პოპულარული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ტასოს როლის შემსრულებელი ქეთა ორბელაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბავშვია. 4 წლის ასაკში მისცეს ეს როლი, დღეს კი მან კლასელებთან ერთად სკოლის ბოლო ზარი დარეკა და ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ მის ფოტოებსა და ვიდეოებს ბევრი დადებითი კომენტარი მოჰყვა. წერენ, რომ "ტასო" მათ ხელში გაიზარდა და უკვე დიდი და წარმატებული გოგოა. როგორც ქეთა რამდენიმე წლის წინ ამბობდა, პროფესიული განათლება სამართლის მიმართულებით სურს მიიღოს და საერთაშორისო სამართალზე, "ჯავახიშვილში" ჩაბარებას აპირებდა.
"ბევრს გასჩენია ასეთი კითხვა. უი, "თეატრალურზე" არ აბარებ? ჩემი პასუხით გაკვირვებული რჩებიან. ისე, ახსნაც არ მაქვს, რატომ არ ვაბარებ. უბრალოდ, არ მინდა და ეს არის... დაინტერესებული ვარ ადამიანებთან, ხალხთან კომუნიკაციით და არაერთი საკითხით... საერთაშორისო სამართალში ბევრი რამ არის გაერთიანებული - იურისტობა, დიპლომატია. მოკლედ, ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ძალიან მიზიდავს და მაინტერესებს", - ამბობდა მაშინ მსახიობი.
ტასო - ქეთა ორბელაძე
ქეთა ორბელაძე, შეიძლება ითქვას, მართაც გაიზარდა მაყურებლის ხელში, ეკრანზე. სერიალი რომ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ალბათ, გასაკვირი არ იქნება:
"მთელი ცხოვრებაა... საერთოდ კი, უამრავი ადამიანისგან შემდგარი ერთი ოჯახია. როგორც იცით, ბევრი შრომა სჭირდება თუნდაც ერთი პატარა ეპიზოდის გადაღებას. ამ ყველაფრის უკან უამრავი ადამიანი დგას და რამდენი წელია იმისთვის მუშაობს, რომ მაყურებლამდე ის პროდუქტი მიიტანოს, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს. ადამიანები რომ მხდებიან, მეუბნებიან, გუშინ ჩემს ტელევიზორში იყავი და ასე მგონია, რომ ჩემს სახლში, ჩემს შვილებთან ერთად გაიზარდე...
ხალხისთვისაც დიდი ოჯახი ვართ და ეს ჩემთვის ძალიან დიდი რამ არის. ცხოვრებაში უდიდეს მოტივაციას მაძლევს და შინაგანად მაძლიერებს, თან ამდენი ხალხის სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ.
ჩემი როლის მორგება, გარდასახვა, ჩემი თავიდან სხვა ადამიანში გადასვლა - ეგ მომენატრა ძალიან... ბევრი სერიალის პერსონაჟებს ჩვენთან აიგივებს. ამას, ალბათ, ის განაპირობებს, რომ დღე და ღამე ტელევიზორში გვიყურებენ და უკვე კარგავენ ზღვარს, რეალობა ჰგონიათ... ჰგონიათ, რომ რაღაც ამბავს ადევნებენ თვალს. ჩემთვის უკითხავთ - ტასოსნაირი ხარო? არ ვარ ტასოსნაირი. შეიძლება ოდნავ რაღაცით მაინც ვგავდე, მაგრამ მე ქეთა ვარ..." - ამბობდა ქეთა.