ერთ დროს ქართველ გოგონებს ნატვრა ჰქონდათ: ღმერთო, მომეცი ბედნიერი ცხოვრება, კარგი მეუღლე და ისეთი ლამაზი გამხადე, როგორიც სოფიკოაო! კოლეგები “ცისარტყელას” ადარებდნენ იმდენად კაშკაშა, არაორდინარული და მრავალფეროვანი იყო. მისი ცხოვრება ბავშვობიდანვე ლეგენდებში იყო გახვეული. სოფიკომ იცოდა, რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობდა, მამამ დედას პირველი კოცნის სამახსოვროდ აუშენა. კულისებიდან უყურებდა გენიალურ ვერიკოს და უკვირდა, რა დიდიაო სცენა. მერე, როცა სცენა ისე დიდი აღარ ეჩვენებოდა, ქართულ ხელოვნებაში კიდევ ერთი ლეგენდა დაიბადა... - წერს მარჯანიშვილის თეატრი გენიალური მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის შესახებ.
სოფიკო ჭიაურელს 21 მაისს 87 წელი შეუსრულდებოდა. კინომცოდნე ზაკ მირიანაშვილი სოციალურ ქსელში აქამდე უცნობ კადრებს აქვეყნებს, სადაც სოფიკო გია ყანჩელის ცნობილ მუსიკას, "საით მიდიხარ" ასრულებს: "დღეს სოფიკო 87 წლის გახდებოდა - რამხელა ხიბლი მოიტანა და აქ დატოვა ჩვენთან, მისი წასვლის შემდეგაც. ხანუმას ეს მისეული ინტერპრეტაცია აქამდე არ ვიცოდი.ფრანგულ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე, სადაც ფარაჯანოვზე ჰყვება. 2006 თუ 2007 წელია. იქ ამბობს, ამ ბოლო დროს მივხვდი, სასწრაფოდ უნდა გადავიღო დოკუმენტური ფილმი ფარაჯანოვზე ან წიგნი დავწერო, თორემ მე რომ წავალ ამ ქვეყნიდან, იმდენი ამბავი დაიკარგება, იმდენი ისტორია გაქრება, რაც მარტო მე ვიცი და მე მინახავსო.1 წელიწადში გარდაიცვალა ამ ინტერვიუდან. ვერ მოასწრო, წაიღო დიდი და პატარა ამბები თან... ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული და მახსენდება საიათნოვადან მისი ფრაზა, ქართულად ნათქვამი: "შენ გარდახვედი ამა ქვეყნიდან და ჩვენ, მცხოვრებმა მზის ქვეშ მოგიმზადეთ პარკი აბრეშუმისა, რათა საიქიოს პეპელად აღმოფრინდე".
სოფიკო ჭიაურელი საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ უამრავი ადამიანისთვის საყვარელი მსახიობია. მას შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“ საერთაშორისო კონკურსებზე. ის ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა ორი ძმა - ოთარი და რამაზი.
სოფიკო ჭიაურელი გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 70 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.
სოფიკო ჭიაურელი იხსენებდა, რომ მას სახელი დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ დაარქვეს:
"ჩემი დაბადების დღე, 21 მაისი, წმინდა ელენეს ხსენების დღეა. დედას უნდოდა, ჩემთვის ელენა დაერქმია, მამას კი სოფიას დარქმევა სურდა. საბოლოოდ, როდესაც ერთი თვე შემისრულდა, მამამ ორი ფურცლის ნაგლეჯზე დაწერა ეს სახელები და ჩაყარა ქუდში. ქუდი მომიტანა და ხელი ჩამაყოფინა. მე ქუდიდან ამომიღია ფურცელი წარწერით - სოფია. და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს სახელი ამოვიღე, რადგან სოფია - ეს სიბრძნეა” - ამბობდა მსახიობი.
სოფიკო რომ სცენაზე დღესასწაულს აწყობდა, ამაზე არავინ დავობს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მისი სახლი ფიქრის გორაზე შეკრებებისა და მხიარულების, კულტურული საღამოების მთავარი კერა იყო იმ დროს. ამ სახლის მთავარ დიასახლისს შესანიშნავად გამოსდიოდა სტუმრების მანსპინძლობა და არაერთი ცნობილი, მნიშვნელოვანი პირიც მიუღია სახლში. მეგობრებისა და კოლეგებისთვის კი სოფიკოსთან შეკრება ერთი დიდი ზეიმი იყო.
"დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როცა გავიცანი. მან და კოტემ მალევე მიმიწვიეს სტუმრად სახლში, ფიქრის გორაზე… სულ მგულშემატკივრობდა და უხაროდა ჩემი გადაწყვეტილება, რომ კლასიკას დავუკავშირე შემოქმედება. მახსოვს, სტუმრად სახლში ლეგენდარული მეცო ჰყავდა და დამირეკა, ნინო, მოდი, შენ უნდა იყო ამ საღამოს ჩემთან და კლასიკა უნდა იმღეროო… მე სულ რაღაც 19 წლის ვიყავი და მას კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საოპერო მომღერალი სტუმრობდა. გული გადამიქანდა... როგორ გავბედო და მის წინაშე როგორ ვიმღერო-მეთქი, ვუთხარი… მაინც დამარწმუნა, ღიმილითა და სითბოთი ისე მესაუბრა, რომ თავდაჯერებაც შემმატა… მივედი და ვიმღერე კიდეც. ამ შეხვედრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ჩემს მომავალზეც, რომელზეც ბევრად უფრო სერიოზულად დავიწყე ფიქრი, რადგან მისმა სტუმარმა შემაქო და ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო… მადლობა ამ დიდი სიყვარულისთვის, უანგარო ურთიერთობისთვის, ნიჭიერებისთვის, ადამიანობისთვის, უბრალოებისთვის და, ამავდროულად, სიდიდისთვის ამ საოცარ ქალბატონს, რომელიც სამუდამოდ დარჩა და ოქროს ასოებით ჩაიწერა ჩემს და კიდევ ბევრი ადამიანის გულში. სოფიკო ჭიაურელი... განუმეორებელი და ნამდვილი ბრილიანტი“, - იხსენებდა ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო სურგულაძე. ასეთი, ალბათ, კიდევ ბევრი შემთხვევა ყოფილა...