მეორე დღეს ექიმთან წავედი კონსულტაციაზე. მუცელი გამუდმებით მტკიოდა და ნიამ მაიძულა, ექოსკოპია გადამეღო. ერთ ძალიან ცნობილ რადიოლოგთან უზარმაზარი რიგის ბოლოში ჩავდექი. ჩემ წინ ორი ქალი იდგა, ერთი შედარებით ასაკოვანი იყო მეორეზე, აშკარად ერთად იყვნენ მოსულები, მათ წინ კი ახალგაზრდა გოგო ელოდა თავის რიგს. მუცლის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, სადაცაა უნდა ემშობიარა. ჩემდაუნებურად მათი საუბრის შემსწრე გავხდი.
ეს გოგონა, უზარმაზარი მუცლით, ეკითხებოდა მის უკან მდგომ ქალს, მერამდენე თვეში იყო.
- მეოთხე თვეში ვარ, სქესის გასაგებად მოვედით. - უთხრა ახალგაზრდა ქალმა და გაუღიმა.
- ორი კვირის წინ ვიყავით და არ გამოჩნდა. - დაუდასტურა თანმხლებმა ასაკოვანმა ქალმა. მათ წინ მდგომი, ისევე, როგორც მე, უცებ გაერკვა სიტუაციაში და სხარტად ჰკითხა:
- პირველი ვინ გყავთ?
საუბარში ისევ ასაკოვანი ქალბატონი ჩაერთო.
- ორი გოგონა გვყავს. ღმერთი თუ ინებებს, იქნებ ბიჭი იყოს ეს მაინც, მესამეზე დარჩენა მაგის გამო გარისკა.
ბოლო სიტყვები საშინლად არ მესიამოვნა. "ეს მაინც" რაღა ჯანდაბა იყო, ესე იგი, ის ორიც იმის ხათრით გააჩინა, რომ "იქნებ რომელიმე ღვთის ნებით" - როგორც თვითონ იტყოდა, ბიჭი ყოფილიყო. გამეცინა, რა მარაზმი იყო მათგან ღვთის ხსენება, იმ დროს, როცა თუ ოდნავ მაინც გწამს ღმერთის, ისიც უნდა ირწმუნო, რომ სწორედ ღმერთის ხელი ურევია ბავშვის ჩასახვაშიც და მისი სქესის არსებითობაშიც. ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს და მათი რიგიც დადგა, ჩემ წინ შევიდნენ და 15-20 წუთის შემდეგ გამოვიდა ეს ორსული ქალი, სახე ისეთი იმედგაცრუებული ჰქონდა, მაშინვე მივხვდი, თავისი შვილის ფეხებ შუა საინტერესო ვერაფერი აღმოეჩინა. ცნობილმა რადიოლოგმაც კი ვერაფერი უშველა ამ ამბავს.
- გოგოა. - მორცხვად უთხრა ასაკოვან ქალს, თან რომ ახლდა და გარეთ მოუთმენლად რომ ელოდა. ცოტაც და, მგონი, მწუხარებისგან ცრემლები ჩამოსცვივდებოდათ. არავის მოსვლია თავში აზრად, ეკითხა, ჯანმრთელი იყო თუ არა, ან რაიმე ღირებული, მაგალითად, რამდენი იყო სავარაუდო სიგრძე და წონა.
ღმერთმა უწყის, რამდენი იდგა შვილის ნატრული ამ რიგში, ვისთვისაც მთავარი იყო, მის საშვილოსნოში ლობიოსმარცვლისოდენა ლაქა შეემჩნია ექიმს, რომ სიხარულისგან ეტირათ, ეს ორი ქალბატონი კიდევ, დიახ, თავადაც ქალბატონები განიცდიდნენ, რომ მესამე შვილიც გოგო აღმოჩნდა, თითქოს ქალად დაბადება რაიმე საჯელი ყოფილიყოს.
