ზურა ყიფშიძე ჟურნალ „გზის“ ნომერში გამჭვირვალობის კანონის შესახებ საუბრობს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ახლახან მიიღო მესამე მოსმენით.
მსახიობი აღნიშნავს, რომ ზოგადად, ამ კანონის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ არ უღირს:
„აღარ შემიძლია, შვილო, გული მაქვს გახეთქვაზე, საშინელება ხდება ამ ქვეყანაში. არაფერი არ ღირს ახალგაზრდების ჯანმრთელობის ფასად. მე ვეცადე, გავრკვეულიყავი ამ კანონის ავკარგიანობაში, ჩემი შეფასებით, ამ კანონის ქვეყნისთვის მიღება არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. მე არ ვიცი, ვინ რა უთხრა ბავშვებს, ვინ გააგიჟა ასე… ნამდვილად არ ვიქნებოდი კანონის მიღების წინააღმდეგი, მაგრამ აღარ მიღირს, რა! ამ ახალგაზრდებს თუ დახოცავთ და დააავადებთ, ვისთვის ვიღებთ ამ კანონს, ან ეს ქვეყანა ვისთვის გვინდა? ძალიან მეშინია, სამოქალაქო ომი არ მოხდეს, ამას ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. ძალიან ცუდად ვარ, არ ვიცი, ამ ამბავს როგორ გადავიტან…“
ნატალია ყიფშიძე და ზურა ყიფშიძე
ზურა ყიფშიძემ, “ტელეკომპანია პირველის” პირდაპირ ეთერში ნატალია ყიფშიძის მიერ გამოთქმულ აზრს, რომ აქციებზე ყოფნით ის ქვეყნის მომავალს იცავს, კრიტიკულად უპასუხა.
“ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!?” - წერს ზურა ყიფშიძე.
ბაბუის კომენტარს ნატალიაც გამოეხმაურა:
“მეც ნაღვლიანად ვარ, ბა. მოგეწერა ან დაგერეკა, ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები, მაგრამ არ მოგმართავ, განსაკუთრებით, სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად”.
ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი განხილვა და უამრავი კომენტარი მოჰყვა. ნატალია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში აქტიურად მონაწილეობს. ის სხვადასხვა სოციალური ქსელისა თუ ტელეკომპანიის საშუალებით ღიას აფიქსირებს აზრს, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრტიულ მომავალს საფრთხეს უქმნის. ამის გამო, როგორც ჩანს, ის კრიტიკის ობიექტი გახდა და მის ეროვნებასა და წარმომავლობასაც შეეხნენ. ცოტა ხნის წინ კი მან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ოჯახის წევრებსა და საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა. ნატალია წერდა, რომ ნახევრად სომეხია, ნახევრად ქართველი და ამით ამაყობს.