რა დამავიწყებს ამ შავ გაზაფხულს,
ბედი უბედურს სხვას რაღას უზამს,
ვსტირი სიცოცხლით კუბოს დამარხულს,
გაუხარებელ დაფლეთილ მუზას.
ეს ლექსი ტიციან ტაბიძემ თავის მუზას და კიდევ არაერთი პოეტის შემოქმედების წყაროს, თამუნია წერეთელს მიუძღვნა, ქალს, რომელიც სიოცხლეშივე იქვცა ლეგენდად. თუმცა, ტიციანის მსგავსად, მარტივი ცხოვრება არც თამუნიას გამოუვლია.
მისი ბავშვობა გასაბჭოების პერიოდს დაემთხვა. წერეთლებისა და ბაგრატიონ-დავითაშვილების ოჯახები რეპრესიებისა და დევნის მსხვერპლნი გახდნენ, ნათესავთა უმრავლესობა დაუხვრიტეს, სხვებმა თავს გაქცევით უშველეს. ასე დარჩა პატარა თამუნია დედის, ნიცა ბაგრატიონ-დავითაშვილის ანაბარა.
დედა-შვილს შიმშილით სიკვდილი ელოდა, რომ არა ერთი ბედნიერი შემთხვევა:
თამუნიას, 21 წლის ულამაზეს ქალიშვილს, მაშინ უკვე დამთავრებული ჰქონდა წმინდა ნინოს სასწავლებელი, შესანიშნავად იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური ენები. ეს კი იმ დროს იშვიათი და მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად ამისა, სამსახური ვერსად იშოვა. ოჯახს ძალიან გაუჭირდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა კომერსანტი დავით ქებაძე, რომელსაც, როგორც ჩანს, ბორჯომის წყლების რეალიზაციის საქმე ებარა. 1925 წელს დავითმა რუსთაველის პროსპექტზე მინერალური წყლების პავილიონი გახსნა და სამუშაოდ 4 ულამაზესი გოგონა მიიწვია. მათ შორის იყო თამუნია წერეთელი. ამ ამბავმა მაშინვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ახალგაზრდა მშვენიერი გოგონები, გარკვეულწილად, მარკეტინგული გათვლა იყო უფრო მეტი კლიენტის მისაზიდად. მაღაზიაში ნაყინიც იყიდებოდა. როგორც ცნობილია, ერთხელაც იქ ტიციანი შევიდა და თამუნია წერეთლის სილამაზე მისი შთაგონების წყაროდ იქცა...
"თამარი თბილისის ქუჩების ეშხი და სილამაზე იყო, მისი გამოჩენა და ასტყდებოდა ქუჩებში ჩოჩქოლი, აგერ, თამუნია წერეთელი მოდისო. გვიყვარდა. პოეტური სული ჰქონდა. პოეზიის დიდი პატივისმცემელი იყო. როცა არ შევაღებდით კარს, იგი ყოველთვის თავისი მომაჯადოებელი ღიმილით გვხვდებოდა."
პოეზიის სიყვარული თამარს უთუოდ აკაკი წერეთლისგან მოსდევდა. თამუნიას მამა, ბეჟან წერეთელი, თავის დროზე ძალიან ცნობილი პიროვნება იყო და მასთან აკაკის ახლო ურთიერთობა ჰქონდა. აკაკი წერეთელი თამუნიას ნათლიაც იყო.
ამ დროს ტიციანის მეუღლე ნინო მაყაშვილი ბორჯომში ისვენებდა. ქმარმა მას დაუყოვნებლივ თბილისში ჩასვლა სთხოვა. ტიციანმა მეუღლე მუზის სანახავად მაღაზიაში მეორე დღესვე წაიყვანა. ქალიშვილის სილამაზით ნინოც კი აღფრთოვანებულა და ტიციანისთვის უთქვამს, მე აქ საჭირო აღარ ვარ და ბორჯომში დავბრუნდებიო.
თამუნია ცოლად გაჰყვა ძალიან საინტერესო პიროვნებას, სატირის თეატრის დამაარსებელს, იურისტს, მსახიობს - ნიკოლოზ კახაძეს. 1929 წელს ქალიშვილი, რუსუდანი შეეძინა. მოხდა ისე, რომ თამუნიას სიცოცხლის გადასარჩენად მისთვის ფეხის მოკვეთა გახდა საჭირო. ეს მოხდა ზუსტად მისსავე დაბადების დღეს, 16 მარტს. საავადმყოფოდან თავისმა დეიდაშვილმა, ვანო მაჩაბლის ქალიშვილმა, ელენემ, თავის სახლში წაიყვანა. მასთან მოინახულა ტიციანმა თამუნია. ეს იყო ძალიან მძიმე, მწუხარე შეხვედრა. ცნობილია, რომ ამ ფაქტმა ტიციანს ცალკე ლექსების წყება შეაქმნევინა...1934 წლამდე მათი ურთიერთობები აღარაა ცნობილი. თამუნიამ ცხოვრების უდიდესი დრო სარეცელზე მიჯაჭვულმა გაატარა და 1968 წელს გარდაიცვალა.