ზურა ბერიკაშვილის დისშვილი ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
ანო აღნიშნავს, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა გაიმეტონ.
„ჩემს საყვარელ ბიძას ვუყურებდი ახლა ერთი საათი თვალებში. გახელილ თვალებში, რომლებიც ვერ ხედავენ. ვერ ველაპარაკები, არ შემიძლია. იქნებ სულ ერთი წამით იმაზე დაფიქრებამ, რამხელა ბედნიერებაა მზერა ადამიანის თვალებში, თუნდაც ერთი ადამიანის ცნობიერებაში შეცვალოს რამე.
რაღაცნაირად იქნებ სასიკვდილოდ არ გავიმეტოთ ერთმანეთი, არც სიტყვით, არც მუშტით, არც გაზით, არც არაფრით. საკუთარ თავთან რომ ვრჩებით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოს და ბოლოს? ქოცებო, ნაცებო, რობოკოპებო, რაინდებო, მღვდლებო, ახალგაზრდებო და ძველგაზრდებო, გულანთებულებო, გულნატკენებო – ადამიანებო, ალავერდს თქვენთან ვარ,“- წერს ანო მაისურაძე.
ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობა
შეგახსენებთ, რომ ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ცნობილია, მსახიობს ცოტა ხნის წინ მოულოდნელად გული გაუჩერდა. ამის შესახებ საზოგადოებას მისმა დამ, მანანა ბერიკაშვილმა აცნობა. ზურა ამ დროისთვის მკურნალობას გადის და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ზურა ბერიკაშვილი ლეგენდარული ქართველი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის ვაჟია. გივი ბერიკაშვილი 1933 წელს კოლაგში, გურჯაანის რაიონში დაიბადა, 2017 წლის 10 აპრილს კი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. 4 წლის იყო, როდესაც მამა ჭლექით გარდაეცვალა, 27 წლის ასაკში. დედასაც გულის თანდაყოლილი მანკი ჰქონდა.
მოგონებები მამაზე
„მე რომ გავჩნდი, გივი უკვე გივი იყო. ბავშვობისას ქუჩაში რომ გამოვყავდი, მივხვდი, რომ ყველა რაღაც სხვანაირი დამოკიდებულებით უყურებდა. სპექტაკლები სამი წლიდან მახსოვს, ჯერ კიდევ რუსთავის თეატრში მუშაობდა...
დედაჩემს ექიმთან არ მივყვებოდი, გვერდში მამა თუ არ მყავდა. თუ სადმე გასაყოლი იყო, გივის გარეშე არაფერს ვაკეთებდი. პატარაობიდან ვიცოდი, რომ ჩემი იმედი იყო.
მერე უკვე ცოტა აღარ მსიამოვნებდა, რადგან 15 წუთის მისასვლელ ადგილას მივდიოდით 2 საათი, ყველასთან გაჩერდებოდა, ისაუბრებდა, ყველას მოუსმენდა, რაღაცას ჩაიწერდა, რა უჭირდა ხალხს. ახლაც კი გივის სული ბევრ რაღაცაში მეხმარება.
ქუჩაშიც, ნებისმიერ სიტუაციაში რომ გავივლი, მეუბნებიან – ვაიმე, ვაიმე, როგორი მამა გყავდაო. თან მერიდება.
ასეთი საჩუქარი გაგონილი არ გექნებათ: ერთხელ, ახალ წელს, სახლში მოვედი, ვიქეიფე. პირველი რიცხვია, საღამოს სუფრა გაშალეს და ცალკე დევს ერთი შამპანური და ბევრი 10-თეთრიანი დიდი პარკით. დედაჩემს ვკითხე, რა მოხდა-მეთქი? ლიფტის მომსახურების ბიჭებმა მიულოცეს გივის ახალი წელი და ეს აჩუქეს, დახურდავებაზე რომ არ ეწვალაო. ამას რომ ვყვები, არ მიჯერებენ ხოლმე“, - იხსენებდა ზურა ბერიკაშვილი მამაზე, გივი ბერიკაშვილზე.