შუაღამისას გამეღვიძა. წამები დასჭირდა იმის გაცნობიერებას, სად და რატომ ვიყავი. გახურებული სხეული უსიცოცხლოდ ავითრიე საწოლიდან და შუბლი გაყინულ ფანჯარას მივადე.
სიცივემ წამიერად გამიყუჩა ყოველგვარი ტკივილი, მაგრამ მხოლოდ წამიერად და შემეშინდა, რომ ჩემს არეულ ფიქრებსა და ტკივილებს გაყუჩება აღარასდროს ეწერა. ყველაზე მეტად მაინც იმის მეშინოდა, რომ ოდესღაც, ჩემივე გაკეთებული არჩევანი ცხოვრებას დამიმახინჯებდა, თუმცა გულის სიღრმეში, მგონი, სწორედ ამ დღეს ველოდი.
თავში ათასჯერ გატარებულ კადრებს ხელახლა ვატრიალებ, მერე რომელიღაც კადრს შენელებულად ვამეორებ და სისხლის თბილი ნაკადი თავიდან ფეხებისკენ მთელი ძალით მიექანება. ეს განცდა... ეს ყველაფრისგან განსხვავებული განცდაა და გულს მიკლავს იმაზე ფიქრი, რომ ოდესღაც შეიძლება ვეღარ განვიცადო.
კადრებს ვამუქებ, ყველაზე თბილ მომენტებს ვგლეჯ მოგონებებიდან და ვცდილობ, კიდევ ერთხელ ვიგრძნო იგივე... თბილი ნაკადი ისევ მუცლისკენ მიექანება და შემდეგ მთელ სხეულში იშლება. ერთიანად ცივ მინას ვეკვრი და ეს სიცივე ჩემს სხეულში აბობოქრებულ ცხელ ტალღას ერთიანად უერთდება და მამშვიდებს, წამიერად, მაგრამ მაინც...
დილით გუგამ მომწერა, საღამოს შეხვედრა შემომთავაზა, მაგრამ გასვლის თავი არ მქონდა. დილიდან უტა ამეკვიატა და მის გარდა, ვერაფერზე ვფიქრობდი. ეს ოხერი კედლებიც ყველანაირად მხოლოდ მას უკავშირდებოდა. გუგას შევთავაზე, სახლში ამოსულიყო. იმის თქმა, რომ ცუდად ვიყავი - ვერაფრით შევძელი, თანაც, ამაში საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი ჯერ.
თავი მოვიწესრიგე და გადავწყვიტე, დავმტკბარიყავი იმით, რომ თავისუფალი ვიყავი და ვისაც მინდოდა, იმას შევხვდებოდი. გუგა რომ ამოვიდა, შევეცადე, მხიარული გამომეტყველება მიმეღო. დაჯდა თუ არა, თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა და მაშინვე მკითხა, გუშინ რა გააკეთეო. ყველაფერი იცოდა, ეჭვი არ მეპარებოდა. წინ დავუჯექი. ორივე ხელი მომკიდა ხელებზე და ლოყასთან მიიტანა.
- მგონი, იცი უკვე. - მოკლედ ვუპასუხე.
- არ უნდა გეჩქარა. - ხმადაბლა შემომაპარა და ჩემმა რისხვამაც არ დააყოვნა. ინსტინქტურად ფეხზე წამოვიჭერი და ხელები ხელიდან გამოვგლიჯე.
- თქვენ რა, ორივემ გააფრინეთ? - ვიყვირე და თავი ვეღარ შევიკავე, მთელი დღე ნაგროვები ემოციები ტვინში მომაწვა და თვალებიდან ნიაღვარივით გადმომსკდა.
- ორივეს გხვდებოდით, გუგა. გიფიქრია, ამ დროს რას განვიცდიდი? გიფიქრია, შენიდან რომ მივდიოდი, რას ვგრძნობდი? რომ თვალის გასწორება მიჭირდა უტასთვისაც, ნიასთვისაც, ყველასთვის... მაგრამ არა... რა ძალა გადგა, ახლაც შენზე ფიქრობ... ამ წუთასაც, მიდი, მითხარი, რომ ჩემთან მაინც ვერ იქნები, რომ ჩაგქოლავენ და დაგწვავენ, გუგა, მიდი, დაიწყე მოთქმა.