კაცებისგან მიკვირდა ის აჩემება, რომ ბიჭი უნდოდათ მაინცდამაინც, ეს ღრმად ფესვგადგმული და დამკვიდრებული გამოთქმებიც ქართულ სადღეგრძელოებსა და დალოცვებში ხომ მხოლოდ ბიჭებს ეკუთვნით, მაგალითად, "ბიჭიანობას გისურვებთ", ანდა "წლისთავზე ბიჭი გაგეგორებინოთ", კიდევ "გვარის გამგრძელებელი მოგცეთ ღმერთმა".
აქ ყველგან ბიჭი იგულისხმება, ცხადია, ვაჟი, რომელიც საქართველოში რატომღაც ოჯახების უმეტესობისათვის გოგონაზე მეტადაა სასურველი, ღირებული და აუცილებელიც კი. მამებიც ხომ ძირითადად ამაყობენ იმით, რომ ბიჭი "გააკეთეს", თითქოს ამას განსაკუთრებული კაცობა ან შესაძლებლობები სჭირდებოდეს.
კაბინეტის კარი ფრთხილად შევაღე. რატომღაც ცნობილი ექიმების და, ზოგადად, პიროვნებების მიმართ შიში დამჩემდა. როგორც წესი, უხეშები არიან და ლაპარაკის დროს თვალს გარიდებენ, რომ გაგრძნობინონ, აქ ვინ არარაობაა და ვინ მაგარი ტიპი, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისი აღმოჩნდა, ერთი ჩია, ნახევრად მელოტი შავგვრემანი კაცი იჯდა, თბილი ღიმილით შემეგება და ჩემს სქესობრივ ცხოვრებაზე რამდენიმე თამამი შეკითხვაც დამისვა, არაფერი იყო საგანგაშო, საბედნიეროდ. მცენარეული მედიკამენტები გამომიწერა და სახლში გამომისტუმრა.
საღამოს დედამ დამირეკა, ნათესავი დაგვეღუპაო და მთხოვა, ერთი-ორი დღით სახლში წავსულიყავი. მეორე დილითვე წავედი. რაც უფრო ვშორდებოდი გუგას და ვეღარ ვხედავდი, მით მეტად ვგრძნობდი საკუთარი თავის მიმართ რაღაც გაურკვეველ სიძულვილს. მიწერა აღარ მინდოდა. ერთი პირობა ვიფიქრე, ტელეფონს გამოვრთავ-მეთქი.
სახლში მისულს დედამ დაკითხვა მომიწყო, ოჯახს როდის ქმნიო, სახლი აქვს თუ არა ცალკეო, ქორწილს სად გადაიხდითო... რაზე ლაპარაკობდა ეს ქალი, წარმოდგენა თუ ჰქონდა, რომ უტა ჩემ ცოლად მოყვანას არც ფიქრობდა და მისი ქალიშვილი სხვა კაცს ეკეკლუცებოდა უტას პარალელურად. ცხადია, არ ჰქონდა. დარწმუნებული იყო, მისი აღზრდილი გოგონა უფრთო ანგელოზი იყო და ქორწილის ღამემდე ხელს არავის დააკარებინებდა, ისევ მისი აღზრდის პრინციპებიდან გამომდინარე.
მხოლოდ ის ვუთხარი, რომ დაქორწინებას ჯერ არ ვფიქრობდით და ოთახიდან გავეცალე. არ ესიამოვნა. აშკარად მიხვდა, რაღაც რიგზე რომ ვერ მქონდა. უკან გამომყვა და ტაქტიკა შეცვალა, მოფერება დამიწყო და ცხელი ჩაი შემომთავაზა.
უაზროდ დაბნეული ვიყავი. იმაზე ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა. გუგა არ მიყვარდა და რომც მყვარებოდა, უტას ნათესავთან ღია რომანს ვერ გავაბამდი, თან მას შემდეგ, რაც მე და უტას მდიდარი სექსუალური ცხოვრება ერთად გვქონდა გამოვლილი. გუგას ოჯახს, ცხადია, ეცოდინებოდა, ვინც ვიყავი და ამის გამო არასდროს მიმიღებდნენ. მშობლების პოზიციიდან მართლებიც იქნებოდნენ, გულწრფელად რომ ვაღიარო.
