ქართული წარმოშობის ბრიტანელი მომღერალი ქეთი მელუა ანტიჰომოფობიის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. როგორც ადამიანი, რომელსაც 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა და 3 წელი ლგბტ-დ ვთვლიდი თავს, დიდ პატივს ვცემ ანტიჰომოფობიის დღეს.
და, როგორც ადამიანი, რომელიც ჩემი ოჯახის გარეშე ვერ გადავიტანდი ყველაზე რთულ პერიოდს, ასევე დიდ პატივს ვცემ ქართული ოჯახისა და მშობლების დღეს" - წერს ქეთი მელუა სოციალურ ქსელში.
ქეთი მელუა
ქეთი მელუა 1984 წლის 16 სექტემბერს საქართველოში, ქუთაისში დაიბადა. ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან თბილისში გაატარა, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. 1993 წელს, საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ქეთის ოჯახი საცხოვრებლად ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში წავიდა. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინის სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა მაშინ, როცა მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა.
1998 წელს ქეთისთან ერთად ოჯახი რედჰილში, ინგლისში გადასახლდა. "საქართველოდან ემიგრანტების ოჯახი ვიყავით და ვთვლიდით, რომ ბედნიერი ოჯახი ვიყავით, რადგან თავი დავაღწიეთ საბჭოთა კავშირის ჩრდილს და დასავლეთში წამოვედით" - ამბობდა ქეთი მელუა.
ქეთის მუსიკალური კარიერა სწორედ ინგლისში განვითარდა, თუმცა იყო პერიოდი, როცა მას ისტორიკოსობა და პოლიტიკოსობა სურდა. მისი მომავალი ძირეულად შეიცვალა 2000 წელს, როდესაც 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში, სახელწოდებით "Stars Up Their Nose", რომელიც იყო ნაწილი საბავშვო პროგრამისა "Mad for it!". კონკურსზე ქეთიმ შეასრულა Badfinger-ის ცნობილი სიმღერა, სახელწოდებით "Without You" და გაიმარჯვა.ქეთი მელუა დაქორწინებული იყო მსოფლიო ჩემპიონ ჯეიმზ ტოუსლენდზე, თუმცა მათი ოჯახი მალევე დაინგრა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა. "ვერ წარმოვიდგენდი, რომ 36 წლის ასაკში ახლად განქორწინებული ვიქნებოდი და ჯერ კიდევ არ მექნებოდა ის ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ორიოდე ზაფხულის წინ ერთი ადამიანი გავიცანი. პანდემიის დროს, ერთმანეთს, ძირითადად, ონლაინ ვეხმიანებოდით. უნაყოფობის შესახებ ფიქრები კვლავ ამეკვიატა, ამიტომ გავყინე კვერცხუჯრედები, როგორც ბევრი ქალი აკეთებს ამას. მალე პანდემია დასრულდა და ურთიერთობაც განვაახლეთ. ვიცოდი, რომ ახლა შემეძლო მისი გაცნობით სიამოვნება მიმეღო. ერთ დღესაც კი ჩემი აზრი გავუზიარე და ვკითხე, იყო თუ არა მზად მამობისთვის. ხშირად მეუბნებიან, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად 3 თვეა საჭირო, ზუსტად სამი თვის შემდეგ კი გამომიცხადა, რომ მზად იყო" - ამბობდა ქეთი პირად ცხოვრებაზე საუბრისას.