- გაჩუმდი რა... - იღრიალა გუგამ. - შენ ვერ ხვდები, ხო?! იქნებ ეს შენ არ აცნობიერებ, რა გველოდება. თუ გგონია, შენ თავზე გადაგისვამს ხელს ვინმე?! უნდა ხვდებოდე, რომ ეს თავისუფალი ევროპა არაა და არც აღვირახსნილი ამერიკა. ეს საქართველოა, აქ კაცებს არაკაცობას სიცოცხლის ბოლო წამამდე არ პატიობენ. თუ აცოცხლეს, ცხადია, ეგეც იმ შემთხვევაში.
ლამის გული გამისკდეს, ისე ცუდად ვარ, რომ ლამის მოვკვდე. მგონი, ვხვდები, რა წერტილამდე მიდიან, რომ შემდეგ გიჟდებიან.
- რამდენი ხანია, რაც ფიქრობ, რომ აღვირახსნილად ვიქცევი?
- სიტყვებზე მეკიდები ახლა, ელი. იმის ახსნას ვცდილობ, რომ თქვენ წლებია ერთად ხართ და ახლა ჩვენი ურთიერთობის გამო სიგიჟე იყო თქვენი დაშორება, თან მაშინ, როცა ჩვენს ურთიერთობასაც არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ამ გრძნობებს ჩვენში მოვკლავდით. რატომ დგამ ისეთ ნაბიჯებს,რომ თავი ცუდად ვიგრძნო?
- იმიტომ დავშორდი უტას, რომ ვთვლიდი, ჩემგან ასეთ მოქცევას არ იმსახურებდა, შენ არაფერ შუაში ხარ.
არ დამიჯერა, ცხადია. ჩემკენ წამოვიდა და შეეცადა, ჩამხუტებოდა. ახლოს არ გავიკარე.
- აზრი არ აქვს ახლა შენთან დალაპარაკებას. წავალ, შენ დაისვენე და აწონ-დაწონე ყველაფერი.
- მშიშარა ეგოისტი ხარ. - ვუთხარი და თვალებში შევხედე. ერთი წამი თვითონაც გაჩუმდა, მერე შემობრუნდა კართან მისული და ბოროტად მომახალა:
- ელი, მე იმ მდგომარეობაში არ ვარ, რომ დაგპირდე თეთრ სახლს ცისფერი დარაბებითა და დიდი ეზოთი, სადაც მწვანე მოლზე ჩვენი შვილები ითამაშებენ. უნდა ხვდებოდე.
რამდენი რამის თქმა მინდოდა. მინდოდა, მეკითხა, თვითონ თუ ხვდებოდა, რას აკეთებდა, ვნებამორეული რომ მიყვებოდა თავის გრძნობებზე; რაზე ფიქრობდა, რომ მხვდებოდა..
ყველაფერი ჯანდაბას, მაგრამ რა უფლებით მიკითხავს ახლა ლექციას ისე, თითქოს მართალი ადამიანია და უფლება აქვს, მე მასწავლოს რამე. ღმერთმა უწყის, მეც მაბრალებს ყველაფერს. იმდენი რამის თქმა მინდა, რომ უცებ ყველაფერი აზრს კარგავს და ვხვდები, რაც უნდა ვუთხრა, მაინც ვერ ვეტყვი იმას, რასაც იმსახურებს. ან იქნებ იმიტომ ვერ ვიღებ ხმას, რომ თავადაც არანაკლებ დამნაშავე ვარ და ვგრძნობ, რა სულმოკლედ მოვექეცი საკუთარ თავსაც კი.
გუგა კარს უკან უჩინარდება. ოთახი, სადაც მტოვებს, ნაცრისფერი ხდება და კედლებიდან ყრუ გუგუნი ისმის, მაგრამ ნათლად ვხედავ ნაცრისფერ ფონზე თეთრ სახლს ცისფერი დარაბებით - რომელიც არ იქნება.
რომ მეღვიძება, ვხედავ, ნია დგას კართან, კუთხეში და ლოცვას კითხულობს. რა ხანია, მის ხელში ლოცვანი აღარ დამინახავს. მგონი, ხვდება, რომ ცუდად ვარ და რადგან ამის მიზეზს არ ვეუბნები, ცდილობს, ლოცვით მიხსნას.
არადა, რწმენა გვარიანად შევურყიე ჩემი ურწმუნო განცხადებებით. საწოლიდან წამოდგომას გებულობს და ჩემკენ ბრუნდება.
- ჩემს თავთან რომ არ დაამღერო ეგ "მანტრა" დილაუთენია, სხვაგან ადგილს ვერსად ხედავ?!
- აღმოსავლეთი შენ სხვა მხარესაც გეგულება?! - ლოცვას წყვეტს და მეკითხება ირონიულად.