უტა... დარწმუნებული არ ვიყავი არაფერში, არც იმაში, რომ ოდესმე ერთ ბუდეში ვიცხოვრებდით, და არც იმაში, რომ ეს ბუდე ისეთი სიმყუდროვით და სიყვარულით იქნებოდა სავსე, როგორზეც ვოცნებობდი ოდესღაც. სრულიად გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი. საოცარი ის იყო, რომ უტასთან დაშორებას, ყველაფრის მიუხედავად, არ განვიხილავდი.
იმ დღეს არ მიმიწერია გუგასთვის და ისიც არ მინდოდა, რომ თვითონ მოეწერა. აქ, ყველაფრისგან შორს თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. მეორე საღამოს მაინც მომწერა.
GUGA: "რატომ არ მწერ უკვე მეორე დღეა, წახვედი და "დამიკიდე", არა?!"
პასუხის მიწერა არ მინდოდა. არც ვიცი, რა მაიძულებდა მეპასუხა, მაგრამ მაინც ვუპასუხე.
ELI: "როგორ ხარ? არ მეცალა, რომ მომეწერა"
GUGA: "კაი, ვიცი მე, როგორც არ გეცალა"
პასუხი აღარ დამიბრუნებია, ყოველ წამს იმას ვფიქრობდი, რომ მიმეწერა, ეს სიგიჟე დასრულებულია და ამ თამაშიდან გავდივარ-მეთქი, მაგრამ ვერ ვწერდი. ცხადია, მის გრძნობებს ვუფრთხილდებოდი. ეს იყო ერთ-ერთი რეალური მიზეზი იმის, რომ წერტილს არ ვსვამდი. ერთხელ მითხრა, ძალიან ძლიერი ქალი ხარო. ამ თამაშში რომ ავყევი, ამიტომ თუ კიდევ სხვა რამის გამოც, არ ვიცი და მგონი, სწორად გამოიცნო, ჩემი ყოველი წუხილის უკან იდგა ის ფიქრები, რომ ვინმე თუ გაიგებდა ამ ყველაფერს, აუცილებლად მოკლავდნენ. ყოველთვის ამაზე ვფიქრობდი და მხოლოდ დროდადრო, ჩემს თავზე. თუმცაღა არ მიყვარდა, ნამდვილად არ მიყვარდა.
თბილისში რომ დავბრუნდი, უტა ვნახე. გავისეირნეთ და ლაპარაკისას მითხრა: ძმაკაცებთან ერთად უნდა წავსულიყავი სამი დღე დასასვენებლად და რაღაც პროექტის გამო ვერ წავედიო. გუგა წასულა მარტო. ის რომ ახსენა, დამბურძგლა. ერთი წამი გავიფიქრე, რაღაც ხომ არ გაიგო და მცდის-მეთქი, მაგრამ საუბრის თემა მალევე შეცვალა და დავმშვიდდი. სახლში აღარ მივყვებოდი, ვეუბნებოდი, ვერ ვარ კარგად და ჩემს სახლში ყოფნა მირჩევნია-მეთქი. არც მაძალებდა არაფერს, უპრეტენზიოდ მაცილებდა სახლამდე. იქნებ მერჩივნა, გაეპროტესტებინა; იქნებ მერჩივნა, დაეძალებინა, ჩამძიებოდა, რატომ ვიყავი ცუდად, მაგრამ ასე არასოდეს იქცეოდა, იქნებ ეს მაკლდა, მისი გადაჭარბებული ზრუნვა, მისი ეჭვიანობა, მისი სიტყვები... სიტყვები, რომლებსაც ვერაფრის საფასურად ვერ ვეღირსე.
