ქართველი მსახიობი ნინო თარხან-მოურავი 1965 წლის 20 ივლისს დაიბადა. 1986 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: ეკვირინა სამსონოვნა („სამანიშვილის დედინაცვალი“), ანა („ანა ფრანკის დღიური“), ვიკა ლუბერეცკაია („ამაღამ მგონი იქნება ქარი“), ოფელია („ჰამლეტი“), ადელა („ბერნარდა ალბას სახლი“), ვიოლა („როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე“), ანგელოზი, თანაშემწე („ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი“).
"მსახიობი შემთხვევით გავხდი. დედაჩემმა შეიტანა ჩემი საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში. მე უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი, საერთოდ სხვა რამე მინდოდა, მაგრამ თეატრალურის გამოცდები უფრო ადრე, ივნისში ტარდებოდა, უნივერსიტეტის – აგვისტოში. გავედი და ასე, შემთხვევით ჩავაბარე თეატრალურში. მე დასავლეთევროპულ ენებს ვსწავლობდი და ძალიან მინდოდა დიპლომატი გამოვსულიყავი, მაგრამ არ გამოვიდა" - ამბობდა მსახიობი.
ნინო თარხან-მოურავისა და თემიკო ჭიჭინაძის ოჯახური ცხოვრება 32 წელს ითვლის, მანამდე კი იყო 9-წლიანი მეგობრობა. მყარი ოჯახური თანაცხოვრების პარალელურად, ორივემ მოახერხა, რეალიზებული ყოფილიყო თავის პროფესიაში და მაყურებლისთვის თავი შეეყვარებინა.
"ჩვენ ერთმანეთს ინსტიტუტში შევხვდით, მაგრამ წლების შემდეგ უკვე თეატრში ვიყავით, როცა დაქორწინება გადავწყვიტეთ. ჩვენ ძალიან დიდხანს ვმეგობრობდით. ჩემი მეუღლე ჩემზე ერთი კურსით ქვემოთ სწავლობდა. მერაბ ნინიძე იყო ჩვენი საერთო მეგობარი და სულ ერთად ვატარებდით დროს. სტუმრად დავდიოდით, ვერთობოდით და ასე შემდეგ. ცხრა წელი ვიყავით კარგი მეგობრები და მერე აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა. მივხვდით, რომ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობა არ იყო. „ანა ფრანკის დღიურებში“ ვთამაშობდით ორივე ერთად. მე ანას ვთამაშობდი, თემიკო – პიტერს. ანას და პიტერს ერთმანეთი უყვარდებათ და ამ დროს ჩვენც უცებ მივხვდით, რომ თურმე, ერთმანეთი გვყვარებია. ერთ მშვენიერ დღეს მკითხა, ცოლად ხომ არ გამომყვებიო და მეც ვუთხარი, კი, როგორ არა-მეთქი (იცინის). ეს გადაწყვეტილება მალე მივიღეთ, რადგან ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობდით. მე მგონია, რომ მეუღლეობასთან ერთად, მეგობრებადაც დავრჩით... მთელი ცხოვრება" - იხსენებდა ნინო.
წყვილს ერთი შვილი, ელისაბედი ჰყავს, რომელიც მშობლების პროფესიას არ გაჰყოლია და სამხატვრო აკადემიაში სწავლა აირჩია. მიუხედავად ამისა, მსახიობობა მისთვის უცხო არ არის - ელისაბედი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებშიც" გამოჩნდა, სადაც ეპიზოდურ როლს ასრულებდა.
"ელისაბედი რომ დაიბადა, 25 წლის ვიყავი. დედაჩემმა მთხოვა, თუ გოგონა შეგეძინება, მინდა, ჩემი დიდი ბებიის სახელი დაარქვაო. თხოვნა შევუსრულე და ელისაბედი დავარქვი. მაშინ უკვე თეატრში ვმუშაობდით. ბავშვი 1992 წელს გაჩნდა. ამ პერიოდს დაემთხვა არეულობა ჩვენს ქვეყანაში. არ გვქონდა შუქი, წყალი, არ დადიოდა ტრანსპორტი და თეატრშიც შესაბამისი სიტუაცია იყო. ძირითად დროს შინ ვატარებდი, მაგრამ როცა სპექტაკლი გვქონდა, ელისაბედს ძიძასთან ვტოვებდით, რომელიც არაჩვეულებრივი ქალი იყო. 15 წლის რომ იყო, მსახიობობა უნდოდა. წავიყვანე თეატრში და რეპეტიციებზე დავსვი. დავანახვე, რომ მსახიობობა მარტო სცენაზე გამოსვლა და ტაში არ არის. რეპეტიციების შემდეგ მსახიობობაზე უარი თქვა."