"როცა დღეს საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე დაქორწინების, "ოჯახის სიწმინდეზე" საუბარი ცოტა დაცინვა მგონია" - ნინო გაჩეჩილაძე - Marao

"როცა დღეს საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე დაქორწინების, "ოჯახის სიწმინდეზე" საუბარი ცოტა დაცინვა მგონია" - ნინო გაჩეჩილაძე

2024-05-18 11:50:45+04:00

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშრებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს:  

  • "ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, როდესაც ამბობ, რომ ოჯახი შენთვის სიწმინდეა (და ასეც უნდა იყოს ყველა ქრისტიანისთვის) მაშინ უნდა ეცადო, რომ ეს სიწმინდე მაქსიმალურად დაიცვა და შეინარჩუნო! ხოლო, როცა დღეს საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე დაქორწინების, "ოჯახის სიწმინდეზე" საუბარი ცოტა დაცინვა მგონია. განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვინც ყოველ ჯერზე, როცა შესაძლებლობა მიეცემა, ზოგი ცოლს ღალატობს, ზოგი-ქმარს. ფარისევლობა ღმერთისთვის ისეთივე ამაზრზენი ცოდვაა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. ასე რომ, თუ ოჯახი თქვენთვის სიწმინდეა, გაუფრთხილდით ამ სიწმინდეს" - წერს ნინო გაჩეჩილაძე. 

ნინო გაჩეჩილაძე 

კინოსა და თეატრის მსახიობი, უმშვენიერესი ნინო გაჩეჩილაძე, 1980 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ქალაქ თბილისის № 100 საჯარო სკოლა და მე-2 მუსიკალური შვიდწლედი. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. ნინო ასევე დაინტერესებულია ფოტოგრაფიით და გავლილი აქვს ფოტოგრაფიის კურსი გურამ წიბახაშვილთან.

  • ცნობილი სახეების პოზიცია - ნინო გაჩეჩილაძე, თაკო ნაცვლიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ნატალია ყიფშიძე და სხვები  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ შესახებ 
  • ნინო გაჩეჩილაძის შთამბეჭდავი ფოტოები და 44 წლის იუბილე 

წლების მანძილზე ნინომ თეატრის სცენასა თუ კინოში არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. გარდა "ჩემი ცოლის დაქალებისა", მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "წვრილვარსკვლავთა ღამე“, "ტაქსი“ და სხვ. თეატრში კი მისი გამორჩეული როლები შემდეგ სპექტაკლებს უკავშირდება: სემუელ ბეკეტის „ბედნიერი დღეები“, დოსტოევსკის „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“, ლაშა თაბუკაშვილის „თოვლივით თეთრი თოვლი“, ვაჟა-ფშაველა „გველისმჭამელი“, ბერტოლტ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“, ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“, ლევ ტოლსტოის „ჰაჯი-მურატ“, ლევან წულაძის და სანდრო ელოშვილის „მთვრალი ალუბალი“, ვაცლავ ჰაველის „წასვლა“ და სხვ. 

44 წლის მსახიობი ამბობს, რომ ცხოვრებაში სიყვარული მხოლოდ ერთხელ ეწვია. "თაყვანისმცემლები კი ყოველთვის მყავდნენ, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ მაქვს, კატოსგან განსხვავებით. ის შეყვარებული უკვე წარსულს ჩაჰბარდა, ორი წლის წინ დავშორდი. ჩემს მშობლებს არ მოსწონდათ ის ბიჭი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოქმედებდა ჩემზე. როდესაც ამ საკითხში მშობლის კურთხევა არ გაქვს, ძალიან ძნელია, მაგრამ სანამ მე თვითონ არ დავინახე, რომ ჩემები მართლები იყვნენ, მანამდე არ გადავდგი დაშორების ნაბიჯი.

დღეს მიმაჩნია, რომ კარგად მოვიქეცი, რადგან ამ ფაქტის შემდეგ ჩემთვის დაიწყო ბევრად საინტერესო ცხოვრება შემოქმედებითი თვალსაზრისით", – ამბობდა მსახიობი.

მის თქმით, პირად ცხოვრებაში რაც უფრო მეტი დათმო, უფრო მეტი შეცდომა დაუშვა: “რაც უფრო მეტი დავთმე, თუნდაც პირად ცხოვრებაში, მით მეტი შეცდომა დავუშვი. ადამიანმა, ამ შემთხვევაში ქალმა, როცა იცის, რომ მართალია, პირველ რიგში საკუთარ თავთან და მერე სხვა ადამიანთან, არ უნდა წავიდეს დათმობაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ვიღაცა სხვას ასიამოვნოს ამით. თითქოს მე ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მაგრამ გარშემო ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გინდა“, - ამბობს ნინო გაჩეჩილაძე.