ის პროფესიით ფიზიკოსი იყო და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში კოსმიური სხივების ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. კინოში შემთხვევით აღმოჩნდა და კოლორიტული, სახასიათო სახეები შექმნა: „პირველი მერცხალი“, „ღვინის ქურდები“, „სოფლის აშაკი“, „ყვარყვარე“, „არაჩვეულებრივი რეისი“ და ასე შემდეგ.
„ჩემი კინოდებიუტი ნანა მჭედლიძის „პირველ მერცხალში“ შედგა. გადაღებებზე დოდო აბაშიძის გმირისთვის ცოლი, ფაცია, ვერაფრით შეარჩიეს და მეგობარმა დოდოს საკუთარი ცოლი „ათხოვა“. ასე აღმოვჩნდი დიასახლისი კინოში, რასაც მოგვიანებით სხვა სურათებიც მოჰყვა.
გადაღება ფოთში მიმდინარეობდა. კარგად „შემასწავლეს“ მეგრული და ჩემს შვილებიანად ისეთ სახლში მიმიჩინეს დიასახლისობა, სადაც მასპინძელს ცოლ-შვილი დასასვენებლად ჰყავდა გაშვებული. თვითონაც სადღაც გაიხიზნა. ამ სახლს უშუალოდ ფილმშიც ვიღებდით. მითხრეს, ქვეშაგები გამოიტანე, გაამზეურე და დაბერტყეო. ყოველ დილას მივდიოდი, გამოვიტანდი ქვეშაგებს და გულმოდგინედ გაბერტყვის შემდეგ უკან შემქონდა. მეზობლებს უფიქრიათ, ნეტა ვინ მოუყვანია ამ ჩვენს პეტრეს, აქ რაღაც რიგზე ვერ არის, სამი დღეა, ეს ქალი ლეიბებს ბერტყავს, აუცილებლად მის ცოლს უნდა შევატყობინოთო. რამდენიმე დღეში ერთ სათამაშო ეპიზოდს ვიღებდით და წივილ-კივილით ეზოში ერთი უცნობი ქალი შემოვარდა. მწვდა თმაში და მთელი ქალაქი შემიყარა. თურმე, მეზობლების რჩევით, ფიზიკურად მისწორდებოდა იმ სახლის დიასახლისი. მას ეგონა, რომ ოჯახი დაენგრა და მისი ადგილი დავიკავე. როცა ყველაფერი გაირკვა, ის ქალი ისტერიკულად იცინოდა და თან ბოდიშებს მიხდიდა. გამოტყდა კიდეც, ვიფიქრე, ამ ანგელოზივით ქალს რამ მოაწონა ეს ჩემი ჟანგისფერი, შოფერი ქმარიო”.
***
„ღვინის ქურდების“ გადაღების დროს კახი კავსაძესა და გულჩინა დადიანს შორის ერთი „საინტერესო“ დიალოგი გაიმართა, რომელსაც ბატონი კახი შემდეგნაირად იხსენებს:
„ღვინის ქურდებს“ ვიღებთ, ჩემო ბატონო. ერთხელ გადაღების დროს რომ „სოკის“ ნაცვლად ნამდვილი ღვინო ვსვით ჩუმ-ჩუმად, რომ დავთვერით და რომ ჩავშალეთ გადაღება, იმას როგორ გავამხელ?! მთავარი სხვაა. ლოგინის სცენაში პარტნიორობას ქალბატონი გულჩინა დადიანი მიწევდა. მარნიდან რომ სიმღერის ხმა ისმის, ხომ გახსოვთ? იწყება ეპიზოდის გადაღება და გვიხმობს რეჟისორი.
ქალბატონო გულჩინა, გვეძახიან-მეთქი, შევახსენე. ქალი მაინც ქალია და ჭორაობდა მსახიობ ქალებთან. რომ დავუძახე, კარგ ეპიზოდს „განიხილავდნენ“ და არ ესიამოვნა.
- რაზე გვეძახიან, არ იცი, კახი?
- ლოგინის სცენაა, ქალბატონო გულჩინა, - შევახსენე მოკრძალებით.
- მომეშვი ერთი, თუ კაცი ხარ! - აიბზუა ცხვირი.
- რა ხდება, ქალბატონო გულჩინა? - გამიკვირდასავით.
- კაცო, 25 წელია, ლოგინში ვწევარ და მაგის რეპეტიცია მინდა, ბოშო, მე (25 წლის გათხოვილი იყო იმ დროს)? დავიმორცხვე, მაგრამ ისევ თვითონ „გამომიყვანა“: არა, ისე, ქმრებში ნამდვილად მიმართლებს, ჩემო კახი.
- ვერ გავიგე, ქალბატონო გულჩინა?
- რა ვერ გაიგე, თუ კაცი ხარ? ერთ ფილმში დოდო აბაშიძე იყო ჩემი ქმარი, მეორეში – რამაზ ჩხიკვაძე, მესამეში – კახი კავსაძე. ნამდვილი ქმარი ხომ მყავს და მყავს და რაღა რეპეტიცია მინდა, თუ კაცი ხარ? როცა პირდაპირ გადაღება დაიწყება, მაშინ დამიძახეთ, - მომიგდო, აკისკისებულ ქალებს მიუბრუნდა და ჭორაობა განაგრძო“.
***
დიმა ჯაიანი: „გულჩინა დადიანი ჩვენი უფროსი და იყო. გვეუბნებოდა, დას ნუ მეძახით, ჩემი შვილები ხართო, მაგრამ დოდო ეძახდა დას და ჩვენც ასე მივმართავდით. იცით, როგორ გვივლიდა და გვეპყრობოდა? ისე, როგორც დოდოს – მისი და მისი მეუღლის უახლოეს ძმაკაცს. არადა, მე მაშინ ვინ ვიყავი, არავინ. მხოლოდ ორი როლი მქონდა ნათამაშები, არაფერს წარმოვადგენდი. საჭმელს გვიკეთებდა, გვირეცხავდა, საცვლებსაც კი. გაქათქათებულები გავდიოდით ქალაქში, თვითონ წინ მიგვიძღოდა. საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. მე და გულჩინა რომ დავიწყებდით მეგრულად ლაპარაკს, დოდო გიჟდებოდა, გვეუბნებოდა, გასაგებ ენაზე ილაპარაკეთო. „პირველ მერცხალში“ მრავალი ცნობილი ქართველი კინომსახიობი მონაწილეობდა. გულჩინა დადიანი დოდო აბაშიძის ცოლის როლს თამაშობდა. ერთ დღესაც ქალბატონი გულჩინა „სერიოზულად“ ჩაფიქრდა და კოლეგებს განუცხადა, რომ მათი საქმე საკმაოდ „ცუდად“ იყო. როდესაც „მიზეზის“ დასახელება მოსთხოვეს, „შეწუხებული“ სახით შემდეგი განცხადება გააკეთა: „ნამეტანი ბევრი თავადიშვილი ვართ ერთად შეყრილი და ადრიანი კომუნისტების ეპოქა რომ იყოს, გაციმბირება არ აგვცდებოდა“. შემდეგ კი ფილმში მონაწილე მსახიობების გვარები ჩამოთვალა: დადიანი, აბაშიძე, ჯაიანი, ლორთქიფანიძე..."
წყარო: თბილისელები