მეღიმება, ვდგები საწოლიდან და კარისკენ მივდივარ. კართან მისული მისკენ ვბრუნდები და ირონიულადვე ვპასუხობ:
- თუ ღმერთი ყველგანაა, რა მნიშვნელობა აქვს, აღმოსავლეთით იქნები შებრუნებული ლოცვისას თუ სამხრეთით. ლოცვა ყველგან უნდა შეგეძლოს, საწოლშიც კი, ნებისმიერ მხარეს გადაბრუნებულს, თავშლის გარეშე და ტრუსების გარეშეც კი... ღმერთმა ხომ შიშველი შექმნა ადამიანი, არ მესმის, რა საჭიროა ამდენი წესის დაცვა.
ჯერ მისმენს ნია, მერე სკამზე ჯდება და ნაძალადევად მშვიდ გამომეტყველებას იღებს.
- კარგია საუბრისას თავდაჯერებულობა, ელი, მაგრამ როცა ეს თავდაჯერება ადამიანის ცოდნის ფარგლებს სცდება - სიბრიყვეში გადადის.
მიწასთან ცდილობს გამასწოროს ჩემი სიტყვების გამო.
- თავდაჯერებული რომ ვიყო, ალბათ, კარგი იქნებოდა, თუმცა ლოგიკური უფრო ვარ. არც ესაა ცუდი, მაგრამ არჩევანის წინაშე რომ დავმდგარიყავი, თავდაჯერებულობას ავირჩევდი.
- დილიდან მჭევრმეტყველებ. შენი აუტანელი და მეტ-ნაკლებად სარკაზმული იუმორის ატანა იმედია, მთელი დღეს არ მომიწევს და უტა წაგიყვანს სადმე.
- არ მოვა, ნია... აღარ მოვა, დავშორდი... თუ დამშორდა... რა მნიშვნელობა აქვს, დედააზრი ერთია.
- რა დააშავე? - მეკითხება გაბრაზებული სახით.
- აუცილებელია, მე დამეშავებინა რამე?
- ელი, მე მგონია, რომ შენში დედაშენის გენები და ენა მძლავრობს და შენ დააშავე. გამოცდილება და ის, რომ კარგად გიცნობ, მაიძულებს, ასე ვიფიქრო.
კართან მისული უკან ვბრუნდები და საწოლზე ვჯდები. რა იქნებოდა, მოყოლა შემეძლოს ყველაფრის, მაგრამ გამორიცხულია. ვერც წარმომიდგენია რა შეიძლება დაემართოს, ეს რომ მოვუყვე.
- მის სიჩუმეს ვეღარ ვუძლებდი. როგორც ქალი, სრულიად ცარიელი ვიყავი, ნია. მე მჭირდება, რომ თავდაჯერებული ვიყო, თავს სრულყოფილ ქმნილებად ვგრძნობდე. უტასთან ეს არ გამომდის.
ჩუმად ზის და მისმენს. მგონი, ნაწილობრივ მიგებს.
- მე რასაც ვხედავდი, უსაზღვრო სიყვარულით გიყურებდა და გექცეოდა, ელი. მარტო ის ხომ არ არის, რას გეუბნება. რასაც მოინდომებდი, ყველაფერზე ტყავიდან ძვრებოდა.
- მართალი ხარ, მაგრამ მე მეტი მინდოდა. მართალია, არაფერს ვაკეთებდი განსაკუთრებულს, მაგრამ ყოველთვის ვახსენებდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
- ჩემზეც? - თვალებს ჭუტავს და გამომცდელად მიყურებს ნია.
- რა თქმა უნდა, არა. ცოტას ვატყუებდი, მაგრამ ნეტა თვითონაც მოვეტყუებინე ხანდახან, იქნებ აქამდე არ მივსულიყავით. წავედი, ტუალეტში გავალ და მერე წყალს დავადგამ, ჩაი დავლიოთ.
- კარგი აზრია, მიდი. - მთანხმდება ნია. - საღამოს გაბრიელს ,,დაბიდუბი" აქვს და ახლა არ გააფუჭო ყველაფერი, ხომ იცი, გელოდება და უნდა წამოხვიდე. - მეუბნება და სევდიანად მიღიმის. მგონი, გული სწყდება უტაზე.
- წამოვალ, სახლში გავაფრენ.
საოცარია, როგორ მიეწყობა ხოლმე მოვლენები ერთმანეთს. ზოგჯერ ვიღაც რაღაც ისეთს ამბობს, რომ გგონია, შენზე ყველაზე ინტიმური დეტალებიც კი იცის. თავს ისე გაგრძნობინებს, თითქოს გაშიშვლებს.
