ჯაზ-პიანისტი ჰეიზელ დოროთი სკოტი დაიბადა პორტ სპანში, ტრინიდადში 1920 წლის 11 ივნისს. ის თომას სკოტის და ალმა ლონგ სკოტის ერთადერთი შვილი იყო. სკოტმა მუსიკის ნიჭი ადრეულ ასაკში გამოავლინა. დედამისი მუსიკის მასწავლებელი იყო, ამიტომ მის გაკვეთილებს ხშირად ესწრებოდა.
მალე მშობლები დაშორდნენ და ჰეიზელი დედასთან ერთად ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. ალმა რამდენიმე ბენდში უკრავდა და ცნობილ აფრო-ამერიკელ მუსიკოსებთან მეგობრობდა. მოგვიანებით ჰეიზელი იხსენებდა, რომ დედა მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გავლენა იყო.
დედის მუსიკალურმა კავშირებმა სკოტს საშუალება მისცა რვა წლის ასაკში პრესტიჟულ ჯულიარდის მუსიკის სკოლაში აუდიენციაზე გასულიყო. რახმანინოვის "პრელუდია C-Sharp Minor"-ის შესრულებამ დაარწმუნა პროფესორი ოსკარ ვაგნერი სკოტის "გენიალურობაში".
13 წლის ასაკში შეუერთდა დედის ჯაზ ჯგუფს. 15 წლის ასაკში მისი სოლო დებიუტი შედგა სცენაზე, მალე ბროდვეის გუნდსაც შეუერთდა და 1338 წელს უკვე საკუთარი რადიო-გადაცემა ჰქონდა.
ბროდვეის რამდენიმე სპექტაკლში გამოჩენის შემდეგ, სკოტი გადავიდა ლოს-ანჯელესში და კონტრაქტი გააფორმა RKO-სთან, მთავარ კინოსტუდიასთან. თუმცა, მაშინვე შეეწინააღმდეგა ჰოლივუდის რასისტულ საზღვრებს. მან უარი თქვა შეთავაზებულ პირველ ოთხ როლზე, სადაც მოახლე უნდა ეთამაშა. დაჟინებით მოითხოვდა შესაბამის ანაზღაურებას. მისი სამსახიობო კარიერა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა და 1945 წელს დასრულდა.
სკოტი ნიუ-იორკში დაბრუნდა, სადაც პოლიტიკოს ადამ კლეიტონ პაუელთან გააბა რომანი. 1944 წელს პაუელი გახდა პირველი აფროამერიკელი, რომელიც აირჩიეს კონგრესში. წყვილი მომდევნო ზაფხულს დაქორწინდა, 1946 წელს მათი ვაჟი დაიბადა.
1950 წლის ზაფხულში სკოტი საკუთარი სატელევიზიო შოუს წამყვანი გახდა. ჰეზელ სკოტის შოუ კვირაში სამჯერ, 15 წუთის განმავლობაში გადიოდა. თუმცა, რამდენიმე თვეში პოლიტიკური მიზეზების გამო დახურეს - ჰეიზელ სკოტს კომუნისტებისთვის მუშაობაში დასდეს ბრალი.
1950-იანი წლების შუა ხანებში სკოტი და პაუელი განქორწინდნენ. 1957 წელს ჰეიზელი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და იქ შავკანიან ემიგრანტთა საზოგადოებას შეუერთდა. მისი სახლი აფრო-ამერიკელი მუსიკოსებისა და მხატვრების თავშეყრის ადგილად იქცა. ამ დროის განმავლობაში სკოტი მცირე ხნით იყო დაქორწინებული შვეიცარიულ-იტალიელ კომიკოსზე ეზიო ბედინზე.