სამი დღე აღარც გუგას მოუწერია. გამოგიტყდებით და ამან დამამშვიდა, მაგრამ ვერ მოვისვენე, არ მეთქვა, რასაც ვფიქრობდი და მივწერე:
ELI: "ხომ გეუბნებოდი, რომ ყველაფერი გადაგივლიდა, მართალი ვყოფილვარ, ტყუილად წარმოიდგინე თავი ტანჯულ რომეოდ"
პასუხი... პასუხი გასაოცარი აღმოჩნდა.
GUGA: "მართალი ხარ, მე ასეთი ვარ, ყველაფერი ადვილად მერევა და მერე ადვილად მივლის, მაგრამ შენც გადაგიარა... სანამ მე გადამივლიდა, მანამდე შენ გადაგიარა, ასე არ იყო?"
თავბრუ დამესხა. ქალღმერთს, რომლადაც სულ ცოტა ხნის წინ თავი წარმომედგინა, "ღმერთ" გამოაკლდა და ისევ მხოლოდ "ქალ" დარჩა. კაცი კი, რომელმაც აგერ, ამ რამდენიმე დღის წინ წარმოიდგინა, ჩემ გამო კოცონზე როგორ წვავდნენ, კოცონს ამაყად დააფსა და მშვიდად გააუვნებელყო. თავს საშინლად დამცირებულად ვგრძნობდი. საკუთარი უმართავი ემოციების და სისუსტის გამო შევუქმენი წარმოდგენა, რომ მიყვარდა, მხოლოდ იმიტომ, რომ თავი ყოვლისშემძლე მომნუსხველ ქალად მეგრძნო და ეიფორიის გავლის შემდეგ კიდევ იმიტომ, რომ მას არ ეგრძნო თავი ცუდად. ამაზე ცვაიგის "მოუთმენლობა გულისა" გამახსენდა რატომღაც, სადაც ის წერს:
"ორნაირი თანაგრძნობა არსებობს: პირველი – სულმოკლე და სენტიმენტალური, რომელიც არსებითად სხვა არა არის რა, თუ არა მოუთმენლობა გულისა, ანუ ცდილობს, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს სხვისი უბედურებით გამოწვეული სიმძიმისგან. ეს თანაგრძნობა კი არა, სხვისი უბედურებისგან ინსტინქტური თავდაცვაა. მეორე – ჭეშმარიტი, არასენტიმენტალური, მაგრამ ქმედითი თანაგრძნობაა, რომელმაც იცის, რა უნდა და მზადაა ყველაფერს გაუძლოს, ვიდრე სასოება წაერთმეოდეს და მას შემდეგაც კი..."
ჩემი ქცევა სხვა არაფერი იყო, თუ არა უტვინოდ გაწეული თანაგრძნობა, რომლის მსხვერპლიც აშკარად მალევე აღმოვჩნდი.
გამწარებულმა ვუპასუხე:
ELI: "წესით, უნდა გეყოს იმდენი კაცობა, რომ შენი წასვლა მაინც საკუთარ თავზე აიღო"
GUGA: "იცი, სადაც უნდა დამაჭირო წიხლი... ვერაფერს ვიტყვი, მართალი ხარ"
ყველაფერი წავშალე ტელეფონიდან. ერთსაათიანი ქუჩაში ბოდიალის შემდეგ შვება ვიგრძენი. ბოლოს და ბოლოს, კაცისთვის, რომელთანაც სარეცელს ვიყოფდი, თვალებში შეხედვის მაინც აღარ შემრცხვებოდა. ხომ ასიათასჯერ მინდოდა წერტილი დამესვა ყველაფრისთვის, თან ისე, რომ არაფერი სტკენოდა გუგას, ჰოდა, თვითონ ისევ არ უფიქრია ჩემზე, ახლაც მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრა და დამასწრო ის, რაც აქამდე წესით, მე უნდა გამეკეთებინა.
გაგრძელება იქნება