გაბრიელთან მისი ორი მეგობარი დაგვხვდა. სხვათა შორის, პირველად ვხედავდი ორივეს. წინა დაბადების დღიდან მხოლოდ მისი ნათესავები მეცნო. სულ, ალბათ, ოცი კაცი ვიქნებოდით სტუმრიან-მასპინძლიანად. თამადის გვერდით აღმოვჩნდი. ჩემ მოპირდაპირედ ერთი ბიჭი იჯდა, ალბათ, ოცდაათს გადაცილებული, დაბალი ტანის, მოზრდილი წვერით. რომ დავინახე, დიდად არ მეპიტნავა, მაგრამ ახლოს რომ აღმოვჩნდი და მის საუბარს ყური მოვკარი, დამაინტერესა. რელიგიაზე საუბრობდა ძირითადად და ცხოვრებისეულ მოვლენებს სახარებიდან ამონარიდებს უკავშირებდა. საერთოდ, დაკვირვებული ვარ, როდესაც ვინმე ზედმიწევნით ერკვევა რელიგიურ საკითხებში და საფუძვლიანად აქვს შესწავლილი სახარება და ბიბლია, ნებისმიერ საკითხზე განსხვავებული და გამაოგნებლად ჭკვიანური მიგნებები აქვს.
თამადა დიდი ხნის ნაცნობი იყო ჩვენი. აგერ, უკვე მეხუთე დაბადების დღე იყო, უცვლელად თამადობდა და დიდად შეხმატკბილებული დიალოგები მახსოვდა ჩვენი წინა შეხვედრებიდან. ცოტა მორცხვი იყო, მანამდე, სანამ ორ-სამ ჭიქას დალევდა. შემდეგ იწყებოდა პოლემიკა საჭირბოროტო თემებზე. სხვათა შორის, კარგად ახსოვდა ჩვენი ბოლო კამათი, რომელმაც დილის ექვს საათამდე გასტანა. ნასვამმა მკითხა: ახლა გვერდით იმიტომ მიზიხარ, რომ შარშანდელის გამო ანგარიში გინდა გამისწოროო. ანგარიშგასასწორებელი არაფერი მჭირდა, სიმართლე უნდა ითქვას და საკმაოდ მწარე კომენტარებს ვუპირისპირებდი მის გულუბრყვილო, მაგრამ ჯიუტ გამოსვლებს. ერთი-ორი ფრაზა გაიხსენა და ამ ახალგაზრდა, წვეროსანი ყმაწვილის დაინტერესებაც შევძელით, როგორც აღმოჩნდა.
- რაზე იკამათეთ? - იკითხა.
- რაზე და შეიძლება თუ არა სოფელში ქალი იყოს ბედნიერი. სოფლური ტვირთის მატარებელ ქალებს ვგულისხმობდი, ვენახი, ძროხა, სათოხნი... - დავასწარი პასუხის გაცემა. - გაეღიმა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
- ისმის კითხვა, საერთოდ თუ არის შესაძლებელი ქალი იყოს ბედნიერი?! - სიმართლე გითხრათ, მოულოდნელობისგან პირი დავაღე. გულში გამკრა, რომ ამანაც რაღაც იცოდა ჩემზე. რა დროულად ჩართო ეს ფრაზა ჩვენს პოლემიკაში.
- ვერ ჩავწვდი კითხვის არსს? - წავიგრძელე კისერი და შევეცადე, შეძლებისდაგვარად მივახლოებოდი, რომ მისი პასუხიდან არაფერი გამომრჩენოდა.
- ამას სერიოზულად არ ვამბობ, ცხადია, მაგრამ ნაწილობრივ ასეცაა. ქალს ღმერთმა სხვა ტვირთი დააკისრა. არსებითად, ოჯახური სიმყუდროვე და სიმტკიცე სხვაზე არაფერზეა დამოკიდებული, თუ არა ქალზე. დღევანდელ ქალებს გენდერობა დიდად საინტერესო თემად მიგაჩნიათ და სინამდვილეში შესაძლოა ფიქრობდეთ -თანასწორობა კაცთან სახარბიელო რამეა. მე თუ მკითხავ, ქალი ბევრად აღმატებულია კაცზე, მას ღმერთმა კაცზე დიდი და მნიშვნელოვანი როლი დააკისრა.
- შვილების გაჩენას გულისხმობთ?
