცდელს არ დავმალვივარ, ისე ვხვდებოდი, როგორც ამას ჩემი ზნეობა მიკარნახებდა. არ ვიცი, ვინ რას გულისხმობს ადამიანის სიძლიერეში, ჩემთვის კი პიროვნება მაშინ არ ის ძლიერი, როცა მძიმე ვითარებაშიც კი არ იკადრებს იმას, რაც ღირსეულ ადამიანს არ ეკადრება" - ამბობდა მომღერალი.