- ამასაც... კაცი ზოგადად განიხილება, როგორც ძლიერი სქესი, მაგრამ სხვა კუთხიდან შევხედოთ. უფალმა ჩანასახის გამოზრდა და შემდეგ მისი მოვლინება ავადმყოფური ტკივილების ფასად ვის დააკისრა?! ქალს. იმ საკითხში, რომ ქალსა და კაცს თანაბრად ევალებათ ოჯახური სიწმინდის დაცვა, ვთანხმდებით, ხომ ასეა?!
თავს ვუქნევ მორჩილად და ის განაგრძობს.
- მაშ, რატომ ხდება, რომ კაცს მეტად ეპატიება ადამიანური თვალთახედვით ღალატი - ვიდრე ქალს?!
- ვინ თქვა, რომ კაცს ეპატიება? მე პირადად არ ვაპატიებდი. - ვამბობ და მაოცებს საკუთარი სითავხედე. განა სხვა რამეს ვაკეთებდი ბოლო ერთი თვის მანძილზე?!
- ისეც ხდება ზოგჯერ, ქალსაც ბეზრდება რუტინა და ერთფეროვნება და ,,ადიულტერი" იპყრობს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კაცების ძირითადი ნაწილი ამით ცდილობს ღალატის გამართლებას. თუმცა, გამოცდილებიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კაცების ბევრად დიდი პროცენტი ღალატობს, ვიდრე ქალების. რატომ, თუ იცი?
- იმიტომ, რომ ქალი მეტად თავშეკავებულია. - თავს მიქნევს და ჩაძიებას აგრძელებს.
- და რატომ მერე?
- ალბათ, გენეტიკურ კოდში უდევს ასე.
- სულაც არა, ყველას ბუნებაში თანაბრად დევს ლტოლვა საპირისპირო სქესისადმი, მაგრამ ქალის სიამაყე, პატიოსნება, ღირსება და ყველაფერი, მისი თავშეკავების ინდიკატორით განისაზღვრება. ამიტომაა, რომ კაცის ღალატს, როგორც წესი, მხოლოდ ვიწრო ოჯახური წრე განიხილავს და ქალს ერთხმად მოუწოდებენ, რომ ,,კაცის ერთი გასეირნების გამო" ოჯახი არ დაანგრიოს, მაშინ, როცა ქალის ღალატზე მსჯელობს, ვისაც ყური მიუწვდება, ყველა და ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ეს ქალი "მოსაკვეთია" ოჯახიდანაც, სანათესაოდანაც და სამყაროდანაც. - ასრულებს და ეღიმება. მე კიდევ მინდა ცოტა ხანს კიდევ მელაპარაკოს. იშვიათად თუ შემხვედრია მსგავსად მოსაუბრე კაცი.
- მაგრამ თუ მაინც უღალატა ქალმა? თუ შეცდა და უღალატა, შენც ფიქრობ, რომ მოსაკვეთია?
ჯერ ფიქრდება, მერე თავს მაღლა სწევს, ტუჩებს ერთმანეთს აწებებს, დროს იგებს რომ კიდევ ერთხელ გაიაზროს და ოდნავ მოგვიანებით მპასუხობს:
- გააჩნია, რამდენად ინანებს.
- გამოდის, რომ შემიძლია დავაშავო და ვინანო, მერე ისევ და ისევ და მეპატიება კაცთანაც და ღმერთთანაც.
- სახელი შემახსენეთ...
- ელენე.
- ელენე, როგორც ჩანს, ჯერ არაფერი ჩაგიდენია ისეთი, რომ გენანა; ან ჩაგიდენია, მაგრამ ჯერ არ გინანია, რადგან არ იცი, რა არის ჭეშმარიტი სინანული. სამყაროში ამაზე ამოუხსნელი ტკივილი და განცდა არ არსებობს. ამიტომაცაა, ვინც ნანობს ნამდვილი სინანულით, ის აღარ შესცოდავს მსგავსად აღარასდროს. გიფიქრია, რა კავშირია სინანულსა და მონანიებას შორის? ოდესმე თუ ინანებ რამეს, მაშინ მიხვდები, რატომ პატიობს ღმერთი ადამიანს, თუ ის გულით ინანიებს.
კიდევ მინდა გააგრძელოს მაგრამ გაბრიელი გვაწყვეტინებს.
- მანდ რა ხდება, ცალკე სახელმწიფო ხართ? - გვიღიმის უკვე ოდნავ შემთვრალი. ორივე ვჩუმდებით, მაგრამ დროდადრო მაინც ვახერხებთ, ერთმანეთს აზრები გავუზიაროთ. ის თვრება და სამჯერ აღნიშნავს ჩემ წამოსვლამდე, რომ სასიამოვნო ადამიანი ვარ და რომ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს აუცილებლად.
გაგრძელება იქნება